ბს-304(კ-19) 15 აპრილი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 25.10.2017წ. N2061 განკარგულების ბათილად ცნობის და კომისიისათვის ქ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ქ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 25.10.2017წ. N2061 განკარგულება და კომისიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. პალატამ აღნიშნა, რომ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა დაადასტუროს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და სარგებლობდა მისის ნაკვეთით, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში კომისიას წარმოეშობა საკუთრების უფლების აღიარების ვალდებულება. სზაკ-ის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, რისთვისაც კოდექსის 97-ე მუხლით ენიჭება საკმაოდ ფართო უფლებამოსილება, მათ შორის: დოკუმენტების გამოთხოვის, დამატებითი ცნობების შეგროვების, ადგილზე დათვალიერების, მხარეთა მოსმენისა და ექსპერტიზის დანიშვნის შესაძლებლობა. მოსარჩელის მითითებით, მას სადავო მიწის ნაკვეთზე 1994 წლიდან აშენებული ჰქონდა საცხოვრებელი შენობა, რომელიც დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს, რადგან მოსარჩელის ოჯახმა დაანგრია ძველი შენობა და 2000წ. დაიწყო ახლის აშენება, თუმცა მშენებლობა შეჩერდა ზედამხედველობის სამსახურის აკრძალვის გამო. სადავო აქტი არ შეიცავს ქ. ჩ-ის მიერ მითითებულ არგუმენტაციაზე მსჯელობას, მათ გაზიარებაზე უარის თქმის დასაბუთებას. ის, რომ განმცხადებელს ეკისრება თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასაბუთება, არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისაგან. არ დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანო ეცადა რაიმე გარემოებების დადგენას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მოწმეთა ჩვენება არის მტკიცებულების ერთ-ერთი სახე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. ჩ-ემ ვერ დაადასტურა 2007 წლამდე მიწის ნაკვეთის ფლობა და მასზე საცხოვრებელი სახლის არსებობა. ნაკვეთზე ფიქსირდება მხოლოდ დაუსრულებელი შენობა.მოწმეთა ჩვენება სუბიექტურია და როგორც წესი არ არის სანდო მტკიცებულება. კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.01.1993წ. დადგენილებით ქარხანა „...ის“ თანამშრომლებისათვის გამოყოფილი საკარმიდამო ნაკვეთების გეგმა შესაძლოა განხილულ იქნეს მართლზომიერი ფლობის დამდგენ მტკიცებულებად, თუმცა კომისია საკუთრების უფლების აღიარების საკითხს იხილავს ნაკვეთის თვითნებური ფლობიდან გამომდინარე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. საქმეში დაცული მტკიცებულებები: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.01.1993წ. N39 დადგენილებით ქარხანა „...ის“ თანამშრომლებისათვის მცხეთის რაიონის გლდანის სახელმწიფო მეურნეობიდან გამოყოფილი საკარმიდამო ნაკვეთების გეგმისა და გლდანის სახელმწიფო მეურნეობის 27.06.1995წ. N7 ბრძანების ასლები, „...ის“ მებაღეობის საიჯარო გადასახადის უწყისი, არ არის შეფასებული. ასევე შეფასების მიღმაა დარჩენილი მოსარჩელის განმარტებები, რომლის თანახმად, ნაკვეთს 1990 წლიდან ფლობს, 1994 წლიდან ნაკვეთზე განთავსებული ჰქონდა კაპიტალური ნაგებობა, რომელიც მოგვიანებით დაანგრია და 2000 წელს დაიწყო ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რაც შეაჩერა ზედამხედველობის სამსახურის აკრალვის გამო. სადავო აქტით საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად მითითებულია ის, რომ ნაკვეთზე განთავსებულია მშენებარე ნაგებობა და არ დასტურდება ქ. ჩ-ის მიერ კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის თვითნებურად ფლობის ფაქტი. კომისიის 25.10.2017წ. N2061 განკარგულება ძირითადად შედგება ნორმათა ციტირებისაგან და არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას. მითითება, რომ ორთოფოტოთი დასტურდება განმცხადებლის მოთხოვნის უსაფუძვლობა, არ ქმნის საკმარის დასაბუთებას, გაურკვეველია რა პერიოდის ორთოფოტოები შეისწავლა ორგანომ და რა ფაქტობრივი გარემოებები დადგინდა მათი შესწავლის შედეგად.
მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კანონის ამოქმედებამდე ასაღიარებელ ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის არსებობის და შემდგომ მისი დანგრევისა და ახალი მშენებლობის დაწყების დადასტურების შემთხვევაში, იარსებებდა საკუთრების აღიარების საფუძველი, თუმცა კომისიას, მათ შორის ზედამხედველობის სამსახურიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვით, არ უცდია აღნიშნული გარემოების გამოკვლევა. ასევე არ შეფასებულა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, შესაძლოა ქმნიდეს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლებს.
საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის შემდგომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად განსხვავებულად მოწესრიგდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლები, განსხვავებულად ჩამოყალიბდა, გაფართოვდა, საკუთრების აღიარების წინაპირობები. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ამჟამად მოქმედი რედაქცია ადგენს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). შესაბამისად, ამჟამად საკუთრების აღიარების საფუძველს ქმნის აგრეთვე კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთზე მშენებარე საცხოვრებელი სახლის ან მშენებარე არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის ფაქტის დადასტურება. საქმის მასალებით უდავოდ დგინდება ნაკვეთზე მშენებარე ნაგებობის არსებობა. პალატა თვლის, რომ სადავო საკითხზე ხელახლა მსჯელობისას, კომისიამ უნდა გაითვალისწინოს აგრეთვე კანონმდებლბაში განხორციელებული ცვლილებები და შეაფასოს ასაღიარებელ ნაკვეთზე მშენებარე ნაგებობის არსებობის ფაქტი.
კასატორის მოსაზრება, რომ ქ. ჩ-ის მიერ წადგენილი მტკიცებულებები შესაძლოა ქმნიდეს მართლზომეირი ფლობის დადასტურების შესაძლებლობას, წარმოშობს კომისიის მიერ საკითხის ხელახლა განხილვისას განცხადებაზე გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანოს დადგენის საჭიროებას. ამ კუთხით გასათვალისწინებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.11.2017წ. გადაწყვეტილებაში ასახული მოსაზრება, რომლითაც საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გეგამ-ნახაზი არ იქნა მიჩნეული მართზლომიერი ფლობის დამდგენ მტკიცებულებად და საკითხი განსახილველად გადაეგზავნა აღიარების კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. გადაწყევტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი