Facebook Twitter

ბს-455 (კ-19) 08 აპრილი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ლ-მა 08.10.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ მიწის ნაკვეთზე გ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 13.08.2018წ. N1068 განკარგულების ბათილად ცნობის და კომისიისათვის გ. ლ-ისათვის ქ. თბილისში, ...ში, ...ში მდებარე 644 კვ.მ. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთზე გ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 13.08.2018წ. N1068 განკარგულება და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ში, ...ში მდებარე 644 კვ.მ. უძრავ ქონებაზე გ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დამატებით მიუთითა, რომ საქმის მასალებით დასტუდება გ. ლ-ისა და მისი ოჯახის მიერ ...ში მდებარე 644 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე პირის საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი წინაპირობაა "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ" კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის ფლობის დადასტურება. ფლობის დამდგენი დოკუმენტებია ცნობა-დახასიათება, აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი და სხვ., რაიმე მსგავსი დოკუმენტი გ. ლ-ს არ წარმოუდგენია. საქმის მასალებით, მათ შორის ორთოფოტოებით ვერ დგინდება ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობის ფაქტი. მხარის მიერ მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე შეუძლებელია ორთოფოტოზე გამოსახული შენობის კატეგორიის დადგენა, რამეთუ კანონის მიხედვით დროებითი შენობა-ნაგებობა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობას. ამდენად, დღეს არსებული ფოტოსურათები, რომელიც ადასტურებს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გარკვეული ტიპის შენობის არსებობას ვერ იქნებოდა გაზიარებული კომისიის მიერ, როგორც საკუთრების აღიარების საფუძველი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელის მიერ მოთხვნილ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება შეზღუდვის ზონა, კერძოდ თვითმფრინავის ასაფრენი ზოლი. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმეთა ჩვენებები, მათი სუბიექტური ხასიათის გამო. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება არ არის დასაბუთებული. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაბამისად არ არსებობდა დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება კომისიის მიერ სადავო აქტის საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გამოცემის შესახებ. გ. ლ-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიით, საკადასტრო გეგმა, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე, მეზობლების ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებები, საიდანაც ირკვევა, რომ გ. ლ-ი და მისი ოჯახი 1991 წლიდან ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისში, ...ში მდებარე 644 კვ.მ. მიწის ნაკვეთით. კომისიას არ დაუსაბუთებია მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გაზიარებაზე უარი, მათი არასარწმუნოობა. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ საქმეზე დართული ორთოფოტოები ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს გ. ლ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლიოს იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ფლობის ფაქტს. გასათვალისწინებელია, რომ კომისიის მიერ არ მოხმდარა ნაკვეთის მდგომარეობის ადგილზე შესწავლა, საზღვრების დადგენა, მეზობელი ნაკვეთების მესაკუთრეების გამოკითხვა და სხვ.. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოწმეთა ჩვენებას უმეტესად სუბიექტური ხასიათი აქვს არ ასაბუთებს მათ მტკიცებულებად მიღებაზე და შეფასებაზე უარს.

რაც შეეხება კასატორის მითითებას სადავო ნაკვეთზე ასაფრენი ზოლის შეზღუდვის არსებობის შესახებ, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარემოება არ გამხდარა კომისიის მიერ გ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, კომისია ვალდებულია მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით ხელახლა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, ერთობლივად შეაფასოს საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი