Facebook Twitter

ბს-1302 (კ-18) 08 აპრილი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...ამ“ 26.06.2017წ. სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სამეგრელოს რეგიონიული ოფისის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 23.03.2017წ. N... გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.05.2017წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, აგრეთვე შპს „...ას“ სარგებლობაში არსებულ და მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ზედდების გაუქმება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის შპს ,,...ას“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 920 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 29.09.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ას“ მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთების 920 კვ.მ.-ით ზედდების ნაწილში შპს „...ას“ არ გააჩნია საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, აგრეთვე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც გასაჩივრებული აქტით მას მართებულად ეთქვა უარი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს „...ას“ მითითება მასზედ, რომ მას სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მიწის საზღაურის გადახდისთანავე წარმოეშვა. მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი შპს „...ასათვის“ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა და გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები არ ქმნიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, ვინაიდან შპს „...ას“ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული ეროვნულ არქივში, აგრეთვე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არქივში. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აგრეთვე შპს „...ას“ მითითება მასზედ, რომ მას სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მიწის საზღაურის გადახდისთანავე წამოეშვა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 01 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღამდე შპს „...ას“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით ზომები არ მიუღია, ხოლო აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.

განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს, მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ არასწორია ადმინისტრაციული ორგანოს და სასამართლოს დასკვნა იურიდიული პირებისთვის, 2012 წლის 01 იანვრიდან, აღიარების გზით საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობის არქონის შესახებ. ამგვარი დასკვნით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. შპს „...ას“ მიერ 30.12.1998წ. გადახდილი იქნა მიწის ნაკვეთის საფასური, შესაბამისად, აღნიშნული მოქმედებით მან მოიპოვა საკუთრების უფლება მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ არსებითად სწორად იქნა გადაწყვეტილი მოცემული დავა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება მის მიერ მიწის ღირებულების საფასურის გადახდისთანავე საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას წარმოშობს მისი სათანადო წესით რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (სკ-ის 183-ე მუხ.), რაც შპს „...ას“ არ განუხორციელებია, ხოლო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 01 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა (სუსგ 18.12.2017წ. №ბს-790-786 (კ-17); 03.09.2018წ. №ბს-463-463 (კ-18); 22.01.2019წ. №ბს-1082 (კ-18); 15.01.2019წ. №ბს-1269 (კ-18) და სხვ.).

ამდენად, დასტურდება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის მართებულობა მითითებულ საკითხზე და კასატორის - შპს „...ას“ საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2018წ. განჩინება;

3. ნ. ვ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 08.10.2018წ. N№1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი