ბს-985 (კ-18) 08 აპრილი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 28.03.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. დ-ემ 13.09.2017წ. სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ თვითმმართველი თემი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის მიმართ გ. დ-ისათვის უარის თქმის ნაწილში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 13.05.2016წ. N1604 ოქმის ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.08.2017წ. N... ცნობით დადგენილი გადაფარვის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის 09.08.2010წ. N... და 10.03.2015წ. N... გადაწყვეტილებების, ასევე ჩოხატაურის რაიონის გამგეობის 25.03.2003წ. N29 დადგენილების ბათილად ცნობისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის გ. დ-ისათვის ჩოხატაურის რაიონში, ... ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მასზე განთავსებულ სააგარაკე სახლთან ერთად) აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 23.10.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 16.11.2017წ. გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2018წ. განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყევტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების მიხედვით გ. დ-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთს უკვე ჰყავდა მესაკუთრე და მინიჭებული ჰქონდა საძოვრის სტატუსი, რაც გამორიცხავდა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2018წ. განჩინება გ. დ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორმა აღნიშნა, რომ 2003 წელს სახელმწიფო საკუთრებად მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელდა სპორადული რეგისტრაციის წესით. შესაბამისად ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაზუსტება მყარი წერტილების არსებობის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ამდენად გაურკვეველია შედიოდა თუ არა გ. დ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებლი სახლი 2003 წელს სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირებული ტერიტორიის ფარგლებში. ზემოაღნიშნული გარემოების გამოუკვლევად ადმინისტრაციულმა ორგანომ სზაკ-ის 53.5 მუხლის უგულებელყოფით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ სახლი დგას ...ს საცხოვრებელ ზონაში, სადაც მეზობლად არსებული სახლები რეგისტრირებულია კერძო პირთა საკუთრებაში. კომისიამ სრულიად დაუსაბუთებად უთხრა უარი გ. დ-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონის მიხედვით პირს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და კანონმდებლობის მიხედვით არ იკრძალება იმ ნაკვეთების გადაცემა, რომელიც საჯარო რეეტრში რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად. კასატორის მიერ კომისიაში წარდგენილი იყო კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტი, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ სზაკ-ის მე-13, 53.5, 108-ე და 110-ე მუხლების დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება გ. დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით გ. დ-ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს მოიცავს სახელმწიფოს მიერ 2003 წელს დაუზუსტებელი, ხოლო 2010 წელს დაზუსტებული საზღვრებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთი. საქმის მასალებით არ დასტურდება და ვერც მოსარჩელე მიუთითებს სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის სტატუსის მიწა. ამდენად, საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვთის ფუნქციიდან გამომდინარე ამ კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს გარდა სხვისი საკუთრების უფლება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება გ. დ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი, არ დასტურდება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის გ. დ-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთთან მომიჯნავეობაც. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2018წ. განჩინება;
3. კ. ჩ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. დ-ის საკასაციო საჩივარზე 13.08.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი