Facebook Twitter

№ბს-28(კ-20) 25 მარტი, 2020 წელი ქ.2თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ტ-ი; მესამე პირი (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) - ლ. გ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 7 მარტს მ. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მისი განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, უკანონოდ ეთქვა უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ქ. გორში, ... ქ. №43-ში, შპს ,,...“-ში - ... დასახლებაში ფაქტობრივად არ ცხოვრების საფუძვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 01 თებერვლის №108 ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების მიღებისას სრულყოფილად დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. კერძოდ, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმისას სამინისტრომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ტ-ი და მისი ოჯახი (არასრულწლოვანი ოჯახის დევნილი წევრი - ლ. გ-ი) ფაქტობრივად არ ცხოვრობდა შპს „...“-ის შენობაში და შესაბამისად, არ სარგებლობდა, რეალურად არ იყენებდა სახელმწიფოს მიერ მათთვის გამოყოფილ საცხოვრებელ ფართს. აღნიშნული გარემოების დადგენას კი საფუძვლად დაედო იძულებით გადაადგილებულ პირთა - 2017 წლის 14 ოქტომბრის მონიტორინგის ფორმა, ასევე 2017 წლის 13 სექტემბრის ადგილზე გამოცხადების ოქმი.

ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი აქტით, მეზობლები ადასტურებდნენ 11 წლის ლ. გ-ის თითქმის ყოველდღე სკოლის შემდეგ მამის მშობლებთან სიარულის და ხშირად მათთან დარჩენის ფაქტს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მ. ტ-ი დაახლოებით 7 თვის განმავლობაში მეორედ დაოჯახების შემდეგ ცხოვრობდა სხვა მისამართზე (ქირით), ვერ დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ლ. გ-ი არ ცხოვრობდა/არ უცხოვრია აღნიშნულ მისამართზე. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, თუ რა საცხოვრებელი პირობები არსებობდა მოცემულ შენობაში.

საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის ოჯახი არის თავშესაფარის არმქონე, რომელიც საჭიროებს განსახლებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, რაც მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელე მ. ტ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ სასამართლოს კონტროლის პირობებში ქმნიდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წინაპირობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის შესაბამის კომპაქტურ დასახლებაში არცხოვრების ფაქტზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით დადასტურდა რამდენიმე თვიანი მონიტორინგის შედეგად. ამასთან, სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი დაადასტურა თავად მოსარჩელემაც, როდესაც განაცხადა, რომ მეორე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სხვა მისამართზე.

კასატორი ხაზს უსვამს დევნილი ოჯახებისათვის პრიორიტეტების მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ ოჯახებს, ვინც მათთვის განკუთვნილ ფართებში ფაქტობრივად ცხოვრობენ და რომლებსაც არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი შეუზღუდავ სარგებლობაში. კასატორის განმარტებით, იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი შეუზღუდავ სარგებლობაში, ვერ მიენიჭებათ უპირატესობა მხოლოდ დევნილთა საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციის გამო, იმ ოჯახებთან შედარებით, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ დევნილთა რეგისტრაციის მისამართზე მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში და არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი; დევნილი ოჯახები, რომლებსაც გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი, სახელმწიფოსგან კმაყოფილდებიან მინიჭებული ქულების შესაბამისად, რიგითობით. აღნიშნულის შესაბამისად, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას, რომ მოკვლევის პერიოდში მოსარჩელის ოჯახის შპს „...“-ში არცხოვრება და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა, არ უნდა გახდეს მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესის არსებობას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ აქვს ახსნილი თუ რომელ კანონიერ უფლებას ან ინტერესს აყენებს ზიანს ან მის რომელ უფლებას ზღუდავს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო შემწეობის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად გაიზიარა და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულსამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა“ განიმარტება, როგორც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, ამავე წესის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა რეგისტრაციის მისამართზე არ ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მ. ტ-ი მეორედ დაოჯახების შემდეგ ცხოვრობს სხვა მისამართზე არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დევნილის სტატუსის მქონე მისი არასრულწოვანი შვილი - ლ. გ-ი არ ცხოვრობს/არ უცხოვრია აღნიშნულ მისამართზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის შესაბამის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არარსებობა და მომეტებული საფრთხის შემცველობა, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, არასრულწოვანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მისი საუკეთესო ინტერესების დაცვის აუცილებლობა, რაც ცალსახად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად სავალდებულო და გარდაუვალ კრიტერიუმად მივიჩნიოთ არასრულწლოვანის სიცოცხლისათვის საშიშ/საცხოვრებლად შეუსაბამო პირობებში ცხოვრების აუცილებლობა, მაშინ როდესაც საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მას და მის ოჯახს საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. ამდენად, აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული ორგანოს უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

ამასთან, კასატორი აგრეთვე სადავოდ ხდის მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესის არსებობას გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა (სასკ-ის 22-ე მუხლი) და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით (სასკ-ის 23-ე მუხლი). ამასთან, როგორც შეცილებითი (სასკ-ის 22-ე მუხლი), ასევე მავალდებულებელი (სასკ-ის 23-ე მუხლი) სარჩელის დასაშვებობის წინაპირობაა მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა. მოცემულ საქმეში, მოსარჩელეს, რომელიც გახლავთ დევნილის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენელი, გასაჩივრებული აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ამდენად, გაუგებარია, რა კითხვის ნიშნები შეიძლება არსებობდეს სადავო აქტების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობასთან მიმართებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო შემწეობის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე