საქმე №ბს-1385(კ-18) 4 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ. ჩ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - ...ის რაიონის …ო კოოპერატივების კავშირი რაიკოპკავშირი (თავმჯდომარე - ვ. ბ-ი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბერი განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ჩ-ემ 2017 წლის 4 იანვარს სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. ..., ...ის ქუჩა N...-ში მდებარე შენობის მე-... სართულის ... კვ.მ ფართზე რ. ჩ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით რ. ჩ-ის ადმინისტრაციულ საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ...ის რაიონის …ო კოოპერატივების კავშირი - რაიკოოპკავშირის თავმჯდომარე ვ. ბ-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის №3ბ/1502-17 განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №... (02.12.2016) და სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილებები და სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საჭიროების შემთხვევაში.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს მიერ არასწორად იქნა აღქმული და შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სამართლებრივი გარემოებები, რამაც განაპირობა სადავო გადაწყვეტილების მიღება ამ ფორმით, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებულ რეგისტრაციის სამსახურს №... სარეგისტრაციო განცხადებით 2016 წლის 27 ოქტომბერს მიმართა რ. ჩ-ემ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ... კვ.მ ფართობის ბინაზე/ერთეულზე, მდებარე: ქ. მარნეულში, ... ის ქ. №.... სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სახით წარდგენილ იქნა 2016 წლის 21 ოქტომბრის შეთანხმება ვ. ბ-სა და რ. ჩ-ეს შორის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №161236552; ნოტარიუსი: ნ. ღ-ი; თარიღი: 27.10.2016). დამატებით მითითება გაკეთდა №... და №... სარეგისტრაციო წარმოებებზე, სადაც წარდგენილია: მარნეულის რაიკოოპკავშირის გამგეობის 2004 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილება (ასლი), 2004 წლის 26 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი (ასლი), საქართველოს ...ის …ო კოოპერატივების კავშირის ცნობა (ასლი), ობიექტის შესყიდვის ქვითარი და 2016 წლის 23 თებერვალს მომზადებული შიდა აზომვითი ნახაზი (ასლი); ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (31.10.2016) გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ დამატებით წარსადგენი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა და სარეგისტრაციო მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, №... (02.12.2016) გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (31.10.2016) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (02.12.2016) გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრით რ. ჩ-ის მიერ. სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... (06.12.2016) გადაწყვეტილება. სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილ იქნა შემდეგი გარემოებები: ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დგინდება, რომ ტექბიუროში დაცული ტექნიკური პასპორტი, რომლის მიხედვით ქ. მარნეულში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია ...ის …ო კოოპერატივების კავშირზე, თუმცა აღრიცხვა ფიქსირდება 2003 წლიდან. ამასთან, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სააღრიცხვო მასალაში არ ინახება ...ის …ო კოოპერატივების კავშირის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია. ამასთან, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით არ დგინდება არც ის გარემოება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი აღრიცხულია რ. ჩ-ეზე.
კასატორი ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია №... შენობაში, მე-... სართულზე მდებარე 308.99 კვ.მ ფართზე და არა რომელიმე მიწის ნაკვეთზე. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოც და თბილისის სააპელაციო სასამართლოც მსჯელობას ავითარებენ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე დაყრდნობით, საყურადღებოა აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროექტი არის ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საჯარო მმართველობითი სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად.
კასატორის მოსაზრებით აღნიშნული ნორმებით და თავად საკანონმდებლო აქტის დასახელებითაც დგინდება, რომ კანონი ვრცელდება მხოლოდ მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციაზე - კანონის არცერთი დანაწესი არ ითვალისწინებს შენობა-ნაგებობაში არსებულ ბინაზე/ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დადგენას ან/და განმარტებას. სააპელაციო სასამართლო განჩინების 4.7 პუნქტში უთითებს, რომ რ. ჩ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, მარნეულის რაიკოოპკავშირის გამგეობის 2004 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილება, რომელთა თანახმად, მარნეულის რაიკოოპკავშირის გამგეობამ რ. ჩ-ეს საკუთრებაში გადასცა ქ. მარნეულში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ... კვ.მ ფართი. განჩინების 4.8 პუნქტში სააპელაციო პალატა მსჯელობს იმ გარემოებაზე, რომ რ. ჩ-ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს თუ არა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სპორადული რეგისტრაციის განსახორციელებლად. აქვე სასამართლო უთითებს აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, სადაც გარკვევითაა განსაზღვრული, რომ კანონის მიზანია განხორციელდეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე. კასატორი ყურადღებას ამახვილებს „ე“ ქვეპუნქტზე, სადაც განმარტებულია მიწის ნაკვეთის ცნება, კერძოდ, მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე; აღნიშნული ნორმა მოიცავს მიწის ნაკვეთის განსაზღვრებას, კერძოდ, უშვებს, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე შესაძლოა არსებობდეს შენობა-ნაგებობაც, თუმცა, კანონში არსად არის მითითებული, რომ აღნიშნული კანონი ვრცელდება შენობა-ნაგებობაში არსებულ კონკრეტულ ბინასა თუ ერთეულზე, მიწის ნაკვეთის გარეშე. განჩინების 4.9 პუნქტში სააპელაციო სასამართლო, გარდა იმისა, რომ მიიჩნევს, რომ ერთეულზე რეგისტრაცია შესაძლებელია მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციისათვის არსებული სპეციალური კანონით, ასევე, უთითებს ამავე კანონის იმ მუხლზე სადაც ჩამოთვლილია მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტები. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იდენტური ჩამონათვალი ფიქსირდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ გარდა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტებისა, წინამდებარე შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს ეს კანონიც. ამასთან, სააპელაციო სასამართლო სამართლებრივი დასაბუთების ეტაპზე სრულად ეყრდნობა ე.წ „მიწის კანონმდებლობას“, კერძოდ, ადგენს, რომ ბინა-ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე რეგისტრაციის სამსახურს უნდა გამოეყენებინა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რაც მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. 4.17 პუნქტის მიხედვით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია ავალდებულებდა მარეგისტრირებელ ორგანოს, ემსჯელა, ხომ არ არსებობდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წინაპირობები. აღნიშნულ პუნქტში სასამართლო კვლავ უთითებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ამასთან, დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იმსჯელებდა, არსებობდა თუ არა მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის საფუძველი, მაშინ, როდესაც სარეგისტრაციო ობიექტს წარმოადგენდა შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე მდებარე ფართი და არა მიწის ნაკვეთი. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლო განჩინების 4.18. პუნქტში უთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ ჩამონათვალს, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად. სასამართლო განმარტავს, რომ ამ პუნქტში მითითებულ „სხვა დოკუმენტს“ წარმოადგენს სწორედ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ადგენს, რომ არსებობს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რატომღაც პირდაპირ საკუთრების უფლების რეგისტრაციას არ ავალებს სააგენტოს და ავალებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევას.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2004 წელს მოქმედი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 3 მაისის კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ადასტურებდა გარიგებებს (ხელშეკრულებებს, ანდერძებს, რწმუნებულებებს და სხვა). ამ კანონის 52-ე მუხლი ადგენდა სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის წესს, კერძოდ პირველი პუნქტის მიხედვით, ყველა სანოტარო მოქმედება, რომელსაც ასრულებდნენ ნოტარიუსები რეგისტრაციაში ტარდებოდა სანოტარო რეესტრში, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ყველა შესრულებულ სანოტარო მოქმედებას ეძლეოდა დამოუკიდებელი ნომერი, რომელიც აუცილებლად უნდა აღნიშნულიყო გაცემულ დოკუმენტებსა და დამადასტურებელ წარწერებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2004 წლის თებერვალში მოქმედი რედაქციით, 183-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იყო, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეეძლო როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, საბუთში ზუსტად უნდა აღნიშნულიყო უძრავი ნივთის შეძენის საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2004 წლის თებერვალში მოქმედი რედაქციის 1514-ე მუხლი ეხება უძრავი ნივთების რეგისტრაციას გარდამავალ პერიოდში. ამ მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება უნდა მოხდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე. ამასთან, მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მოხდეს მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 1998 წლის 10 იანვრის 2-5 ბრძანების თანახმად, რომლითაც დამტკიცდა საჯარო რეესტრის ამონაწერის ფორმები, ამავე დეპარტამენტში, სწორედ ბრძანების გამოცემის თარიღიდან ამოქმედდა საჯარო რეესტრის სამსახური. ამასთან, საჯარო რეესტრის პარალელურად არსებობდა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურები, რომელთა კომპეტენციას 1998 წლის 10 იანვრის შემდეგ აღარ მიეკუთვნებოდა უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე საკუთრებისა თუ სხვა უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურები რეგისტრაციას ახორციელებდნენ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან 1998 წლის 10 იანვრამდე, ხოლო ამის შემდეგ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრი. „საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის N416 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დადგინდა, რომ ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და არქივის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა. საჯარო რეესტრს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალები გადაეცა არქივის სახით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტექნიკური აღრიცხვის არქივში 2004 წელს განხორციელებული აღრიცხვა არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას და შესაბამისად, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს აუცილებელი იყო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის წარმოდგენა. რაც შეეხება სარეგისტრაციოდ წარდგენილ 2016 წლის 21 ოქტომბრის შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა ვ. ბ- და რ. ჩ-ეს შორის, აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან უძრავი ნივთის გამყიდველი - ...ის …ო კოოპერატივების კავშირი, არ წარმოადგენს ნასყიდობის საგნის მესაკუთრეს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო აფასებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას. სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი სარეგისტრაციო წარმოების დროს ისეთი სახის პროცესუალური დარღვევები, რომლებიც გამოიწვევდა აქტის ფორმალურ უკანონობას, ამდენად სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება მსჯელობას, რომ სადავო აქტები მატერიალურად უკანონოა. თუმცა, სასამართლო ვერ უთითებს იმ გარემოებებზე რაც გახდებოდა საფუძველი აქტის მატერიალური უკანონობისა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო მმართველობის განხორციელება - ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, ქმედების განხორციელებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების ფორმით. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება ეფუძნება კანონს და მიზნად ისახავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლით განსაზღვრულ მიზანს - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვას. აღნიშნული დებულებების დაუცველობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და რეალაქტის სამართლებრივი შედეგის გაუქმების საფუძველია. ამ კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით მოწესრიგებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მის გამოცემას. ადმინისტრაციული წარმოების უმთავრესი პრინციპია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, ხოლო მიზანი - კანონიერი და დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოს, ერთ-ერთი ძირითადი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებაა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია. ამ უმნიშვნელოვანესი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მინიჭებით, კანონმდებელმა მას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და მისი საჯარო წესრიგთან და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა დააკისრა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება, ზოგადად, მმართველობითი ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებით ამავე კოდექსით დადგენილი უმნიშვნელოვანესი პრინციპები, მათ შორის კანონიერების, გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვისა და სხვა პრინციპები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობები, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლების რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით კი სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სარეგისტრაციო წარმოების შედეგად. სარეგისტრაციო წარმოება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებაა, იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რომელსაც განსაზღვრავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულება, შეისწავლოს უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასებები, გულისხმობს, როგორც ზოგად-სამართლებრივ ჭრილში საკითხის შეფასებას, ისე კონკრეტული კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას, კერძოდ, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს რეგისტრაცია, რომელსაც მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი განმარტავს და განსაზღვრავს, რომ რეგისტრაცია წარმოებს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით. სხვა სამართლებრივ შედეგებთან ერთად, საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა და შეწყვეტა სწორედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას - რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა. ამდენად, დგინდება, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადაოდ ქცეული გადაწყვეტილებების მიღებისას შესწავლილ იქნა, როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული დოკუმენტაცია სრულად. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მის ხელთ არსებული რესურსის ფარგლებში, სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არ იქნა დარღვეული საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ნორმები.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად გამოიყენა და არასწორად განმარტა კანონი, რასაც არასწორი, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოყვა შედეგად. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები და სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. შესაბამისად, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საქმეზე დადგენილია, რომ რ. ჩ-ემ მიმართა მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. მარნეულში, ... ...ის ქ. №...-ში მდებარე ... კვ.მ-ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მის მიერ მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლად წარდგენილი იქნა შემდეგი დოკუმენტაცია: მარნეულის რაიკოოპკავშირის გამგეობის 2004 წლის 25 თებერვლის N3 დადგენილება, 2004 წლის 25 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მარნეულის რაიკოოპკავსირის გამგეობამ საკუთრებაში გადასცა რ. ჩ-ეს ქ. მარნეულში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე შენობის მე-... სართულის ... კვ.მ ფართი. ასევე წარდგენილი იქნა 2016 წლის 21 ოქტომბრის ნოტარიული წესით დამოწმებულიშეთანხმება, რომლითაც რ. ჩ-ემ და ...ის …ო კოოპერატივების კავშირის თავმჯდომარე ვ. ბ-მა დაადასტურეს სადავო უძრავ ქონებაზე გარიგების არსებობის ფაქტი.
სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე რ. ჩ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს თუ არა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სპორადული რეგისტრაციის განსახორციელებლად.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთის განაწილებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე გამოიტანა გადაწყვეტილება. ამასთან, საგულისხმოა, რომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შეზღუდულია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებით დაეხმაროს მხარეებს სასურველი შედეგის მიღწევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეგროვების უფლებამოსილება რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით. თუმცა მხოლოდ კონკრეტული მხარის სასარგებლოდ და საპირისპირო მხარის წინააღმდეგ სასამართლოს ინიციატივით მტკიცებულებების მოპოვება არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სამართლიანი და მიუკერძოებელი საქმის განხილვის უფლებას, რამდენადაც ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის შესაბამისად (სასკ-ის მე-19 მუხლი), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. სწორედ აღნიშნული მიზნის მისაღწევად არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება დადგენილი, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული ხარვეზები არსებითი შინაარსისა და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებების - გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში უფლების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს მტკიცებულებები. ამასთან, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება და ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 13.12.2018წ. №35244 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე