ბს-1193 (კ-18) 08 აპრილი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. რ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. რ-ამ 21.09.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მესამე პირის შპს ,,...ის“ მიმართ, დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 30.05.2017წ. №14118516/274356 ბრძანების ბათილად ცნობის და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის (გამარტივებულ საქმისწარმოებაზე №14118516) დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.09.2017წ. განჩინებით მ. რ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა, საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ A17060324 საქმეზე სააღსრულებო წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.01.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.09.2017წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. რ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2018წ. განჩინებით მ. რ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, არ დასტურდებოდა მ. რ-ასთვის შეტყობინების გაგზავნისა და ჩაბარების წესის დარღვევა. მართებულად იქნა მიჩნეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები სადავო საკითხის თაობაზე.
განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. რ-ას მიერ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯელობის იმგვარად განვითარება, რომ თითქოს შეტყობინების ჩაბარების საკითხი არ იყო საქმის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი საკითხი და ყურადღება იქნა გადატანილი უკუგზავნილის ნამდვილობაზე. შეტყობინების ჩაბარების თაობაზე უკუგზავნილის არსებობა დასტურდება, თუმცა მ. რ-ას აღნიშნული გზავნილით არაფერი ჩაბარებია. სასამართლოს არ გადაუმოწმებია უკუგზავნილის ნამდვილობა, არ დაუვალებია ადმინისტრაციული ორგანოსთვის უკუგზავნილის ორიგინალის წარმოდგენა. უკუგზავნილის სიყალბის დადგენის საჭიროება არ არსებობს, რადგან საკმარისია ჩაბარების ფაქტის ეჭვქვეშ დაყენება, რის შემდეგაც დავა მ. რ-ას სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. უკუგზავნილის ნამდვილობა რომ ეჭვქვეშ დგას დასტურდება იმით, რომ მისი ნამდვილობის დადასტურება ვერ ხერხდება ექსპერტიზის ბიუროს მიერ. უკუგზავნილში არ არის ასახული იმგვარი ინფორმაცია, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ კურიერმა ნამდვილად გადასცა გზავნილი მ. რ-ას. მასში ასახული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, მ. რე-ას პირადი ნომერი, გზავნილში იყო ასახული. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მიერ არასწორად გადანაწილდა მტკიცების ტვირთი, რითაც შეღავათიან პირობებში აღმოჩნდა ადმინისტრაციული ორგანო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. რ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. აღნიშნული საკითხის თაობაზე არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა (სუსგ 25.04.2019წ. №ბს-1473 (კ-18); 28.04.2016წ. №ბს-754-746(კს-15) და სხვ.).
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება სააღსრულებო ბიუროს მიერ გამარტივებული სააღსრულებო წარმოების დაწყება ფულადი დავალიანების გადახდევინების თაობაზე (ს.ფ.84-86). ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 21.11.2014 წ. №14118516/72674 შეტყობინება მ. რ-ას ჩაბარდა პირადად - 19.02.2015წ. (ს.ფ.89, ს.ფ.182). ჩაბარების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მ. რ-ას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917.2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია, მათ შორის, არ გამოუყენებია უფლება, წარედგინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა. კასატორი სადავოდ ხდის წარმოების თაობაზე შეტყობინების ჩაბარების საკითხს და მიუთითებს, რომ მას შეტყობინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. ამავდროულად, კასატორი ადასტურებს საქმეში გზავნილის ჩაბარების თაობაზე უკუგზავნილის არსებობას, თუმცა მიიჩნევს, რომ უკუგზავნილზე მისი გვარის მითითება საკმარისი არ არის უკუგზავნილის ნამდვილობის დადასტურებისთვის. კასატორის მოსაზრებით ვინაიდან შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნის მოპოვება ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, დოკუმენტი მიჩნეული არ უნდა იქნას ნამდვილად და დავა მის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით (25.6 მუხ.). საქმეში დაცული 19.02.2015წ. უკუგზავნილი (ს.ფ.89) და ...ს ფოსტის მიმართვა (ს.ფ.182) ადასტურებს, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ დაცულია შეტყობინების გაგზავნის და ჩაბარების სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესი (ტ.1.ს.ფ. 84-86), კერძოდ, გზავნილი ჩაბარებულია სასამართლოს მიერ გაგზავნილ მისამართზე, რომელიც საქმეში მ. რე-ას მიერ იქნა მითითებული - ქ. თბილისი, ...ის მე-2 მრ-ნი, 25ბ კორპუსი, ბინა 26. უკუგზავნილში ასახულია ყველა სავალდებულო რეკვიზიტი, მათ შორის მ. რე-ას პირადი ნომერი და ხელმოწერია. საქმის მასალებით არ დასტურდება მითითებული რეკვიზიტების უსწორობა. მ. რე-ას მტკიცება მისი ხელმოწერის საეჭვოობის თაობაზე ეფუძნება მხოლოდ მის მსჯელობას.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება მასზედ, რომ საფოსტო გზავნილის დედნის არარსებობის მიზეზით ხელმოწერის ნამდვილობის თაობაზე ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობა ავტომატურად მისი სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას იწვევს. საკასაციო პალატა მიუთითებს „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალად ითვლება. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ელექტრონული ხელმოწერის დედანი დოკუმენტის მოპოვების შესაძლებლობას, ვინაიდან ხელმოწერა სრულდება არა მატერიალურად, არამედ ელექტრონულად. ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 29.03.2018წ. მიმართვით დგინდება, რომ ტექნიკური საშუალებების და სათანადო შეთანხმების არარსების გამო შეუძლებელია დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა (ს.ფ. 186). შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობის არ ქონის გამო ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობა არ ადასტურებს ხელმოწერის არანამდვილობას. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონულ დოკუმენტს, მათ შორის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებულ ან/და დამოწმებულ დოკუმენტს აქვს მტკიცებულების ძალა (სსსკ-ის 13411 მუხ.). ამდენად, კანონმდებლობით დაშვებულია გზავნილის ჩაბარების ელექტრონული ხელმოწერის სახით დადასტურება.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონმდებლობით აქტის კანონიერების და აქტის ჩაბარების მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრება არ ადასტურებს მოსარჩელის მტკიცების ტვირთისგან განთავისუფლებას. განსახილველ საქმეში ადმინისტრაციულმა ორგანომ თავი გაართვა მისთვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, მის მიერ წარმოდგენილი იქნა გასაჩივრებული აქტის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღების, აგრეთვე გზავნილის სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული გარემოებები მართებულად შეფასდა სააპელაციო სასამართლოს მიერ, არ დასტურდება სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილება.
საფუძველს მოკლებულია აგრეთვე კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არარელევანტურად იქნა მიჩნეული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად შეტყობინების ჩაბარების საკითხი არ იყო საქმის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი საკითხი და სასამართლოს მიერ ყურადღება არასწორად იქნა გადატანილი უკუგზავნილის ნამდვილობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ უკუგზავნილით დასტურდება შეტყობინების ჩაბარება, შესაბამისად სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში მართებულად იქნა მსჯელობა გადმოცემული უკუგზავნილის თაობაზე, რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. რ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. რ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2018წ. განჩინება;
3. გ. ჯ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს მის მიერ 14.11.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 % - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი