№ბს-93(კს-20) 25 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ. ლ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - მ. ტ-ი; თ. ტ-ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები (16.2) - ი. ფ-ე; თ. ფ-ე
მესამე პირი (16.1) - ა. გ-ე
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 11 სექტემბერს მ. ტ-მა და თ. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ი. ფ-ის, თ. ლ-ის და თ. ფ-ის მიმართ.
მოსარჩელეებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილების (ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ... (ყოფილი ...) ქ. №10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) 52 კვ.მ მიწის ფართობის ნაწილში საკუთრების უფლების რეგისტრაციიის შესახებ) ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოპასუხედ მითითებული ი. ფ-ე და თ. ფ-ე საქმეში ჩაებნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირებად, ხოლო თ. ლ-ე და ა. გ-ე ამავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირებად.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ტ-ისა და თ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილება - ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ... (ყოფილი ...) ქ. №10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) თ. ფ-ის და თანამესაკუთრეების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, კერძოდ, მ. და თ. ტ-ების კუთვნილი 52 კვ.მ. მიწის ფართობის ნაწილში, 2017 წლის 10 ნოემბრის განცხადებაზე თანდართული ნახაზის შესაბამისად.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ლ-ემ, ი. ფ-ემ და თ. ფ-ემ. ასევე ცალკე გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით ი. ფ-ისა და თ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი - თ. ლ-ე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქმეში ჩაბმული ჩვეულებრივი მოწვევის მესამე პირი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით არ სარგებლობდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება თ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თ. ლ-ემ, ი. ფ-ემ და თ. ფ-ემ. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ამდენად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება არის უკანონო და არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით, დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩა თ. ლ-ის, ი. ფ-ისა და თ. ფ-ის კერძო საჩივარი ი. ფ-ისა და თ. ფ-ის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით, თ. ლ-ის, ი. ფ-ისა და თ. ფ-ის კერძო საჩივარი თ. ლ-ის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ლ-ის, ი. ფ-ისა და თ. ფ-ის კერძო საჩივარი თ. ლ-ის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. თუ სამართალურთიერთობაში მონაწილეობს 10 პირზე მეტი, მაშინ სასამართლო საქმეში ჩააბამს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. იგი არის სპეციფიკური პროცესუალური საშუალება, რომელიც მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც მართალია არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული პროცესის უშუალო მხარეებს (მოსარჩელე/მოპასუხე), თუმცა შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები.
ზემოთმითითებულ ნორმაზე დაყრდნობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს ორი სახის მესამე პირს - ,,ჩვეულებრივი“ მიწვევის და ,,აუცილებელი (სავალდებულო)“ მიწვევის მესამე პირს.
სასამართლოში მესამე პირების ,,ჩვეულებრივი“ მიწვევის წინაპირობაა ის, რომ სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება შესაძლებელია, შეეხოს მიწვეული მესამე პირის სამართლებრივ ინტერესებს. არ არის სავალდებულო, რომ მესამე პირის უფლებებს ნამდვილად შეეხოს გადაწყვეტილება. საკმარისია, მესამე პირის მიწვევის დროს იყოს იმის ვარაუდი, რომ გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს მის სამართლებრივ ინტერესებზე. აღსანიშნავია, რომ მაშინაც კი, როდესაც სახეზეა მესამე პირის ,,ჩვეულებრივი“ მიწვევის წინაპირობები, გადაწყვეტილებას საქმეში მათი ჩაბმის თაობაზე სასამართლო იღებს თავისი შეხედულებით. სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული, საქმეში ჩააბას ,,ჩვეულებრივი“ მიწვევის მესამე პირები, ხოლო რაც შეეხება, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის სავალდებულო ჩაბმას, აქ სახეზეა მესამე პირთა არამხოლოდ სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებით, არამედ მათთვის გარკვეული სამართლებრივი უფლებებისა და მოვალეობების დაკისრება. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება მესამე პირთა უფლება-მოვალეობანიც და არა მარტო მათი სამართლებრივი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის №ბს-1133-1127(კს-17) განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.“ ამავე საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (16.2 მუხლი) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით.“
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მასვე ეკისრება მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა მოვალეობა. ამდენად, ,,სავალდებულო“ მიწვევის მესამე პირი სარგებლობს მხარის ყველა უფლებით, მათ შორის, უფლება აქვს, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) ზემდგომ სასამართლოებში, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამასთან, რაც შეეხება ,,ჩვეულებრივი“ მიწვევის მესამე პირებს, ისინი ,,სავალდებულო“ მიწვევის მესამე პირების მსგავსი უფლებებით არ სარგებლობენ. მათ უფლება აქვთ მხოლოდ მონაწილეობა მიიღონ საქმის განხილვაში, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და განახორციელონ პროცესში მონაწილეობისათვის აუცილებელი სამართლებრივი მოქმედებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის №ბს-585-585(კს-18) განჩინებაზე, სადაც აღინიშნა, რომ „ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება - მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს გააჩნია როგორც უფლებამოსილება, ასევე, აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.“ ამავე საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მესამე პირად ჩასაბმელი პირის სტატუსის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში მონაწილე მესამე პირის საპროცესო-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა სწორედ ჩაბმის ფორმას უკავშირდება, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ „სავალდებულო მიწვევის" მესამე პირის საქმეში ჩაბმა მოსამართლის ვალდებულებაა და არა უფლებამოსილება, ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ მესამე პირის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების დროს, მხედველობაში უნდა მიიღოს არა მხოლოდ მისი სტატუსი საქმეში, არამედ ასევე, შეამოწმოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული მესამე პირის მარტივი ფორმით ჩაბმის მართლზომიერებაც. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირის სტატუსის შეცვლისათვის შესაბამისი კანონისმიერი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი და ამასთანავე, ვალდებულიცაა მიანიჭოს მას სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის, დიდმა პალატამ 2009 წლის 28 ივლისს მიღებულ განჩინებაში საქმეზე №ბს-1537-1494(კ-08) აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არ ჩააბა სავალდებულო მიწვევის მესამე პირი, რომელიც იმ სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე იყო, რის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი. დიდმა პალატამ განმარტა, რომ ეს იყო უხეში საპროცესო დარღვევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.
ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ საქმეში ჩვეულებრივი მიწვევის მესამე პირად ჩაბმული მესამე პირი, რეალურად „სავალდებულო მიწვევის" სტატუსის მატარებელი მესამე პირია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ ცალსახად უნდა დაუშვას მისი სააპელაციო/საკასაციო საჩივარი და მისცეს მას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, ვინაიდან, გასაჩივრების უფლების შეზღუდვამ შესაძლოა მისი სასამართლოსათვის ხელმისაწვდომობის უფლებისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა გამოიწვიოს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე კაკამოუკასი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს უძრავი ქონების (ს/კ ...) საკუთრების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (52 კვ.მ.-ის ნაწილში) წარმოადგენს. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული უძრავი ქონების დაყოფის შედეგად, სადავო ტერიტორია მოქცეულია თ. ლ-ის საკუთრებაშიც (ს/კ …), შესაბამისად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგება თ. ლ-ის კანონით დაცულ ინტერესს, რაც მას სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილებას ანიჭებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში თ. ლ-ის, ი. ფ-ისა და თ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის თ. ლ-ის ნაწილში დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ლ-ის, ი. ფ-ისა და თ. ფ-ის კერძო საჩივარი თ. ლ-ის ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე თ. ლ-ის, ი. ფ-ისა და თ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის თ. ლ-ის ნაწილში დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე