საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-56(კ-20) 4 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
04.03.2019წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ი/მ რ. ჯ-ის მიმართ.
მოსარჩელემ ი/მ რ. ჯ-თვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე: ქ. თბილისში, ..., ...-ის N17, ს/კ ..., რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილი, შენობა N3, 401,20 კვ.მ ფართი) არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის: 2015 წლისთვის - 2583,9 ლარის, 2016 წლისთვის - 3180 ლარისა და 2017 წლის იანვრიდან 07 ნოემბრამდე - 2835 ლარის, სულ ჯამში 8598,9 ლარის გადხადის დაკისრება მოითხოვა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: თბილისში, ..., ...-ის N17-ში მდებარე 12 116 კვ.მ დაზუსტებული ფართი (ს/კ ...) 2015 წლის 6 მარტიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით - 401,20 კვ.მ ფართის N3 შენობა-ნაგებობით სარგებლობს რ. ჯ-ე, რომელიც 2007 წლის 19 ნოემბრიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.08.2017წ. №7/39899 წერილით ი/მ რ. ჯ-ეს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...-ში, ...-ის N17-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც ის სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს შესაბამის ფართს სამეწარმეო საქმიანობისთვის. სააგენტომ მოსთხოვა ი/მ რ. ჯ-ეს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 6 მარტიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. 18.09.2017წ. №7/47841 წერილით სააგენტომ კვლავ აცნობა ი/მ რ. ჯ-ეს მისი მხრიდან ზემოაღნიშნული ფართის არამართლზომიერად სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების შესახებ. სააგენტომ მოსთხოვა მეწარმეს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, არამართლზომიერად სარგებლობის მთელი პერიოდისთვის: 2015 წლის 6 მარტიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით - თვეში 261 ლარის, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - თვეში 265 ლარის, ხოლო 2017 წლის იანვრიდან - თვეში 277ლარის ოდენობით. 20.03.2018წ. №7/16029 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ი/მ რ. ჯ-ეს კიდევ ერთხელ აცნობა მისი მხრიდან ზემოაღნიშნული ფართის არამართლზომიერად სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების შესახებ. ამავე წერილით მეწარმეს განემარტა, რომ მას წერილის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოეხდინა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში, არამართლზომიერად სარგებლობის მთელი პერიოდისთვის, 2015 წლის 6 მარტიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით - თვეში 261 ლარის, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - თვეში 265 ლარის, ხოლო 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის 07 ნოემბრამდე - თვეში 277 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.05.2019წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე მუხლებზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში უტყუარად არ დასტურდება ი/მ რ. ჯ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საფოსტო შეტყობინების ბარათებზე, საიდანაც ირკვევა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ი/მ რ. ჯ-თვის გაგზავნილი კორესპონდენცია (სააგენტოს 04.08.2017წ. №7/39899, 18.09.2017წ. №7/47841 და 20.03.2018წ. №7/16029 წერილები) ადრესატს არ ჩაბარებია. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ თავად დაადასტურა, რომ ადგილზე შემოწმებისას მოპასუხე არ იმყოფებოდა. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, დაუდგენელია ზემოაღნიშნული უძრავი ქონებით მოპასუხის მიერ უტყუარად სარგებლობის ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.05.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2019წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.05.2019წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საჯარო რეესტრიდან 30.01.2019წ. ამონაწერის თანახმად, თბილისში, ...-ში, ...-ის N17-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 12 116 კვ.მ, ს/კ ...), 2015 წლის 6 მარტიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე.
13.07.2017წ. N172017000506 ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, თბილისში, ...-ში, ...-ის N17-ში მდებარე 12 116 კვ.მ ფართის უძრავ ქონებაზე განთავსებული N3 შენობა-ნაგებობით სარგებლობს ი/მ რ. ჯ-ე (ს/ნ ...), რომელიც 2007 წლის 19 ნოემბრიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.08.2017წ. №7/39899 წერილით ი/მ რ. ჯ-ეს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...-ში, ...-ი N17-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...) წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც იგი სარგებლობდა არამართლზომიერად და იყენებდა მას სამეწარმეო საქმიანობისთვის. სააგენტომ მოსთხოვა ი/მ რ. ჯ-ეს მითითებული უძრავი ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, 2015 წლის 6 მარტიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.09.2017წ. №005223017 დასკვნის თანახმად, თბილისში, ...-ში, ...-ი N17-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული N3 შენობა-ნაგებობის (საერთო ფართი 401,20 კვ.მ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, 2015 წლის 6 მარტიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით, მთლიან 401.20 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 261 ლარს. 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთლიან 401.20 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 265 ლარს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან დღემდე, მთლიან 401.20 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 277ლარს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 18.09.2017წ. №7/47841 წერილით ი/მ რ. ჯ-ეს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...-ში, ...-ი N17-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც (N3 შენობის 401.20 კვ.მ ფართი) იგი სარგებლობდა არამართლზომიერად და იყენებდა ფართს სამეწარმეო საქმიანობისთვის. ი/მ რ. ჯ-ეს ეთხოვა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, 2015 წლის 06 მარტიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით - თვეში 261 ლარის, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - თვეში 265 ლარის, ხოლო 2017 წლის იანვრიდან - თვეში 277 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, არამართლზომიერად სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 08.02.2018წ. საფინანსო სამსახურის №13031 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ი/მ რ. ჯ-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დღემდე გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
20.03.2018წ. №7/16029 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ი/მ რ. ჯ-ეს კიდევ ერთხელ აცნობა მისი მხრიდან ზემოაღნიშნული ფართის არამართლზომიერად სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების შესახებ. ამავე წერილით მეწარმეს განემარტა, რომ მას წერილის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოეხდინა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში, არამართლზომიერად სარგებლობის მთელი პერიოდისთვის, 2015 წლის 6 მარტიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით - თვეში 261 ლარის, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - თვეში 265 ლარის, ხოლო 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის 7 ნოემბრამდე - თვეში 277 ლარის ოდენობით.
სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის ჩაბარება/არ ჩაბარების შეტყობინების ბარათებით დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ი/მ რ. ჯ-თვის გაგზავნილი კორესპონდენცია ადრესატს არ ჩაბარებია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 1.6. მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე კანონის 36.1 მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლაპატრონობა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36.13 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად არ დასტურდება ი/მ რ. ჯ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ...-ში, ...-ის N17-ში რეგისტრირებული N3 შენობა-ნაგებობის (ს/კ ..., საერთო ფართი - 401,20 კვ.მ) სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში მოიპოვება არაერთი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ი/მ რ. ჯ-თვის გაგზავნილი კორესპონდენციის (04.08.2017წ. №7/39899, 18.09.2017წ. №7/47841 და 20.03.2018წ. №7/16029 წერილები) ადრესატისათვის ჩაუბარებლობას. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგინდეს უძრავი ქონებით მოპასუხის მიერ უტყუარად სარგებლობის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.10.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის, გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების ისეთი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც სარჩელს ამყარებდა, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდა სააგენტოს პოზიციას. სადავო ურთიერთობის ფარგლებში, ფართით სარგებლობა/არსარგებლობის ფაქტის დადასტურება მხარეთა ახსნა-განმარტებებით ვერ მოხდება. სააგენტომ საქმეზე წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულებები: ოქმები და უძრავი ქონების ამსახველი ფოტოსურათები, ხოლო მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომაზე არც კი გამოცხადდა. ამდენად, სააგენტოს მიერ მითითებული გარემოება, მოპასუხის მხრიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესახებ, სასამართლოს უნდა მიეჩნია დადგენილად, ვინაიდან მეორე მხარე ვერ/არ აქარწყლებს მის არსებობას.
კასატორი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე - ადგილზე დათვალიერების ოქმზე, საიდანაც დგინდება, რომ რ. ჯ-ე სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილს - N3 შენობა-ნაგებობას, ამასთანავე, ოქმში მითითებულია არამართლზომიერი მოსარგებლის პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ამდენად, რ. ჯ-ეს რომ არ განეხორციელებინა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობა, მის პირად მონაცემებთან წვდომა სააგენტოს წარმომადგენელს ვერ ექნებოდა, შესაბამისად, ეს გარემოება უტყუარად ადასტურებს რ. ჯ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტს.
კასატორის განმარტებით, ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. ამდენად, მტკიცების, გაქარწყლების, ნებისმიერი შეცილების თუ განხორციელებული ქმედების დასაბუთების მაღალი სტანდარტი, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოზეა გადატანილი. თუ ადმინისტრაციული ორგანო მიჩნეულია დავის მონაწილე „ძლიერ მხარედ“ და მას მაღალი სტანდარტები უწესდება, ლოგიკურია, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებებიც მაღალი სტანდარტისაა, როგორც კანონშესაბამისობის, ისე სანდოობის კუთხით. მოცემულ შემთხვევაში, იმ სახელმწიფო ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება (ადგილზე დათვალიერება და ოქმის შედგენა), რომლის უშუალო ფუნქციაც არის ქონების მართვა, განკარგვა, ასეთი ქმედებების ადმინისტრირება, ბუნებრივია, ჩაითვლება უტყუარად დადასტურებულად და აქვს მაღალი მტკიცებულების ძალა სასამართლოში.
კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა ასკ-ის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა და საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია. ამდენად, ცხადია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის აუცილებლობა, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, არასწორად განმარტა კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.01.2020წ. განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მათი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად, სამეწარმეო საქმიანობისთვის სარგებლობის საფასურის გადახდის დაკისრება ი/მ რ. ჯ-თვის. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36.13 მუხლს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისში, ...-ში, ... N17-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 12 116 კვ.მ, ს/კ ...) 2015 წლის 6 მარტიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 04.08.2017წ. ი/მ რ. ჯ-ეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ მეწარმე არამართლზომიერად სარგებლობდა ქ. თბილისში, ...-ში, ...-ის N17-ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით და იყენებდა მას სამეწარმეო საქმიანობისთვის. სააგენტომ მოსთხოვა ი/მ რ. ჯ-ეს უძრავი ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, 2015 წლის 6 მარტიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 18.09.2017წ. №7/47841 და 20.03.2018წ. №7/16029 წერილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ი/მ რ. ჯ-ეს კიდევ ერთხელ აცნობა მისი მხრიდან ზემოაღნიშნული ფართის არამართლზომიერად სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების შესახებ. ამასთან, 20.03.2018წ. №7/16029 წერილით მეწარმეს განემარტა, რომ წერილის მიღებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში უნდა მოეხდინა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში, არამართლზომიერად სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
საქმეში არსებული სს „საქართველოს ფოსტის“ შეტყობინების ბარათებით დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გაგზავნილი ზემოაღნიშნული კორესპონდენცია ი/მ რ. ჯ-ეს არ ჩაბარებია.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, უტყუარად არ დასტურდება ი/მ რ. ჯ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის - ქ. თბილისში, ...-ში, ...-ის N17-ში რეგისტრირებული N3 შენობა-ნაგებობის (ს/კ ..., საერთო ფართი - 401,20 კვ.მ) სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი. საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინების ბარათებით დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ი/მ რ. ჯ-თვის გაგზავნილი კორესპონდენცია (04.08.2017წ. №7/39899, 18.09.2017წ. №7/47841 და 20.03.2018წ. №7/16029 წერილები) ადრესატს არ ჩაბარებია. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული 13.07.2017წ. N172017000506 ადგილზე დათვალიერების ოქმი არ შეიცავს სრულყოფილ მონაცემებს მეწარმის შესახებ, არ ადასტურებს ოქმის მხარისათვის გაცნობის ან/და გადაცემის ფაქტს და შესაბამისად, ვერ ჩაითვლება იმ გარემოების მტკიცების საფუძვლად, რომ მეწარმე სარგებლობდა უძრავ ქონებაზე განთავსებული N3 შენობა-ნაგებობით. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას სასამართლოს მხრიდან მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორი გადანაწილების თაობაზე და საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოცემული საქმის პირველ და მეორე სასამართლო ინსტანციებში განხილვისას, ი/მ რ. ჯ-თვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინება, ასევე სასამართლო დოკუმენტების ჩაბარება ვერ მოხერხდა, რის გამოც, სასამართლომ მხარის ინფორმირება მოახდინა საჯარო შეტყობინების გზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე