Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-62(კ-20) 4 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2019წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

29.10.2018წ. ლ. უ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 10.09.2018წ. №1246 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, თბილისში, ... N5-ის მიმდებარედ, 921 კვ.მ ფართის ნაკვეთზე ლ. უ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 22.01.2018წ. (დამატებით - 03.05.2018წ.) განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა თბილისში, ... N5-ის მიმდებარედ, 921 კვ.მ ფართის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობს 1990 წლიდან და იგი შეადგენს N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის განუყოფელ ნაწილს. კომისიის 10.09.2018წ. №1246 განკარგულებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, კომისიამ სადავო აქტი გამოსცა სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე, განცხადებასთან ერთად, მას წარდგენილი ჰქონდა სადავო საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტები. უკვე რეგისტრირებულ ნაკვეთზე ვერ მოხდებოდა მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მიერთება. მთლიან ნაკვეთს აქვს ბუნებრივი, მყარი საზღვარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.2019წ. გადაწყვეტილებით ლ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2019წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. უ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 სექტემბრის N1246 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის გათვალისწინებით, ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე განცხადების წარდგენა ადმინისტრაციულ ორგანოში დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გარემოებები ქმნის განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. განმცხადებელს ეკისრება ვალდებულება, განცხადებაში მიუთითოს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებაზე, ამასთან, დაასაბუთოს ამგვარი გარემოებით განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 09.02.2017წ. N574 საოქმო გადაწყვეტილებით ლ. უ-ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ..., N5-ის მიმდებარედ, 921 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიის წევრმა მიუთითა, რომ 2010 წლის აეროგადაღებაზე არ ჩანს ღობის არსებობა. 22.01.2018წ. (ასევე დამატებით 03.05.2018წ.) კომისიას N... განცხადებით მიმართა ლ. უ-მა და მოითხოვა ქ. თბილისში, ..., N5-ის (საერთო ფართობი 1400 კვ.მ, ს/კ ...) მომიჯნავედ მდებარე 913 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნულ განცხადებას მხარემ დაურთო ტექბიუროს აზომვითი ნახაზი და საქართველოს რესპუბლიკის ქ. თბილისის მერიის ნაძალადევის გამგეობის კომუნალური მომსახურების და კეთილმოწყობის განყოფილების 19.05.1996წ. წერილი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 10.09.2018წ. №1246 განკარგულებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, ლ. უ-ს უარი ეთქვა მოთხოვნილ 913 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში მითითებულ იქნა, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის 09.02.2017წ. N574 საოქმო გადაწყვეტილებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომ 2010 წლის ორთოფოტოთი არ დგინდება საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი, ამდენად, არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, რაც ასევე საფუძვლად დაედო კომისიის 2017 წლის 9 თებერვლის N574 საოქმო გადაწყვეტილებას.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლა/შეფასების, ასევე მტკიცებულებათა შედარების შედეგად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ განსხვავებით აღიარების კომისიის 09.02.2017წ. N574 ოქმთან დაკავშირებით არსებული წარმოების მასალებისა, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოში მხარის მიერ დამატებით წარდგენილი იყო ტექბიუროს აზომვითი ნახაზი, ასევე 19.05.1996წ. წერილი, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს რესპუბლიკის ქ. თბილისის მერიის ნაძალადევის გამგეობის კომუნალური მომსახურების და კეთილმოწყობის განყოფილებამ 19.05.1996წ. წერილით მიმართა მოქალაქე ლ. უ-ს და აცნობა, რომ ქ. თბილისში, ... N5-ში, ადგილზე შემოწმებისას დადგინდა მაცხოვრებელთა დაუდევრობით და უყურადღებობით გამოწვეული, აღნიშნული ეზოს ღობის გასწვრივ შექმნილი უკანონო ...ისა და ანტისანიტარიის არსებობა. სამსახურმა საჭიროდ მიიჩნია ხსენებული ტერიტორიის დასუფთავება მაცხოვრებელთა ძალებით. ამავე წერილით ლ. უ-ს ეცნობა, რომ ეზოსა და გამწვანების რაიონული სამსახურის ეზოს შორის არსებული საცალფეხო ბილიკის გადაღობვა, შემდგომში ...ის ლიკვიდაციის მიზნით, მათი მხრიდან წინააღმდეგობას არ იწვევს. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, ცალსახაა, რომ მიწის ნაკვეთზე, როგორც ლ. უ-ის ღობის გასწვრივ არსებულ უკანონო ...ზე საუბარი იყო ჯერ კიდევ 1996 წელს. აქვე, პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს წარმოდგენილ ფერად ფოტოსურათებზე, სადაც განსხვავებით საქმეში არსებული ფოტოსურათების ასლებისა, მკაფიოდ და ნათლად ჩანს გავლებული სასაზღვრო მიჯნის არსებობა (მავთულის ბადე), რაც პალატის მოსაზრებით, არ იყო ხილვადი ორთოფოტოზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ლ. უ-ის განცხადების განუხილველად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, ქ. თბილისის მერიის ნაძალადევის გამგეობის კომუნალური მომსახურების და კეთილმოწყობის განყოფილების 19.05.1996წ. წერილი და ტექბიუროს ნახაზი ახლად აღმოჩენილი გარემოებებია.

სააპელაციო პალატამ ყურადღება ასევე გაამახვილა სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხული ნ. გ-ის განმარტებაზე. მოწმის განმარტებით, იგი არის 66 წლის და დაბადებიდან ცხოვრობს სადავო მიწის ნაკვეთის მეზობლად. მოწმემ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ლ. უ-ის მეუღლის მამას - მ. უ-ს, ბავშვობაში, დაახლოებით 15 წლის ასაკში, უ-ების ღობისაგან მოშორებით, სახელმწიფომ (გამწვანებამ) ტერიტორიაზე გააკეთა ქვის გამყოფი, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (არც ადრე და არც დღეის მდგომარეობით) პრეტენზია არავის განუცხადებია, ამასთან, არ არსებობს სადავო გარემოება ოჯახის წევრებს შორის. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა ზ. ჯ-მა განმარტა, რომ არის 81 წლის და დაახლოებით 40 წელზე მეტია რაც იცნობს ლ. უ-ის ოჯახს, ასაკიდან გამომდინარე, ხშირად ვეღარ ახერხებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ასვლას. მოწმემ დაადასტურა, რომ ფოტოსურათზე მითითებული მავთულის ღობე გავლებულია ლ. უ-ის ოჯახის წევრების მიერ, ბევრი წლის წინ. ფოტოსურათზე დაფიქსირებულ ქვის გამყოფზე მოწმემ განმარტა, რომ იგი მოწყობილია სახელმწიფოს (გამწვანების) მიერ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტ. უ-მა განმარტა, რომ ბავშვობიდან ცხოვრობს ლ. უ-ის მეზობლად, ლ. უ-ის ოჯახი მიწის ნაკვეთს ფლობს დაახლოებით 1960 წლიდან.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 11.06.2018წ. წერილზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ... N5-ის მიმდებარედ არსებული 921 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ)ზონაში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის'' მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით.

პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომელიც ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სააპელაციო სასამართლომ, 19.05.2008წ. მომზადებულ აზომვით ნახაზზე და საქართველოს რესპუბლიკის ქ. თბილისის მერიის ნაძალადევის გამგეობის კომუნალური მომსახურების და კეთილმოწყობის განყოფილების 19.05.1996წ. N2 წერილზე მითითებით, ასევე სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებების საფუძველზე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი სხვა რამე წერილობითი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიღოსადავო გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 11.06.2018წ. წერილზე და მიიჩნია, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ლ. უ-ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. პალატამ მიიჩნია, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონის იმპერატიული დათქმა: მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან, მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან და გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97.1 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ზემოთ მითითებული გარემოებებისა და “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნდა გამოსცეს ახალი, სათანადოდ დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.10.2019წ. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის განმარტებით, კომისიის 10.09.2018წ. N1246 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა თბილისში, ... ქუჩა I შესახვევ N5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა ამ მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, ასევე საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ლ. უ-ის განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი 09.02.2017წ. N574 საოქმო გადაწყვეტილებით. ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოება. კომისიამ მიიჩნია, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამასთანავე, პირველადი განცხადების განხილვის დროსაც არ დადასტურდა ლ. უ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის წესი, საკითხი გამოკვლეულია ზემოაღნიშნული კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად. კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს დასაშვებობის წინაპირობებს, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე განხილული აქვს მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით, რამაც გავლენა იქონია უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.2020წ. განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. აღნიშნული კანონის მე-51.2 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა, ხოლო 51.3 მუხლის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება, ასევე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 09.02.2017წ. N574 საოქმო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. უ-ის მოთხოვნა, თბილისში, ... პირველ შესახვევ N5-ის მიმდებარედ, 921 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ ლ. უ-მა 22.01.2018წ. და დამატებით 03.05.2018წ. კვლავ მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა თბილისში, ... პირველ შესახვევ N5-ის მიმდებარედ, 1400 კვ.მ საერთო ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ მდებარე 913 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 10.09.2018წ. №1246 განკარგულებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, ლ. უ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ არ დასტურდება დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის 09.02.2017წ. N574 საოქმო გადაწყვეტილების მიღებას, ასევე არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზაკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ აძლევდა საკითხის სხვაგვარად შეფასების შესაძლებლობას, ზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე. დადგენილია, რომ 22.01.2018წ. და 03.05.2018წ. განცხადებებთან ერთად, ლ. უ-მა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა აზომვითი ნახაზი და საქართველოს რესპუბლიკის ქ. თბილისის მერიის ნაძალადევის გამგეობის კომუნალური მომსახურების და კეთილმოწყობის განყოფილების მიერ გაცემული 19.05.1996წ. წერილი. აღნიშნული წერილის შინაარსით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე, როგორც ლ. უ-ის ღობის გასწვრივ არსებულ უკანონო ...ზე საუბარი იყო ჯერ კიდევ 1996 წელს. მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე წარმოდგენილ ფერად ფოტოსურათებზე, განსხვავებით საქმეში არსებული ფოტოსურათების ასლებისა, ნათლად ჩანს გავლებული სასაზღვრო მიჯნა (მავთულის ბადე), რაც არ იყო ხილვადი საკითხის თავდაპირველი განხილვის დროს წარდგენილ 2010 წლის ორთოფოტოზე.

საკასაციო პალატა ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებებს. მოწმეები ადასტურებენ, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს მოსარჩელე, ეკუთვნოდა ლ. უ-ის მეუღლის მამას - მ. უ-ს. მითითებული ოჯახის ღობისაგან მოშორებით, სახელმწიფომ (გამწვანებამ) ტერიტორიაზე გააკეთა ქვის გამყოფი, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (არც ადრე და არც დღეის მდგომარეობით) პრეტენზია არავის განუცხადებია. ფოტოსურათზე მითითებული მავთულის ღობე გავლებულია ლ. უ-ის ოჯახის წევრების მიერ, მრავალი წლის წინ. ლ. უ-ის ოჯახი მიწის ნაკვეთს ფლობს დაახლოებით 1960 წლიდან. საყურადღებოა ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 11.06.2018წ. წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, ... პირველ შესახვევ N5-ის მიმდებარედ არსებული 921 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ)ზონაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა ზაკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ლ. უ-ის განცხადების განუხილველად, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს სადავო საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. ქ. თბილისის მერიის ნაძალადევის გამგეობის კომუნალური მომსახურების და კეთილმოწყობის განყოფილების 19.05.1996წ. წერილი, ასევე ტექბიუროს ნახაზი მიჩნეულ უნდა იქნეს ახლად აღმოჩენილ გარემოებებად. სააპელაციო პალატამ ასევე სწორად მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 11.06.2018წ. წერილზე და მიიჩნია, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას, მოპასუხე ვალდებულია, კანონის იმპერატიული დათქმის გათვალისწინებით, შეაფასოს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან, მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე