საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-65(კ-20) 4 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 20 დეკემბერს გ. ჯ-ემ და ი. ჯ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 05.08.2016წ. N690 ბრძანების, ამავე სამსახურის 15.08.2016წ. N777 ბრძანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 14.11.2016წ. N1-2172 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი არიან თბილისში, … დასახლება N…-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ …) თანამესაკუთრეები. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 07.12.2015წ. N2257936 ბრძანებით მითითებულ მიწის ნაკვეთზე დადგინდა სამშენებლოდ გამოყენების პირობები, სასტუმროს მშენებლობის მიზნით. მშენებლობის ნებართვის I სტადიით გათვალისწინებული აქტის მიღების შემდეგ, 11.02.2016წ. განცხადებით მიმართეს არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვეს მშენებლობის ნებართვის II სტადიით გათვალისწინებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება IV კლასის სასტუმროსათვის. მითითებულ განცხადებაზე არქიტექტურის სამსახურს პასუხი არ გაუცია კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც, მოსარჩელეებმა 11.04.2016წ. განცხადებით მიმართეს არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვეს III სტადიით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულზე არქიტექტურის სამსახურს პასუხი კვლავ არ გაუცია. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებმა 22.04.2016წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. მერიის 03.06.2016წ. N1-932 ბრძანებით დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი: არქიტექტურის სამსახურს დაევალა არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. არქიტექტურის სამსახურმა, დავალების შესაბამისად, გამოსცა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის თაობაზე. მოგვიანებით, არქიტექტურის სამსახურმა, მხარის კანონიერი ნდობისა და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლის გარეშე, 15.08.2016წ. N777 ბრძანებით ბათილად ცნო მის მიერვე გამოცემული 24.06.2016წ. N2670728 და 05.07.2016წ. N2689220 ბრძანებები პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის თაობაზე. აღნიშნული ბრძანება ძალაში დატოვა ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ. მოსარჩელეთა განმარტებით, მითითებული გარემოებების არსებობის პირობებში, იძულებულნი არიან, შეაჩერონ სამშენებლო სამუშაოები. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო ქმედებით მათ ყოველდღიურად ადგებათ ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.06.2018წ. გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის და ი. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 14 ნოემბრის N1-2172 ბრძანება გ. ჯ-ის და ი. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 აგვისტოს №777 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2019წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.06.2018წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის 17.02.2015წ. ამონაწერის თანახმად, თბილისში, ... დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ 1205 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) 2014 წლის 24 ნოემბრიდან რეგისტრირებულია გ. ჯ-ის და ი. ჯ-ის საკუთრების უფლება. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 30.10.2015წ. №2257936 ბრძანებით დაკმაყოფილდა კ. მ-ის განცხადება და დამტკიცდა თანდართული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს განთავსების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება და განაშენიანების კოეფიციენტი განისაზღვრა 0.5-ით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 02.11.2015წ. №4149 ბრძანებით, ქ. თბილისში, ...-ის დასახლება №…-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი ..., ს/კ ...), სასტუმროს განთავსების მიზნით, გაცემულ იქნა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება და განაშენიანების კოეფიციენტი (კ1) განისაზღვრა 0,5-ით. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 21.03.2016წ. NAR1110984Mშ გადაწყვეტილებით გაგრძელდა არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა, 11.05.2016წ. ჩათვლით. მოსარჩელეებმა 02.04.2016წ. განცხადებით მიმართეს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვეს საპროექტო მიწის ნაკვეთზე წარდგენილი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივ გამოცემა. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 11.02.2016წ. №AR1371178 განცხადებაში მითითებულ, მათ საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) IV კლასის სასტუმროს არქიტექტურული პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების ვადაში აქტის გამოცემა არ მომხდარა, ამდენად, წარდგენილ არქიტექტურულ პროექტზე უნდა გაიცეს შეთანხმების II სტადიით გათვალისწინებული ნებართვა. 11.04.2016წ. კ. მ-ემ №AR1395454 განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და №... საკადასტრო ერთეულზე მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემა. 20.04.2016წ. გ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემა ქ. თბილისში, ...-ის დასახლება №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), IV კლასის სასტუმროს მშენებლობის მიზნით. 22.04.2016წ. გ. ჯ-ის და ი. ჯ-ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, არქიტექტურის სამსახურისათვის 11.02.2016წ. NAR1371178 განცხადებაზე აღმჭურველი აქტის (ნებართვის II სტადია) და 11.04.2016წ. №AR1395454 განცხადებაზე აღმჭურველი აქტის (ნებართვის III სტადია) გამოცემის მოთხოვნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.06.2016წ. №1-932 ბრძანებით დაკმაყოფილდა გ. ჯ-ისა და ი. ჯ-ის 22.04.2016წ. ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის არქიტექტურის სამსახურის 21.03.2016წ. №AR1110984MS გადაწყვეტილება და არქიტექტურის სამსახურს დაევალა, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე კ. მ-ის 11.02.2016წ. №AR1371178, 11.04.2016წ. №AR1395454 განცხადებებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, ასევე გ. ჯ-ის 20.04.2016წ. №12/3944-13 განცხადებაზე სანებართვო მოწმობის გაცემა. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 24.06.2016წ. №2670728 ბრძანებით შეთანხმდა სასტუმროს არქიტექტურული პროექტი, ქ. თბილისში, ... დასახლება №...-ის მიმდებარედ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი ..., ს/კ ...). ამავე სამსახურის 05.07.2016წ. №2689220 ბრძანებით თბილისში, ... დასახლება №...-ის მიმდებარედ, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი ..., ს/კ ...), სასტუმროს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილის მოხსენებით ბარათზე, რომელიც შეეხება არქიტექტურის სამსახურის 24.06.2016წ. №2670728 ბრძანებით შეთანხმებულ პროექტს და 05.07.2016წ. №2689220 ბრძანებით გაცემულ მშენებლობის ნებართვას. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ შეთანხმებული პროექტი შეიცავს ხარვეზებს, რაც დაფიქსირდა პროექტის განხილვისას: 1) წარდგენილი საპროექტო გენ. გეგმის მიხედვით, ხდება არსებული ხე-ნარგავების მოჭრა/გადარგვა, ამდენად, საჭიროა გათვალისწინებული იქნეს გაპში მითითებული შენიშვნა: შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები; 2) იმ შემთხვევაში, თუ ა-დ ფასადზე პროექტირებით გათვალისწინებულია მინაბლოკების მოწყობა, გრაფიკულ ნაწილზე ყველგან მითითებულია ექსპლიკაციის სახით, უნდა განიმარტოს, რომ აღნიშნულ ფასადზე ღიობების განთავსებით დაირღვევა მიჯნის ზონა და შესაბამისად, წარსადგენი იქნება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შესაბამისი წესით დამოწმებული თანხმობა ღიობების მოწყობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაცული უნდა იქნას მიჯნის ზონაში ღიობის განთავსების წესი. პროექტით გასათვალისწინებელია პანდუსი შშმ პირთა ლიფტამდე თავისუფალი გადაადგილებისათვის, გასათვალისწინებელია, რომ შშმპ-თათვის განკუთვნილი პანდუსის დახრა არ უნდა აღემატებოდეს 6%-ს. პარკინგის სართულზე შესაბამისი გრაფიკით დასატანია კიბის უჯრედი და ლიფტი. ასევე სახანძრო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ავტოსადგომის სართულზე საჭიროა კიბის უჯრედები და ლიფტები დანარჩენი სივრცისგან გამოიყოს ტამბურით. შესაბამისი სართულის გეგმაზე დასატანია ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავების შენობიდან დაშორების მანძილები (რადიუსები), ხე-ნარგავებიდან შენობამდე დაშორება უნდა იყოს მინიმუმ 1მ. 3) მაქსიმალური დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის სქემა უნდა აიტვირთოს შემდეგი შემადგენლობით: გენგეგმა, სიმაღლის განსაზღვრის ადგილის დატანით და ამ ადგილებში აგებული ჭრილები; ყველა ნახაზზე: ქუჩ(ებ)ის სრული სიგანის მითითებით; ჭრილზე ღერძულა ხაზისა და ფასადის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლის ნიშნულის განსაზღვრით (ფორმულა H=L/Y) და მათი შემაერთებელი სხივის ჩვენებით. ვექტორული ფაილი უნდა შესწორდეს. აღნიშნულის შესაბამისად, იმისათვის, რომ სამსახურმა სრულყოფილად შეძლოს მითითებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გადამოწმება, საჭიროა დამატებით წარდგენილ იქნეს განაშენიანების ფართობისა და კ1 კოეფიციენტის საანგარიშო კროკები, შესაბამისი დასახელებისა და ფართების დატანით.
სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 05.08.2016წ. №690 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება 24.06.2016წ. №2670728 და 05.07.2016წ. №2689220 ბრძანებების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. ამავე სამსახურის 15.08.2016წ. №777 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 05.07.2016წ. წლის №2689220 და 24.06.2016წ. №2670728 ბრძანებები. 29.08.2016წ. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა არქიტექტურის სამსახურის 05.08.2016წ. №690, 15.08.2016წ. №777 ბრძანებების ბათილად ცნობა, ასევე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 05.08.2016წ. №690 და 15.08.2016წ. №777 ბრძანებების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 14.11.2016წ. №1-2172 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ი. ჯ-ისა და გ. ჯ-ის წარმომადგენლის 29.08.2016წ. №306787/15 ადმინისტრაციული საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა არგუმენტებზე, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ, იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. ამრიგად, უნდა დადგინდეს გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 14.11.2016წ. №1-2172 და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15.08.2016წ. №777 ბრძანებების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა ინტერესს წარმოადგენდა მეოთხე კლასის მშენებლობა, რომლის განხორციელება, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების საფუძველზე, საჭიროებს მშენებლობის ნებართვის მოპოვებას. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია - არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. იმავე დადგენილების 76-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, IV კლასის შენობა-ნაგებობის ახალი მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის, სამშენებლო დოკუმენტის პროექტის და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ, არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მშენებლობა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ჯანსაღ გარემოს, სხვა პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონის ამოცანაა ქვეყნის ტერიტორიაზე სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა (,,თანაბარი შესაძლებლობების სივრცე’’). ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასა და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცითტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს მოცემული პრინციპებით, საჯარო და კერძო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირებით და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არქიტექტურის სამსახურმა დაარღვია ზემოაღნიშნული პრინციპები, პროექტის შეთანხმების შესახებ 24.06.2016წ. N2670728 ბრძანება და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ 05.07.2016წ. N2689220 ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ საპროექტო გენგეგმის მიხედვით, ხდება არსებული ხე-ნარგავების მოჭრა/გადარგვა, გასათვალისწინებელია მინაბლოკის მოწყობისა და მიჯნის ზონის დაცვის საკითხები, პროექტი სათანადოდ არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, მაქსიმალური დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის სქემა ასატვირთია კონკრეტული დოკუმენტაციით. სწორედ აღნიშნული დარღვევები გახდა მითითებულ ბრძანებათა გაუქმების საფუძველი. სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, სსიპ არქიტექტურის სამსახურმა ბათილად ცნო ამავე სამსახურის ისეთი აქტები, რომლებიც შეიცავდა ხარვეზებს (არ იყო საქმის გარემოებები გამოკვლეული და მოცემულს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა კანონიერების პრინციპის დაცვისთვის), თუმცა საყურადღებოა, რომ გასაჩივრებული აქტით გაუქმდა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. სააპელაციო პალატის განმარტებით, კანონიერი ნდობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონმდებელი მიზნად ისახავს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შედეგების შენარჩუნებას და აქტის ადრესატის უფლებების დაცვას პრიორიტეტულად აცხადებს კანონიერების პრინციპთან მიმართებით. გამონაკლისის სახით, უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის მიმართაც პირს აქვს კანონიერი ნდობა, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემდეგ, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობამდე, უნდა გამოეკვლია, ერთი მხრივ, აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის არსებობა, მეორე მხრივ კი, უნდა მოეხდინა მოსარჩელეთა და მესამე პირთა ინტერესების ურთიერთშეპირისპირება, უნდა შეეფასებინა და შეედარებინა ის ზიანი, რაც აქტის გაუქმებით მიადგებათ მოსარჩელეებს და ის ზიანი, რაც აქტის ძალაში დატოვებით სახელმწიფო/საზოგადოებრივ/მესამე პირთა ინტერესებს მიადგებათ.
სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის მოსარჩელეთა კანონიერი ნდობის არსებობა გაუქმებული აქტების მიმართ, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები (მშენებლობის დაწყება), ამასთან, აქტების უკანონობა არ უკავშირდებოდა აქტების ადრესატის მიერ კანონის დარღვევას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სწორედ არქიტექტურის სამსახური იყო ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც პროექტის შეთანხმებამდე და ნებართვის გაცემამდე უნდა გამოეკვლია ყველა გარემოება, მათ შორის, ისეთი საკითხები, როგორიცაა პროექტით შშმ პირების უფლებების გათვალისწინება, გარემოსდაცვითი საკითხები, მინაბლოკის მოწყობა ან მიჯნის ზონის დაცვა, ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა. ასეთი ვალდებულებისგან კი, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებდა ის ფაქტი, რომ იგი ვერ იცავდა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 52-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხის გადაწყვეტისთვის განსაზღვრულ ვადებს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტით ისე იქნა ბათილად ცნობილი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ სათანადოდ არ შეფასებულა მხარეთა ინტერესი, სავარაუდო ზიანი, არ მომხდარა ინტერესთა ურთიერთშეპირისპირება. გასაჩივრებული 15.08.2016წ. N777 ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, წარმოადგენდა თუ არა სადავო აქტში მითითებული ხარვეზები აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საკმარის საფუძველს და ხომ არ იყო შესაძლებელი დაინტერსებული მხარის მიერ არსებული ხარვეზის გამოსწორება აღმჭურველი აქტების ბათილად ცნობის გარეშეც, თუ ადმინისტრაციული ორგანო ამის შესახებ მხარეს მისცემდა მითითებას, მითუფრო, როდესაც 05.07.2016წ. N2689220 და 24.06.2016წ. N2670728 ბრძანებების მიღებამდე ნებართვის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს არც ხარვეზი დაუდგენია და არც დამატებითი მასალების წარდგენა დაუვალებია დაინტერესებული მხარისათვის.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების სავალდებულოობის პრინციპი. პალატის მოსაზრებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აღმჭურველი აქტების ხარვეზების გათვალისწინებით, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა კერძო და საჯარო ინტერესების მხედველობაში მიღებით, მოსარჩელეთა და მესამე პირების ინტერესთა ურთიერშეპირისპირების საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაასაბუთოს, რამდენად არსებობს აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის აუცილებელი წინაპირობა - მესამე პირთა, საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესისთვის არსებითი ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეთა ინტერესზე მეტი დაცვის ღირსი იქნება. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან სადავო საკითხი გამოკვლეული, შესწავლილი და შეფასებული არ არის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15.08.2016წ. N777 ბრძანება და დაევალოს ამავე სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად, სასამართლომ ასევე სწორად გადაწყვიტა, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 14.11.2016წ. N1-2172 ბრძანება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ასკ-ის 34.3 მუხლის "ა", „ბ“, „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის განხილვა მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დასადგენად, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად განისაზღვრება რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა: ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, ყველა გადაწყვეტილება მიიღოს მმართველობის კანონიერების პრინციპის დაცვით, თუ მხარის კერძო ინტერესს - განახორციელოს აქტით მინიჭებული უფლებამოსილება.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 52.5 მუხლის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემა ჩაითვლება შეთანხმებულად. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დაცვა მოცემულ ობიექტთან მიმართებაში. ამავე დადგენილების 54.7 მუხლის თანახმად, თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა. კასატორი ასევე მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76.1 მუხლის "ბ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება - გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
კასატორის განმარტებით, კანონით დადგენილია ვადის დარღვევის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი აქტების ავტომატურად გამოცემულად ჩათვლა. მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 03.06.2016წ. N1-932 ბრძანებით სამსახურს პირდაპირ დაევალა არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სანებართვო მოწმობის გამოცემა. ამდენად, ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა ვალდებულება, შეეთანხმებინა არქიტექტურული პროექტი და გაეცა მშენებლობის ნებართვა იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც წარდგენილი ჰქონდა დამკვეთს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია სასამართლოს მითითება საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევასთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ავტომატურად გაცემულად მიიჩნევს მშენებლობის ნებართვას, ნებართვის გაცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში.
კასატორი მიუთითებს, რომ ზაკ-ის 5.1, 601 მუხლები, მმართველობის კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, იმპერატიულად შესასრულებელია ყველა ადმინისტრაციული ორგანოსათვის. შესაბამისად, სამსახურმა საჭიროდ მიიჩნია, დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება ბრძანებების კანონიერების შესწავლის მიზნით. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აღმოაჩენს მის მიერ გამოცემული, კანონიერ ძალაში შესული აქტის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობას, იგი ვალდებულია, ბათილად ცნოს შესაბამისი აქტი. ამდენად, ბუნდოვანი და გაურკვეველია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივაცია, იმ პირობებში, როდესაც თავად სასამართლო ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, ბათილად ცნოს უკანონო აქტი.
კასატორი აღნიშნავს, რომ "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 51.1 მუხლის თანახმად, დამკვეთი არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შესათანხმებლად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78.2 მუხლის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. N57 დადგენილების 3.36 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არის პირობები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე. ამ პირობათა საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები. კასატორის განმარტებით, წარდგენილი არქიტექტურული პროექტი უნდა შეესაბამებოდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ დამკვეთმა დაარღვია აღნიშნული პირობები. N57 დადგენილების 52-ე და 54-ე მუხლებში განმტკიცებული პრინციპი: „დუმილი თანხმობის ნიშანია“ მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთის მხრიდან წარდგენილია სრულყოფილი დოკუმენტაცია, რომელთა საფუძველზე გამოცემული აქტიც იქნება კანონიერი და მისი აღსრულება ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელი გახდება. 52-ე მუხლი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის შემთხვევაში, შეთანხმებული პროექტით ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დაცვა მოცემულ ობიექტთან მიმართებაში, რაც არ ყოფილა უზრუნველყოფილი დამკვეთის მხრიდან. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისას დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობა, სახეზეა ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით, ზაკ-ის 601 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერების შემოწმებისას უნდა დადგინდეს, რამდენად შეესაბამება უკვე გამოცემული აქტები მოქმედ კანონმდებლობას და კანონთან მათი წინააღმდეგობის პირობებში უნდა მოხდეს მათი ბათილად ცნობა. მოცემულ შემთხვევაში, გაურკვეველია, აქტის კანონშესაბამისობაზე მსჯელობის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რომელ განცხადებაზე უნდა დაუდგინდეს დამკვეთს ხარვეზი, თუკი არ მოხდება განცხადებაზე უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ამასთანავე, ხარვეზები, რომლებიც შეთანხმებული არქიტექტურული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის საფუძველი გახდა, არქიტექტურულ-გეგმარებითი თვალსაზრისით წარმოადგენს ისეთ ხარვეზებს, რომელთა არსებობის პირობებში, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდებოდა აქტების აღსრულება, მაგალითად: წარმოდგენილ ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილია საპროექტო შენობის კონტური, რომლის იმ მდებარეობით აშენების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდებოდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში გათვალისწინებული მწვანე ნარგავების შენარჩუნების პირობის დაცვა, ამასთან, არქიტექტურულ პროექტში არსებული ყველა დარღვევა იმდენად არსებითი ხასიათისაა, რომ ისინი ცალ-ცალკეც კი საკმარისი საფუძველი იქნებოდა აქტის ბათილად ცნობისთვის.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ აღმჭურველი აქტების მიმართ მოსარჩელეებს ჰქონდათ კანონიერი ნდობა, რომლის საფუძველზეც, მათ განახორციელეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები - აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები. კასატორის განმარტებით, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 33-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. მოცემულ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვა გაიცა 2016 წლის 5 ივლისს, ხოლო 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო ნებართვის კანონიერების შესწავლა და 15 აგვისტოს ბათილად იქნა ცნობილი მშენებლობის ნებართვები. აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის 1 მაისის N1500015 განცხადებით დამკვეთმა მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. განცხადებას თან ახლავს არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მშენებლობა დაწყებული არ არის. 2017 წლის 2 აგვისტოს N11512510 განცხადებით დამკვეთმა კვლავ მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. განცხადებას თან ერთვოდა არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, სადაც მშენებლობა ნაწარმოებია. ამასთან, განცხადებას თან ერთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 მაისის N002475 დადგენილება, რომლითაც გ. ჯ-e დაჯარიმდა 8000 ლარით, უნებართვოდ მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის, დამკვეთის მხრიდან ადგილი არ ჰქონია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებების განხორციელებას, მას ნაწარმოები არ ჰქონია სამშენებლო სამუშაოები. დამკვეთმა მშენებლობა განახორციელა 2017 წლის 1 მაისის N11500015 განცხადების წარდგენის შემდეგ, თანაც უნებართვოდ, რასაც ადასტურებს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 25.05.2017წ. N002475 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაურკვეველია, რომელი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედების განხორციელებაზე მიუთითებს სასამართლო.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო აქტის აღმჭურველ ხასიათზე, რომლის ბათილობაც დაუშვებელია, ზაკ-ის 601.4 მუხლიდან გამომდინარე. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საზოგადოებრივი და სხვა პირის ინტერესების დარღვევა, კერძოდ, წარდგენილი პროექტის მიხედვით, აშენებული შენობა-ნაგებობა არ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების ნორმებს, ლახავდა საზოგადოებრივ ინტერესებს და საფრთხეს უქმნიდა კონსტიტუციის 37-ე მუხლით გარანტირებულ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. გარდა ამისა, პროექტი არღვევდა სამეზობლო მიჯნის ზონას და ხელყოფდა სხვათა კანონიერ ინტერესებს.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა ზაკ-ის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე და განმარტა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება განეკუთვნება არქიტექტურის სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს. კასატორის განმარტებით, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდეს დისკრეციული უფლებამოსილება, საჭიროა კანონი აძლევდეს მას მოქმედების თავისუფლებას, რამდენიმე ალტერნატიულ გადაწყვეტილებას შორის, რაც სადავო სამართალურთიერთობაში სახეზე არ გვაქვს. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N57 დადგენილება კონკრეტულად განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალსა და პირობებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც უნდა გაიცეს მშენებლობის ნებართვა. იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს წარდგენილი განცხადება, ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ნებართვის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ აძლევს მოქმედი კანონმდებლობა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს ქ. თბილისის საკრებულოს 15.03.2019წ. N39-18 დადგენილებით დამტკიცებულ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე“, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე, ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის თანახმად, საპროექტო ტერიტორია მოქცეულია განაშენიანებული კონტურის გარეთ. მითითებული დადგენილების 2.17 მუხლის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმით გათვალისწინებული განაშენიანების კონტური წარმოადგენს საზღვარს ქალაქის განაშენიანებულ და გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს შორის და განისაზღვრება მის გარეთ არსებული ტერიტორიების საქალაქო სამშენებლო განვითარების შეზღუდვის პირდაპირ პირობად. მოცემული შეზღუდვა ეყრდნობა ქალაქგეგმარებით მოსაზრებებს და მისი კორექტირება შესაძლებელია მასშტაბით გათვალისწინებული ტექნიკური და გააზრებითი ცდომილების ხარისხის ფარგლებში, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი დასაბუთების საფუძველზე. მოცემული საზღვრის კორექტირების მიღმა, ფუნდამენტური ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას კონცეფტუალურ დონეზე და შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტისა და მისი მიდგომების სისტემური რევიზიის პირობებში. კასატორის განმარტებით, აღნიშნული რეგულაციების გათვალისწინებით, სწორი ქალაქგეგმარებითი მიდგომის ჩამოყალიბებისა და ტერიტორიაზე ბუნებრივი ლანდშაფტის და ჯანსაღი სარეკრეაციო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე მშენებლობებისათვის დასაშვები პარამეტრების და პირობების განსაზღვრისთვის, კანონმდებელი სადავო საპროექტო ტერიტორიაზე მოქმედი გენ. გეგმის მიხედვით, ითვალისწინებს ტერიტორიის საქალაქო სამშენებლო განვითარების შეზღუდვის პირდაპირ პირობას, შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუკი სასამართლო ძალაში დატოვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება მისი აღსრულება, ვინაიდან, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია საპროექტო ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით მსჯელობის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.2020წ. განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისში, ...-ის დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ 1205 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) 2014 წლის 24 ნოემბრიდან რეგისტრირებულია გ ჯ-ისა და ი. ჯ-ის საკუთრების უფლება. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 24.06.2016წ. №2670728 ბრძანებით შეთანხმდა სასტუმროს არქიტექტურული პროექტი, ქ. თბილისში, ...-ის დასახლება №...-ის მიმდებარედ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი ..., ს/კ ...). ამავე სამსახურის 05.07.2016წ. №2689220 ბრძანებით თბილისში, ...-ის დასახლება №...-ის მიმდებარედ, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი ..., ს/კ ...), სასტუმროს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 05.08.2016წ. №690 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, 24.06.2016წ. №2670728 და 05.07.2016წ. №2689220 ბრძანებების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ფაქტობრივი საფუძველი გახდა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მითითებულ იქნა, რომ არქიტექტურის სამსახურის 24.06.2016წ. №2670728 ბრძანებით შეთანხმებული პროექტი შეიცავდა ხარვეზებს, რაც დაფიქსირდა პროექტის განხილვისას: არ იყო გათვალისწინებული გაპში მითითებული შენიშვნა, ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავების შენარჩუნების თაობაზე; არ იყო განმარტებული ფასადზე ღიობების განთავსებით მიჯნის ზონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, რისთვისაც აუცილებელია მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა; გასათვალისწინებელი იყო, რომ შშმ პირთა ლიფტამდე თავისუფალი გადაადგილებისათვის განკუთვნილი პანდუსის დახრა არ უნდა აღემატებოდეს 6%-ს; პარკინგის სართულზე შესაბამისი გრაფიკით დასატანებელი იყო კიბის უჯრედი და ლიფტი; სახანძრო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ავტოსადგომის სართულზე საჭირო იყო კიბის უჯრედებისა და ლიფტების დანარჩენი სივრცისგან გამოყოფა ტამბურით; შესაბამისი სართულის გეგმაზე დასატანებელი იყო ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავების შენობიდან დაშორების მანძილები (რადიუსები); ხე-ნარგავებიდან შენობამდე დაშორება უნდა ყოფილიყო მინიმუმ 1მ; მაქსიმალური დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის სქემა უნდა ატვირთულიყო შესაბამისი ფორმულის გათვალისწინებით. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, სსიპ არქიტექტურის სამსახურის 15.08.2016წ. №777 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 05.07.2016წ. №2689220 და 24.06.2016წ. №2670728 ბრძანებები. აღნიშნული ბრძანებები ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 14.11.2016წ. №1-2172 ბრძანებით.
განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 05.08.2016წ. N690, 15.08.2016წ. №777 ბრძანებების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 14.11.2016წ. N1-2172 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ძალაში დარჩა მითითებული 05.08.2016წ. №690, 15.08.2016წ. №777 ბრძანებები. აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.06.2018წ. გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით მხოლოდ სსიპ არქიტექტურის სამსახურმა გაასაჩივრა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. ამდენად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული 17.07.2019წ. განჩინებით შეფასებულია მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 14.11.2016წ. №1-2172 და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15.08.2016წ. №777 ბრძანებების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 76.2 მუხლის თანახმად, IV კლასის შენობა-ნაგებობის ახალი მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის, სამშენებლო დოკუმენტის პროექტის და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მითითებული დადგენილების შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს სამომავლო მშენებლობასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეები ჯანსაღ გარემოსთან, სხვა პირთა სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასა და საკუთრებასთან მიმართებით. მშენებლობის ნებართვის გაცემის წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჯარო და კერძო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირება. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ არქიტექტურის სამსახურმა დაარღვია აღნიშნული პრინციპები: პროექტის შეთანხმების შესახებ 24.06.2016წ. N2670728 ბრძანება და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ 05.07.2016წ. N2689220 ბრძანება გამოცემულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილის მოხსენებითი ბარათის შინაარსი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.
დადგენილია, რომ არქიტექტურის სამსახურის 05.07.2016წ. №2689220 და 24.06.2016წ. №2670728 ბრძანებები, რომლებიც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15.08.2016წ. №777 ბრძანებით, მოსარჩელეთათვის გარკვეული უფლებამოსილების მიმნიჭებელი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ მართალია, სსიპ არქიტექტურის სამსახურმა ბათილად ცნო ამავე სამსახურის მიერ გამოცემული, ხარვეზის შემცველი აქტები (არ იყო საქმის გარემოებები გამოკვლეული, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა კანონიერების პრინციპის დაცვისთვის), თუმცა სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ საკითხი შეეხებოდა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს გააჩნდათ კანონიერი ნდობა მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, რის საფუძველზეც მათ განახორციელეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები (სამშენებლო სამუშაოები), ამასთანავე, შესაბამისი აქტების უკანონობა არ უკავშირდებოდა აქტების ადრესატების მხრიდან კანონის დარღვევას. ამ პირობებში, ისე იქნა ბათილად ცნობილი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ სათანადოდ არ შეფასებულა მხარეთა ინტერესი, სავარაუდო ზიანი, არ მომხდარა ინტერესთა ურთიერთშეპირისპირება. „მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი გადაწყვეტილების გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას“ (სუს 21.02.2019წ. Nბს-1440 (2კ-18) განჩინება).
საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ უზენაესმა სასამართლომ ერთიანი პრაქტიკა უნდა დაადგინოს საკითხზე: უპირატესია მხარის კერძო ინტერესი - განახორციელოს აქტით მინიჭებული უფლებამოსილება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - ყველა გადაწყვეტილება მიიღოს მმართველობის კანონიერების პრინციპის დაცვით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკითხი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის. უფლებამოსილმა ორგანომ, ყოველი შემთხვევის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით, თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით უნდა დაადგინოს, თუ რომელი პრინციპის დაცვაა კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფაა დაცვის ღირსი. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გააკეთა შესაბამისი განმარტება (სუს 09.10.2018წ. N ბს-749-749(3კ-18), 13.12.2018წ. Nბს-1047(კ-18), 07.02.2019წ. Nბს-1380(კ-18) განჩინებები და სხვ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება;
3. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაუბრუნდეს (ს/კ 205270053) საკასაციო საჩივარზე 25.10.2019წ.N01907 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე