საქმე №ბს- 185(2კ-19) 04 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე;
კასატორები - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხეები);
მოწინააღმდეგე მხარე - გ. მ-ე (მოსარჩელე);
მესამე პირები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, შ. მ-ა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-ემ 2016 წლის 02 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოსარჩელის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შ. მ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის N14/09/01 განკარგულების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრეც და მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 დეკემბრის განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შ. მ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 მარტის განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შ. მ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის N14/09/01 განკარგულება, რაც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩნებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, რაც მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. პრეზიდენტის სადავო განკარგულება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა ამ უკანასკნელს შუამდგომლობით მიემართა პრეზიდენტისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების პირდაპირი მიყიდვის ფორმით დევნილებისათვის გადაცემის მოთხოვნით. სწორედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ პრეზიდენტთან წარდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების საფუძველზე გამოიცა პრეზიდენტის სადავო განკარგულება. კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ახდენს დევნილი ოჯახის და არა თითოეული ფიზიკური პირის უზრუნველყოფას, ამასთანავე, ფართის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე საკმარისია ერთი პირის - დევნილი ოჯახის წარმომადგენლის და რა ოჯახის ყველა წევრის ხელმოწერა. კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სადავო განკარგულების გამოცემის პერიოდში შ. მ-ა და გ. მ-ე სხვადასხვა ოჯახის წევრებს წარმოადგენდნენ. მოსარჩელის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ფაქტი არ ადასტურებს მისი ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელე ქორწინებაში იმყოფებოდა შ. მ-ასთან. კასატორის მოსაზრებით, სარჩელი ხანდაზმულია, რადგან დევნილი ოჯახის ფართით დაკმაყოფილებისას იცვლება დევნილის შემწეობის ოდენობა, ამდენად გ. მ-ეს უნდა სცოდნოდა სადავო ხელშეკრულების დადების შესახებ. ამასთან, მოსარჩელის მეუღლე ვალდებული იყო ეცნობებინა მისთვის ხელშეკრულების დადების თაობაზე.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ მსგავსი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტული პირი წარმოადგნეს თუ არა საცხოვრებელი ფართით დაკამაყოფილებული ოჯახის წევრს, რადგან სახელმწიფო საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფს დევნილ ოჯახს და არა ოჯახის თითოეულ წევრს ცალ-ცალკე. ამასთან, ოჯახის წევრობა უშუალოდ კავშირშია ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან. კასატორის მოსაზრებით, კონკრეტული ოჯახისადმი კუთვნილება უნდა დასტურდებოდეს სადავო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი - შ. მ-ა და მოსარჩელე წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს - მეუღლეებს და მინიჭებული ჰქონდათ საერთო ნომერი. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხელშეკრულების დადების მომენტიდან უნდა დაიწყოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მათგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოები წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებენ ზემოაღნიშნული შეთავაზების ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის, მათ შორის, მოსარჩელისათვის წარდგენას. აღსანიშნავია, რომ სადავო ხელშეკრულების დადების პერიოდში გ. მ-ე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, რაც გამორიცხავს მისი სადავო მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსაზრებას ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის წერილობითი თანხმობის საჭიროების არარსებობის შესახებ, რადგან სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეს ერთმევა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გარკვეული მოთხოვნის უფლებები.
ამასთანავე, დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან არ დგინდება სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების შინაარსის შესახებ მოსარჩელისათვის ინფორმაციის მიწოდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე