ბს-1377(კ-18) 12 მარტი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...-მ“ 15.12.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის 15.11.2016წ. N3170 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.01.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „...-ს“ შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 15.11.2016წ. N3170 გაკარგულება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 29.10.2015წ. N19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, შემსყიდველის ორგანიზაციის მიმართვა მომწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა შეიცავდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას - ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტებს (მე-4 მუხ.). სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად და ადგენს მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლებს (მე-7 მუხ.). მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის ერთ-ერთი საფუძველია ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, თუ ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის საფუძვლით (3.4 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდა მიმწოდებელი ორგანიზაციის ინიციატივით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და არა შემსყიდველის ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგად, რაც გამორიცხავდა შავ სიაში რეგისტრაციას, რადგან კანონმდებელი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასთან ერთად შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლად ხელშეკრულების ვადის გასვლას ან ხელშეკრულების ცალმხრივ შეწყვეტას ასახელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ უდავოა შპს-ს მიერ ტენდერისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. შემსყიდველმა სრულად არ შეასრულა თავისი ვალდებულებები, რის გამოც ითხოვა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას, რეალურად სამუშაოს მხოლოდ 47% შესრულდა. მართალია ხელშეკრულება შეწყდა შპს-ს წერილის შემდგომ, თუმცა ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია ხელშეკრულების მე-15 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისას ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევას ითვალისწინებს. კასატორი მიიჩნევს, რომ აკადემიის მიერ სააგენტოში წარდგენილი წერილობითი შეტყობინება აკმაყოფილებდა ნორმატიულ მოთხოვნებს და ქმნიდა შპს „...-ს“ შავ სიაში რეგისტრაციის საკმარის საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 29.10.2015წ. N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო,მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიემართა სააგენტოსთვის წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობოდაა მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი (4.1 მუხ.), წერილობითი შეტყობინება უნდა ყოფილიყო დასაბუთებული (4.4 მუხ.). სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (7.1 მუხ.). საკითხის გადაწყვეტისას სააგენტოს ერთმნიშვნელოვნად უნდა დაედგინა შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის არსებობა (7.2 მუხ.). შავ სიაში რეგისტრაციის ერთ-ერთი საფუძველი იყო მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, უკეთუ აღნიშნულმა გამოიწვია ხელშეკრულების ცალმხირივი შეწყვეტა (3.4 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება შპს-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ ერთ-ერთი ვალდებულების - ფილების დაგების შეუსრულებლობა. საქმის მასალებით, მათ შორის 27.09.2016წ. მიღება-ჩაბარების აქტით, დგინდება შპს-ს მიერ ვალდებულებათა დანარჩენი ნაწილის ჯეროვნი შესრულება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 23 029, 60 ლარი. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტისა და შპს-ს წერილის საფუძველზე, რომლითაც ვალდებულების სრულყოფილად შესრულების შეუძლებლობის გამო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და შესრულებული სამუშაოების მიღება იყო მოთხოვნილი, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და შპს „...-ს“ შორის 30.09.2016წ. გაფორმდა N427/2 შეთანხმების აქტი. შეთანხმების აქტით მხარეები შეთანხმდნენ 05.09.2016წ. N427 ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტაზე (1-ლი პუნქტი), თუმცა შეთანხმება არ მოიცავდა მხოლოდ ამ პუნქტს. მხარეები შეთანხმდნენ აგრეთვე N427 ხელშეკრულების მე-4 მუხლის ცვლილებაზე, რომელიც სახელშეკრულებო ღირებულების ოდენობად 49 496,42 ლარს უთითებდა. N427/2 შეთანხმების აქტით N427 ხელშეკრულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და სახელშეკრულებო ღირებულებად დაფიქსირდა 23 029,60 ლარი. ამდენად, მხარეებმა ორმხრივი და არა ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგად შეამცირეს თავდაპირველი ხელშეკრულებით შეთანხმებული ღირებულება და შეწყვიტეს ხელშეკრულების მოქმედება. ამ პირობებში დაუსაბუთებელია არა მხოლოდ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების გამო აკადემიის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლით (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 29.10.2015წ. N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 3.4 მუხ. „ბ“ ქვ.პ.) შავ სიაში რეგისტრაცია, არამედ ზოგადად - სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, რადგან მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ღირებულების შემცირებაზე და ისე მოახდინეს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი