№ბს-27(კ-20) 25 მარტი, 2020 წელი ქ.2თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 12 მარტს მ. ჭ-მა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მობილობის შეუძლებლობის გამო მ. ჭ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №57 ბრძანების ბათილად ცნობის, მოპასუხისათვის მის მიმართ მობილობის წესის გამოყენების და იმავე ან ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენის დავალდებულების და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, მ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №57 ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო მ. ჭ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ; თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მ. ჭ-ის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის (ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტის მერიის … მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის) ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დაევალა; თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მ. ჭ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე ანაზღაურება დაევალა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ. აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის 26 გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის თანახმად, იმისათვის, რომ განხორციელდეს მობილობა, უნდა არსებობდეს შემდეგი პირობები ერთდროულად, კუმულაციურად: უნდა არსებობდეს დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა; რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და შერწყმას თან უნდა სდევდეს შტატების შემცირება; უნდა არსებობდეს შესაბამისი მოხელის თანხმობა. სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში ცალსახად დადგენილად მიიჩნია, რომ არც ერთი კანონით დადგენილი კრიტერიუმი მოსარჩელის შემთხვევაში არ არსებობდა, არ მომხდარა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია/გაუქმება, ასევე, არ მომხდარა საშტატო ერთეულის გაუქმება ან შემცირება და არ არსებობდა მ. ჭ-ის თანხმობა მობილობასთან დაკავშირებით. საშტატო ერთეული იგივე ფუნქციური დანიშნულებით ისევ არსებობდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, წარმოადგენდა თელავის მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეულს, სახელწოდება ჰქონდა შეცვლილი, არ გულისხმობდა, რომ საშტატო ერთეული იქნა გაუქმებული. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის თანამდებობა დღემდე არსებობდა უწყებაში, თანამდებობაზე მობილობით გადაყვანილი იქნა სხვა პირი, დაუსაბუთებელია, თუ რატომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული მოსარჩელის მობილობის შეუძლებლობის გამო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის შტატი არსებობდა და არ შეცვლილა, არც კრიტერიუმი და ფუნქციური დანიშნულება და ასევე, მოსარჩელე ფარული სამუშაო აქტების დადასტურებაზე პასუხისმგებელ პირადაც კი იყო განსაზღვრული, არ ჰქონია დისციპლინური სახდელი და მიეცა შეფასება - კარგი, დაუსაბუთებელი და გაუგებარი იყო, რის საფუძველზე მიიღო და გამოსცა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა 2017 წლის 28 ნოემბრის აქტი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის მიმართ დადგენილი იქნა შესაბამისი კომპეტენციის და უნარ-ჩვევების და ცოდნის შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორი განმარტავს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მოხდა თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანება, შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტი, ხოლო ძველი გაუქმდა, აღნიშნული კი არასწორად განიმარტა სასამართლოს მიერ. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს წინაშე წარდგენილი მტიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად ნამდვილად შემცირდა შტატების რაოდენობა და შეუძლებელი იყო ყველა თანამშრომლის გადაყვანა ახალ მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, შტატების სიმცირის გამო თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მათზე გაიცა კომპენსაცია. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მსჯელობის გათვალისწინებით, ვინც გათავისუფლდა შტატების შემცირების შედეგად, ყველას რომ გაესაჩივრებინა და მომხდარიყო მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება, შეიქმნებოდა ქაოტური და დაურეგულირებელი მდგომარეობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მ. ჭ-ის მობილობას დაქვედებარებისა და მობილობის შეუძლებლობის გამო მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს, კერძოდ, საჯარო მმართველობის განხორციელების დროს ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა (102-ე მუხლის პირველი პუნქტი). რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ხდება მობილობის საფუძველი, კერძოდ, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით (52-ე მუხლის პირველი პუნქტი).
საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა იმ განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ განხორციელდეს მობილობა, უნდა არსებობდეს შემდეგი პირობები ერთდროულად, კუმულაციურად: უნდა არსებობდეს დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა; რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და შერწყმას თან უნდა სდევდეს შტატების შემცირება; უნდა არსებობდეს შესაბამისი მოხელის თანხმობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას იმ ნაწილში, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-IIს დადგენილების მე-5 პუნქტზე რომლის თანახმადაც, თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად - თელავის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი თელავი. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, ,,2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N416 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველ მუხლზე, რომლითაც განიმარტა: ა) გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წელს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი; ბ) ახალი მუნიციპალიტეტი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წელს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად შესაქმნელი მუნიციპალიტეტი; ამავე წესით განმარტებულია, რომ, ახალი მუნიციპალიტეტი არის უფლებამონაცვლე გაერთიანებული გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებისა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანების (შერწყმის) შედეგად ჩამოყალიბდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი და მუნიციპალიტეტში ჩატარებულ რეაორგანიზაციას ცალსახად მოჰყვა შტატების შემცირება, მაგრამ განსახილველი საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანია ის გარემოება, შტატი, რომელზედაც მოსარჩელე მუშაობდა, არ გაუქმებულა (არ შემცირებულა) და ფუნქციური დანიშნულება არ შეცვლია, ასევე, დადგენილია, რომ აღნიშნულ საშტატო ერთეულზე დაინიშნა სხვა პირი, ხოლო სადავო გადაწყვეტილებით მ. ჭ-ი დაექვემდებარა მობილობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთვარობის 2017 წლის 1 სექტემბრის №417 დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, 2017 წლის შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება მ. ჭ-ის მობილობას დაქვემდებარების შესახებ განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მას პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების წესის შესაბამისად მინიჭებული ჰქონდა შეფასება - კარგი. ამასთან, საქმის მასალების თანახმად, სადავო არ გამხდარა, რომ არარსებობს მობილობის განსახორციელებლად საჭირო მესამე პირობა - მ. ჭ-ის თანხმობა მობილობასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე არ გაქვს მობილობის განსახორციელებლად საჭირო სამივე პირობა ერთდროულად, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის მიმართ მობილობის გამოყენების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე