Facebook Twitter

ბს-1472(2კ-18) 12 მარტი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-მა 18.02.2015წ. სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის რეგიონული ოფისისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ ლ. გ-მა მოითხოვა აღიარება იმისა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 14.04.2008წ. N256 მიმართვა არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გამგეობის 14.04.2008წ. N256 მიმართვის საფუძველზე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოსარჩელის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში; ა(ა)იპ „...ის“ მიწის ნაკვეთის უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის რეგიონული ოფისისათვის ლ. გ-ის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თელავის რაიონული სასამართლოს 24.11.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა(ა)იპ „...ი“.

თელავის რაიონული სასამართლოს 24.05.2016წ. გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 14.04.2008წ. N256 მიმართვის საფუძველზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაცია N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ზედდების ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის რეგიონული ოფისის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წ. განხორციელდა ლ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამავე მიწის ნაკვეთის ნაწილზე დარეგისტრირდა მუნიციპალიეტის საკუთრების უფლება 2008წ., გამგეობის 14.04.2008წ. N256 მიმართვის საფძველზე, სხვა უფლებადამდგენი დოკუმენტი მუნიციპალიტეტს არ წარუდენია. პალატამ მიიჩნია, რომ მუნიციპალური საკუთრების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გამოეკვლია მოთხოვნილ ქონებაზე სხვა პირის საკუთრების რეგისტრაციის არსებობა, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეედარებინა ტექბიუროსა და თავად რეესტრის სამსახურში დაცულ - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან და სააღრიცხვო ბარათებთან, უნდა დაედგინა ნაკვეთის გეოგრაფიული მდებარეობა და საზღვრები, რათა არ დაეშვა ერთ ქონებაზე ორი ურთიერთსაწინააღდმდეგო ჩანაწერის არსებობა (სუს 28.02.2013წ. Nბს-367-363(კ-12) განჩინება). რეგისტრაციის განხორციელების პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა დაუზუსტებელი რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას, რასაც არ ჰქონდა მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის უფლებადამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, რასაც თან ერთვის მიწის ნაკვეთის გეგმა, რომელზეც ჩანს მიწის ნაკვეთის სრული ფართობი და პარამეტრები. მუნიციპალური საკუთრების რეგისტრაციისას ეს მონაცემები დაცული იყო მარეგისტრირებელ ორგანოში. რაც შეეხება სააპელაციო საჩივართან ერთად წარდგენილ ტექ. ბიუროს მასალებს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თელავში, ... და ... ... „...ის“ სააღრიცხვო და საარქივო დოკუმენტები ასევე სრულად უნდა იქნეს შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა გამოკვლევისას. საქმეში დაცული არა ერთი აზომვითი ნახაზის ტექნიკურად უკეთ წაკითხვისა და ერთ-ერთ ნახაზზე მოსარჩელის დაინტერესებაში მყოფი ნაკვეთის წყვეტილი ხაზით გაყოფის მიზეზების დადგენის მიზნით, ორგანოს შეუძლია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართოს სპეციალური ცოდნის მქონე პირი - სპეციალისტი. მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა დაადგინოს მიწის ნაკვეთების ზუსტი მდებარეობა და საზღვრები, ხოლო დუბლირების გამოვლენის შემთხვევაში გაარკვიოს საკითხი უკეთესი უფლების მქონე სუბიექტის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ ნაკვეთი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სახელზე დარეგისტრირდა არის დასასვენებელი პარკის ნაწილი და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხულია 1978 წლამდე, ხოლო მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია 27.04.2007წ. ნასიდობის ხელშეკრულება, ამასთანავე, გამყიდვლის - ნ. დავითაშვილის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ასევე 2004 წლიდან. საქმეში წარმოდგენილია ნ. დავითაშვილის სახელზე რიცხული უძრავი ნივთის გეგმა, რომლის თანახმად ერთმანეთისაგან გამოყოფილია ორი მიწის ნაკვეთი, ერთ-ერთი მათგანის საზღვრები უწყვეტი ხაზით არის მონიშნული, ხოლო მეორე ნაკვეთის საზღვარი წყვეტილია, რაც ადასტურებს მასზე უფლების სადავოობას. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მიწის ნაკვეთის ზედდებაში მყოფი ნაწილი ეკუთვნის მოსარჩელეს. კასატორი თვლის, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, სასამართლოს თავად უნდა მოეხდინა საქმის გარემოებათა გამოკვლევა და დავის გადაწყვეტა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2018წ. განჩინებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები, რადგან მართალია ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხ.), სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის გადაცემა. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლების აღიცხვა მოხდა რაიმე გარემოების გამოკვლევის გარეშე, სრულად იქნა უგულებელყოფილი ის გარემოება, რომ 2007 წლიდან მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხული იყო ლ. გ-ის საკუთრების უფლება 1321 კვ.მ. დაუზუსტებელ ფართზე, ხოლო მისი წინამორბედის საკუთრება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ფიქსირდებოდა 2004 წლიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, იგი ექვემდებარება ისეთივე დაცვას, როგორც დაზუსტებული რეგისტრაცია (იხ. სუსგ 28.02.2013წ., Nბს-367-363(კ-12)). საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას სადავო აქტის გამოცემისას საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევის შესახებ და აღნიშნავს, რომ თვითმმართველი ერთეულის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე რეესტრს უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდება. თვითმმართველი ერთეულის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარდგენისას ლ. გ-ის საკუთრება უკვე რეგისტრირებული იყო.

კასატორის მითითება საქმეში დაცულ საკადასტრო ნახაზზე წყვეტილი ხაზით ორი ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, ასევე მიწის ნაკვეთზე დასასვენებელი პარკის უფლებადამდგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით, დამატებით ადასტურებს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საჭიროებას, რადგან სააპელაციო საჩივარზე თანდართული სააღრიცხვო-საარქივო მასალების მიხედვით ... ... „...ს“ ნამდვილად ჰქონდა გადაცემული გარკვეული ტერიტორია, თუმცა არაერთგზის შეიცვალა მისი ფარგლები და ფართი, ხდებოდა არა მარტო პარკის გაფართოება, არამედ ზოგ შემთხვევაში მისთვის მიწის ნაკვეთის ნაწილის ჩამოჭრა. ამდენად, საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება პარკის ტერიტორიის საბოლოო საზღვრები. შესაძლოა სადავო ტერიტორია თავდაპირველად მართლაც იყო პარკის შემადგენლობაში, თუმცა შემდგომში მოხდა მისი ჩამოჭრა ქალაქის ფონდისთვის ან სხვა სუბიექტისათვის გადაცემა, მაგალითად, როგორც ეს ქ. თელავის გამგეობის 28.07.1994წ. N7 საოქმო გადაწყვეტილებით განხორციელდა (ტ.1, ს.ფ. 281). მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ საქმეში დაცული არა ერთი აზომვითი ნახაზის ტექნიკურად სწორად წაკითხვა შესაძლოა ადმინისტრაციულ წარმოებაში სპეციალური ცოდნის მქონე პირის ჩართვას საჭიროებდეს, შესაძლოა სპეციალისტის განმარტება იყოს საჭირო აგრეთვე მიწის ნაკვეთის გეგმაზე (ტ.1, ს.ფ. 149) ნაკვეთის ერთი ნაწილის საზღვრების წყვეტილი ხაზით აღნიშვნის მიზეზების დასადგენად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე გამოკვლევას საჭიროებს საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არა ერთი გარემოება, მათ შორის თვითმამრთველობისა და ლ. გ-ის მიწის ნაკვეთების ზუსტი მდებარეობა და საზღვრები, სადავო ტერიტორიაზე უკეთესი უფლების მქონე სუბიექტი და სხვ..

ამდენა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.12.2018წ. N35870 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი