Facebook Twitter

საქმე Nბს-1239 (კს-19) 16 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. შ-ა(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართელოს ადგილობრივი საბჭო (მოპასუხე)

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. შ-ამ 2019 წლის 02 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართელოს ადგილობრივი საბჭოს მიმართ მოპასუხის 2018 წლის 22 ნოემბრის N04/18-1674 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის გ. შ-ას პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, გ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით გ. შ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 61-ე, 70-ე, 74-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. ხსენებული გადაწყვეტილება 2019 წლის 11 ივნისს პირადად ჩაბარდა მოსარჩელე გ. შ-ას. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე გ. შ-ას წარმომადგენლის მიერ ფოსტას ჩაბარდა 2019 წლის 01 ივლისს, თავას სააპელაციო საჩივარზეც, მისი შედგენის თარიღად მითითებულია 2019 წლის 01 ივლისი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 12 ივნისს და დასრულდა 2019 წლის 25 ივნისს, 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი გ. შ-ას მიერ წარდენილია 2019 წლის 01 ივლისს, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. შ-ამ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ იგი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებისას არ ჰქონდა ოჯახის წევრებსა და წარმომადგენლებთან დაკავშირების შესაძლებლობა. გ. შ-ას განცხადებით, მას მხოლოდ 2019 წლის 29 ივნისს მიეცა ტელეფონით სარგებლობის უფლება და 30 ივნისს საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილება გაუგზავნა თავის წარმომადგენლს, რომელმაც პირველივე შესაძლებლობისთანავე - 2019 წლის 01 ივლისს წარადგინა სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მისი ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, იგი ვერ შეძლებდა იუსტიციის საბჭოს მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად წარედგინა სააპელაციო საჩივარი. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გ. შ-ამ გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ ჩათვლა და გასაჩვრებული განჩნების გაქუმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განჩინებით გ. შ-ას კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

განსახილველ შემთხვევაში, N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2019 წლის 12 ივლისის N174125/01 მიმართვით თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგზავნილი გ. შ-ას ხელწერილით დადასტურებულია, რომ თბილსისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გასაჩივრებული გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაჰბარდა 2019 წლის 11 ივნისს (ს.ფ. 162-163). აღნიშნულ გარემოებას სადავოდ არ ხდის თავად გ. შ-ა. ასევე, დადგენილია, რომ გ. შ-ას მიერ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნად ფოსტას ჩაჰბარდა 2019 წლის 01 ივლისს, რაც დადასტურებულია საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდით (ს.ფ. 191). ამასთან, თავად სააპელაციო საჩვარი დათარიღებულია 2019 წლის 01 ივლისით, რაც დამატებით ადასტურებს სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანას.

განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე - 61-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 12 ივნისიდან და ამოიწურა 2019 წლის 25 ივნისს (სამშაბათი) 24:00 საათზე, სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 01 ივლისს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა კანონით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი აღადგინოს ან გააგრძელოს იგი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ გ. შ-ას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ფაქტი არ წარმოადგენს საპროცესო ვადის გაგრძელების ან აღდგენის საფუძველს. საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.დ“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯვარდებულს უფლება აქვს უზრუნველყოფილი იყოს სატელეფონო საუბრებითა მიმოწერით, აგრეთვე, უფასო იურიდიული დახმარებითა და სამართლებრივი კონსულტაციებით. ამასთან, წარმოდგენილი არ არის გ. შ-ას წარმომადგელთან სატელეფონო კომუნიკაციის შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. შ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განჩინება გ. შ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. შ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე