საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1348(კ-19) 4 მარტი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ზ. დ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - დისკრიმინაციის მსხვერპლად აღიარება, დისკრიმინაციის შედეგების
აღმოფხვრა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:ზ. დ-ემ 2017 წლის 8 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: აღიარებული იქნეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად და მიენიჭოს კანონით გათვალისწინებული ყველა უფლება და შეღავათი; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 13 მაისის N... პ/შ ბრძანება; დაევალოს მოპასუხეს აღადგინოს მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე და ჩაუთვალოს მას განვლილი პერიოდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობის სტაჟად; დაეკისროს მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის 133 თვეზე - 89110 ლარის ოდენობით, ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 670 ლარის ოდენობით; დაეკისროს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფულადი კომპენსაციის სახით 2000 ლარის და მორალური ზიანის სახით 50 000 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ზ. დ-ის სარჩელზე, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების, ფულადი კომპენსაციის გაცემისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება, დაუშვებლობის მოტივით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება ზ. დ-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ზ. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
2018 წლის 3 მაისს ზ. დ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: აღიარებულ იქნეს დისკრიმინაციის მსხვერპლად; აღმოიფხვრას ზ. დ-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ყველა ფორმა და კანონდარღვევა; უზრუნველყოფილ იქნეს ზ. დ-ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა; აღმოიფხვრას დისკრიმინაციის შედეგები, რომელიც დაკავშირებული იყო ზ. დ-ის პოლიტიკურ (სახელმწიფოებრივ) პოზიციასა და შეხედულებასთან, ზ. დ-ეზე კანონით დაკისრებული ვალდებულებისა და მინიჭებული უფლებების ჯეროვნად შესრულებასთან; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2005 წლის 24 ნოემბრის N7/1/5-4312 განკარგულება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 2 დეკემბრის N... პ/შ ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 13 მაისის N... პ/შ ბრძანება; დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ. დ-ის აღდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე და იძულებითი არყოფნის პერიოდი ჩაუთვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობის სტაჟად; დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ. დ-ისათვის იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის (სასამართლოში სარჩელის შეტანის პერიოდისათვის, 133 თვე) - 89110 ლარის ანაზღაურება; დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ. დ-ისათვის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 670 ლარის გადახდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ზ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი კომპენსაციის სახით 2000 ლარის გადახდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ზ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის სახით 50 000 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის განჩინებით ზ. დ-ის დაზუსტებულ სარჩელზე დადგინდა ხარვეზი. მხარეს მიეთითა, რომ დასაზუსტებელი იყო მოპასუხეთა წრე და ზიანის ანაზღაურების საფუძველი. 2018 წლის 17 მაისს ზ. დ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: ზ. დ-ე აღიარებულ იქნეს დისკრიმინაციის მსხვერპლად; აღმოიფხვრას მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ყველა ფორმა და კანონდარღვევა, ის შედეგები, რომლებიც დაკავშირებული იყო მის პოლიტიკურ (სახელმწიფოებრივ) პოზიციასა და შეხედულებასთან, მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულებისა და მინიჭებული უფლებების ჯეროვნად შესრულებასთან; უზრუნველყოფილ იქნეს მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა; არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2005 წლის 24 ნოემბრის №7/1/5-4312 მიმართვა და 2005 წლის 2 დეკემბრის №... პ/შ ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 13 მაისის №… პ/შ ბრძანება, დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ. დ-ის აღდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იგივე ან
ტოლფას თანამდებობაზე; დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ. დ-ეს იძულებითი არყოფნის პერიოდი ჩაუთვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობის სტაჟად; დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ. დ-ისთვის იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის (სასამართლოში სარჩელის შეტანის პერიოდისთვის 133 თვე) -89110 ლარის (670 X 133 = 89110) ანაზღაურება; დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ. დ-ისთვის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 670 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. დ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით ზ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. მათ შორის, გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ. დ-ე აღიარებულია პოლიტიკურ დევნილად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე ზ. დ-ეს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა წარმოადგენდა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეს. ამდენად, საკასაციო სასამართლომ უფლების დაცვის ადმინისტრაციული წესით განხორციელებაზე მიუთითა. კასატორის მოსაზრებით, გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილება, ცნობა-აღსრულების გარეშეც, წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს აძლევდა ზ. დ-ის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარდგენილი, ლ. კ-ის საქმესთან დაკავშირებული საგაზეთო სტატიები პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად მაშინ, როდესაც გამოქვეყნებული ინტერვიუები დროში ემთხვევა მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანას, ხოლო შემდეგ - შსს ორგანოებიდან გათავისუფლებას.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ, მართალია, დააკმაყოფილა შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე (საქმეს დაერთო ლ. კ-ის საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები), თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის ასახული სასამართლოს შეფასება დამატებით წარდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
კასატორი მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარებასთან დაკავშირებით. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2005 წლის 24 ნოემბერს შსს ადმინისტრაციის უფროსის შუამდგომლობა, რომელიც გაკეთდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის დირექტორის მიმართ ზ. დ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის მოთხოვნით, ხელმოწერილია იმავე პირის მიერ, რომელმაც 2005 წლის 2 დეკემბერს ხელი მოაწერა მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ №... პ/შ ბრძანებას. ამდენად, სადავო აქტები გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დგინდება მოსარჩელის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა. მოცემული კი ადასტურებს სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი არყოფნის პერიოდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობის სტაჟად ჩათვლისა და მიუღებელი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია კომბინირებული სარჩელი, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება.
მოსარჩელე აღიარებითი სარჩელის საფუძველზე ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2005 წლის 24 ნოემბრის №7/1/5-4312 მიმართვისა და 2005 წლის 2 დეკემბრის №... პ/შ ბრძანების არარად აღიარებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება განსხვავდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების სხვა საფუძვლებისგან, რადგან არარა აქტის მიმართ არ მოქმედებს გასაჩივრების ვადა, იგი გამოცემის მომენტიდანვე უკანონოდ ითვლება, არ იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას. შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება გულისხმობს სასამართლოს მიერ მხოლოდ იმ ფაქტის დადასტურებას, რომ გამოცემული დოკუმენტი არ არის იურიდიული ძალის მქონე. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები კანონმდებლობით დეტალურად და ამომწურავად არის ჩამოთვლილი. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. კასატორი სადავო აქტების არარად აღიარებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ისინი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის არარად აღიარების საფუძვლად დასახელებული მისი გამომცემი ორგანოს არაუფლებამოსილება გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ორგანო/პირი საერთოდ არ არის აღჭურვილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით ან, აქტის გამოცემის უფლების ქონის მიუხედავად, ორგანო/პირი უფლებამოსილი არ არის მოაწესრიგოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. შესაბამისად, მოცემული სამართლებრივი საფუძველი არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების ნებისმიერ დარღვევას, რაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გახდეს. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ბათილია. ამრიგად, აქტის გამოცემის ნებისმიერი წესის დარღვევა და აქტის ნებისმიერი სახის უკანონობა არ ქმნის ამავდროულად ასეთი აქტის არარად აღიარების წინაპირობას.
ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის არაუფლებამოსილებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ „ადმინისტრაციული ორგანოს და მისი თანამდებობის პირების უფლებამოსილება წარმოადგენს მათი გარკვეული ფუნქციის სფეროს, სტატუსის და ფარგლების კანონისმიერ ჩარჩოს, რომელშიც მას შესწევს საკითხების გადაწყვეტა-გადაწყვეტილებათა მიღება, მოქმედებათა განხორციელება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმებისას პირველ რიგში უნდა გაირკვეს ადმინისტრაციული ორგანოს იურისდიქციის საკითხი /უწყებრივი ქვემდებარეობა. უწყებრივი ქვემდებარეობის გარკვევა დაკავშირებულია, ერთი მხრივ, სახელმწიფო ხელისუფლების შტოებისა და მეორე მხრივ, ხელისუფლების დონეებს /სახელმწიფო ხელისუფლება, ა/რ ხელისუფლება, რეგიონალური ხელისუფლება, თვითმმართველობა/ შორის გადანაწილებული ძალაუფლებისა და მოქმედების არეალის გამორკვევა-გაანალიზებასთან.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-651-626(კ-13)). ამასთან, „ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილების განსაზღვრა ხდება სამი კრიტერიუმის გამოყენებით: ა) განსახორციელებელი ამოცანების მიხედვით - საგნობრივი უფლებამოსილება; ბ) უფლებამოსილებათა იერარქიის მიხედვით - ინსტანციური უფლებამოსილება; გ) ტერიტორიული პრინციპით - ტერიტორიული უფლებამოსილება“. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინება საქმეზე №122-115(2კ-13)). ამრიგად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მაშინ ჩაითვლება არარად, როდესაც დადგინდება მისი გამომცემი ორგანოს/პირის საგნობრივი, ინსტანციური ან ტერიტორიული არაუფლებამოსილება. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2005 წლის 2 დეკემბრის №... პ/შ ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ...ოს მინისტრის ...ე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ზ. ა. დ-ე გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს ...ის დეპარტამენტის კადრების ...ი სამმართველოს განკარგულებაში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-10 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის N303 ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გასაჩივრებული აქტის გამოცემისას უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება კონკრეტული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ...ს მინისტრის ...ის (განყოფილების ...ის) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამდენად, დადასტურებულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2005 წლის 24 ნოემბრის №7/1/5-4312 მიმართვა და 2005 წლის 2 დეკემბრის №... პ/შ ბრძანება გამოცემულია ასეთი აქტების გამოცემის უფლების მქონე პირის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, 2005 წლის 24 ნოემბერს შსს ადმინისტრაციის უფროსის შუამდგომლობა, რომელიც გაკეთდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის დირექტორის მიმართ ზ. დ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის მოთხოვნით, ხელმოწერილია იმავე პირის მიერ, რომელმაც 2005 წლის 2 დეკემბერს ხელი მოაწერა მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ №... პ/შ ბრძანებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარებისთვის საკმარის საფუძვლად, რადგან ვერ ადასტურებს აქტის გამომცემი პირის მიერ სადავო საკითხის მოწესრიგების უფლების არქონას. გადაწყვეტილების მიმღები კონკრეტული პირის აცილების საკითხის გაუთვალისწინებლობა, ადმინისტრაციული წარმოების გაუმჭვირვალედ, საქმეთა გარემოებების სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლევის, დასაბუთებული აქტის გამოცემის პრინციპების დარღვევა, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარებას ვერ გამოიწვევდა. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2005 წლის 24 ნოემბრის №7/1/5-4312 მიმართვისა და 2005 წლის 2 დეკემბრის №... პ/შ ბრძანების არარად აღიარების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
სარჩელით ასევე მოთხოვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 13 მაისის №... პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა. დადგენილია, რომ მითითებული ბრძანებით შსს ...ის დეპარტამენტის კადრების ...ი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ...ოს მინისტრის ყოფილი ...ე, პოლიციის პოლკოვნიკი ზ. ა. დ-ე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში 2006 წლის 2 აპრილს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელე ვერ მიუთითებს N...პ/შ ბრძანების მომზადების/გამოცემის კანონით დადგენილი წესის დარღვევასა და მითითებული აქტით გათვალისწინებული მოწესრიგების კანონსაწინააღმდეგო ხასიათზე.
კასატორი ზემოაღნიშნული აქტის ბათილად ცნობის ერთადერთ საფუძვლად მიუთითებს მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის განხორციელებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი იმპერატიულად კრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურებისთვის უნდა დადგინეს, რომ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განხორციელებულია განსხვავებული მოპყრობა, ასეთი მოპყრობა არ არის გამართლებული და გამოწვეულია კონკრეტული ნიშნის, მათ შორის, პირის პოლიტიკური შეხედულების, არსებობით. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და მისგან გამომდინარე შედეგების გაუქმების თაობაზე მხარემ უნდა განაცხადოს კანონით დადგენილ ვადაში. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია დისკრიმინაციული მოპყრობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სპეციალური ვადა. მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან პირს უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში წარდგენილი სარჩელი ქმნის ასეთი სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების, დაკმაყოფილებისა და სასამართლოს მიერ იძულებითი წესით აღსრულების შესაძლებლობას. დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურების პირობებშიც კი, თუკი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნა ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის დარღვევით, სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება. ვადის ათვლის დასაწყისად კი კანონი მიიჩნევს იმ მომენტს, როდესაც პირმა შეიტყო დისკრიმინაციული გარემოების არსებობის თაობაზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მომენტისთვის მისთვის ცნობილი უნდა გამხდარიყო გათავისუფლების სავარაუდო დისკრიმინაციული მიზეზის არსებობის შესახებ. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. ბრაუნშვაიგის ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოსარჩელე მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად ასახელებს, მიღებულია 2011 წლის 9 თებერვალს. საგულისხმოა, რომ ზ. დ-ე მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას უკავშირებს პოლიტიკურ (სახელმწიფოებრივ) პოზიციასა და შეხედულებებს. თუმცა, სასამართლოს მიერ გაზიარებულიც რომ იქნეს მოსარჩელის მოსაზრება, რომ პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე გააჩნდა ობიექტურად დადასტურებული მოლოდინი და სუბიექტური შიში, რომ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენების შემთხვევაშიც კი, მისი უფლებები არ იქნებოდა დაცული, 2017 წლის 8 მაისისთვის მაინც გასული იყო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა. მით უფრო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 30 დეკემბრის №405 ბრძანებულებით, გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის მოქალაქე ზ. დ-ეს, საგამონაკლისო წესით, მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ბრძანებულება გამოიცა ზ. დ-ის 2015 წლის 23 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს - საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნით მიმართა. ამდენად, მოსარჩელეს 2015 წელს, საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვის მომენტისთვის ჰქონდა მოლოდინი და სუბიექტური განწყობა, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა და მისი პოლიტიკური შეხედულებები არ გახდებოდა მისი დევნის, კანონით დაცული უფლებების ხელყოფის წინაპირობა. შესაბამისად, 2015 წლის ბოლოს მაინც მოსარჩელისთვის, ერთი მხრივ, ცნობილი იყო მისი უფლებების დარღვევის შესახებ, მეორე მხრივ, იგი აღჭურვილი იყო სრული პროცესუალური შესაძლებლობით, მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა.
შესაბამისად, სარჩელის წარმოდგენის მომენტისთვის (2017წ. 8 მაისი) დისკრიმინაციული მოპყრობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რაც მოცემულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს ქმნის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ვინაიდან დისკრიმინაციიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია და სასამართლო მის საფუძვლიანობაზე ვერ იმსჯელებს, ამასთან, გასაჩივრებული აქტების არარად აღიარებისა და ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნები სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ, მართალია, დააკმაყოფილა შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე (საქმეს დაერთო ლ. კ-ის საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები), თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის ასახული სასამართლოს შეფასება მათთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). სასამართლო არ არის ვალდებული, საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულება დამოუკიდებლად შეაფასოს მიღებულ გადაწყვეტილებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახვას ჰპოვებს ის ფაქტობრივი საფუძვლები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთაც არსებითი გავლენა იქონიეს დავის გადაწყვეტაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს და შეისწავლეს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები კი სარჩელის განსხვავებულად, მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტას ვერ გამოიწვევდა, არსებით გავლენას მოსარჩელის უფლებებზე ვერ იქონიებდა. ამდენად, სასამართლოებს დავის განხილვისა და გადაწყვეტის წესები არ დაურღვევიათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე