საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-68(კ-20) 4 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 22 მარტს ე. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.02.2019წ. №04-382/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.06.2019წ. გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.02.2019წ. N04-382/ო ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ე. ბ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.06.2019წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ ე. ბ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის დროებითი საცხოვრებელი ადგილია ბათუმი, ... ქუჩა, ახალი დასახლება, კორპუსი 18, ბინა 28. ე. ბ-ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასებულია მისი ოჯახის მდგომარეობა და ოჯახს მინიჭებული აქვს 1,5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობების მიხედვით (ნაქირავები), ოჯახი შეფასებულია 1,5 ქულით. ამ პირობებში, 26.03.2018წ. ე. ბ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა საცხოვრებელი ფართის გადაცემა. განმცხადებელმა შეავსო შესაბამისი კითხვარი. სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 30.01.2019წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე. ბ-ის განცხადება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საცხოვრებელზე იყო არსებითად მცდარი. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1,5 ქულა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 30.01.2019წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 21.02.2019წ. გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ე. ბ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ე. ბ-ეს, 26.03.2018წ. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილ განცხადებაში და დადგენილი ფორმით შევსებულ კითხვარში, ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული ჰქონდა თბილისი, ..., ... მ/რ, პირველი კვარტალი, ბინა N13. სასამართლომ ასევე მიუთითა, 03.09.2018წ. განცხადებაზე, რომლითაც ე. ბ-ემ მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აცნობა, რომ 06.05.2018წ. შეეძინა შვილი - ა. ც-ი და აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა შესაბამისი შემოწმების განხორციელება და ქულების ხელახლა მინიჭება მოითხოვა დროებით საცხოვრებელ ადგილზე: ბათუმი, ... ქუჩა N18, ბინა N28. საქმეზე წარმოდგენილი, 07.09.2018წ. განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ამსახველი დოკუმენტის მიხედვით, ე. ბ-ის ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართია ბათუმი, ... ქუჩა (... დასახლება), კორპუსი 18, ბინა 28. აღნიშნული პირი მისამართზე ცხოვრობს 2018 წლის მარტიდან, ოჯახის წევრებთან ერთად (შვილი, მამა, ძმები და რძალი). ამასთან, ამ მისამართზე გადასვლამდე, იგი პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილებს: 3 თვის განმავლობაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა .ზე, თბილისში; უფრო ადრე - 4 თვის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა თბილისში, ... ქუჩაზე; მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და მუშაობდა თურქეთში, ხოლო მანამდე ცხოვრობდა თბილისში, ...-ის ... მიკრო რაონში, პირველ კვარტალში, N13 ბინაში (საერთო საცხოვრებელი). ე. ბ-ე მეუღლესთან - ლ. ც-თან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება, მისი მეუღლე პერიოდულად მიდის მონიტორინგის მისამართზე, ხოლო პერიოდულად თბილისშია და მუშაობს. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ ე. ბ-ე ცხოვრობს მამის და ძმის დაკანონებულ ფართში.
გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების სამართლებრივ დასაბუთებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია დევნილის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა დევნილობის პერიოდში, დევნილის ინტეგრაციის ხელშეწყობა რეგისტრაციის ადგილზე და მისი პრობლემების გადაჭრა. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე”, რომლის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია („წესის“ 3.1 მუხლი). აღნიშნული „წესის“ 3.2 მუხლის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადაცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული „წესის“ 3.5 მუხლის შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტი ახდენს გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. ამასთან, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახი ავსებს ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული N2 და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული N5 დანართებით გათვალისწინებულ „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმებს, რომლებსაც უნდა დაერთოს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დეპარტამენტი ახდენს შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით. თუ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით („წესის“ 3.5 მუხლის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები). მითითებული „წესის“ 3.5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განცხადებას, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №9) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ იძულებით გადაადგილებული პირი - ე. ბ-ე არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მარტო ზრდის 06.05.2018წ. დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - ა. ც-ს. მისი რეგისტრაციის ადგილი (ბათუმი, ... ქუჩა) და თავდაპირველ განაცხადში მითითებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (თბილისი, ..., ... მ/რ, I კვარტალი, ბინა №13, საერთო საცხოვრებელი) მონიტორინგის განხორციელებისას ერთმანეთს არ დაემთხვა, რაც გახდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველი. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, იყო არსებითად მცდარი. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ თბილისში, ...-ის ... მ/რ, I კვარტალში მდებარე N13 ბინა წარმოადენდა ე. ბ-ის საკუთრებას, ამასთან, დავის სასამართლოში განხილვისას ე. ბ-ემ არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე იგი ცხოვრობდა ქირით, შემდეგ ვეღარ შეძლო ქირის გადახდა და გადავიდა სხვა მისამართზე, სადაც უვლიდა ავადმყოფ დედას, რომელიც გარდაიცვალა. საცხოვრებელი მისამართის შეცვლის თაობაზე აცნობა შესაბამის ორგანოს. პალატის განმარტებით, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტს დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ე. ბ-ე არ მუშაობს, არ გააჩნია მუდმივი შემოსავალი, არ გააჩნია მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ იხდის ბინის ქირას, არასრულწლოვან შვილთან ერთად უხდება ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის პერიოდულად შეცვლა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ არასრულწლოვან შვილთან ერთად, ამჟამად კვლავ ქირით ცხოვრობს თბილისში, ... ქუჩაზე, სარდაფში და არ აქვს მუდმივი შემოსავალი. სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ 03.09.2018წ. ე. ბ-ემ წერილობით აცნობა აპელანტს 06.05.2018წ. შვილის შეძენის თაობაზე, რის გამოც, იგი აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს და ხელახალი შემოწმების შედეგად ქულების მინიჭებას ითხოვს დროებით საცხოვრებელ ადგილზე: ბათუმში, ... ქ. N18, ბინა N28. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 25.01.2019წ. ოქმით დასტურდება, რომ ე. ბ-ე არის მშობელი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე, რაც დადგენილი საკანონმდებლო კრიტერიუმების მიხედვით, ასევე ფასდება 1.5 ქულით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სხვადასხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტის გამოვლენა არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, სხვის საცხოვრებელ ბინაში ქირით ან ქირის გარეშე ცხოვრება 1,5 ქულით ფასდება, რის გამოც, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, განაცხადის წარდგენის შემდეგ, კონკრეტულად რომელ მისამართზე უწევს ფაქტობრივად ცხოვრება დევნილის სტატუსის მქონე პირს, ქირით ან ქირის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ განმცხადებელს ფაქტობრივად ცხოვრება უწევს სხვის საცხოვრებელ ფართში. ამდენად, ის გარემოება, რომ ე. ბ-ეს, თავისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გააჩნია მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და იძულებული გახდა, განაცხადის შევსების შემდეგ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რამდენჯერმე შეეცვალა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, არ მიუთითებს მისი მხრიდან საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და შვილის შეძენის თაობაზე ე. ბ-ემ მოახდინა სააგენტოს სათანადოდ ინფორმირება. აღნიშნული გარემოებების არსებობის მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უარი უთხრა განმცხადებელს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის გამო. პალატის განმარტებით, განმცხადებლის მიერ მცდარი ინფორმაციის წარდგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, როდესაც იგი არსებითი ხასიათისაა და შეუძლია გავლენის მოხდენა მინიჭებული ქულების ოდენობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ მიუთითა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.02.2019წ. №04-382/ო ბრძანება და მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი აქტის გამოცემა, ე. ბ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლემ - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.10.2019წ. განჩინება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონით, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“, თუმცა არასწორად განმარტა მითითებული „წესის“ 3.5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კასატორის განმარტებით, ინფორმაცია საცხოვრებელზე წარმოადგენს არსებითი ხასიათის ინფორმაციას, რომლის შესწავლა და შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად ხდება. დევნილის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ საცხოვრებელზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქულების მინიჭებაზე. დევნილი ოჯახი ვალდებულია, ითანამშრომლოს სააგენტოსთან და უტყუარი ინფორმაცია წარადგინოს საცხოვრებლის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ე. ბ-ემ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება, რასაც შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყვა.
კასატორი მიუთითებს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილთა ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა მითითებული „წესით“ დადგენილი პროცედურის სრული დაცვით, სააგენტომ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ე. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მისი მხრიდან საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენა. ამდენად, სადავო აქტი კანონიერია და არ არსებობდა სასამართლოს მხრიდან მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.2020წ. განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე. ეს გარემოება, მითითებული წესის შესაბამისად, დამოუკიდებლად ფასდება 1,5 ქულით. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი ფინანსური პირობების მიხედვით, ე. ბ-ის ოჯახს მინიჭებული აქვს 1,5 ქულა და სწორედ ამ პირობებში შეფასდა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ამდენად, მოსარჩელის, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის გადამოწმებისას, მნიშვნელობა არ გააჩნდა გარემოებას, თუ რომელ მისამართზე ცხოვრობდა იგი განცხადების წარდგენის შემდგომ, ქირით, თუ ქირის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს, რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი, სხვადასხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების გამოვლენა, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი.
კასატორმა მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 3.5 მუხლის "ვ" ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ინფორმაცია საცხოვრებელზე არსებითი მნიშვნელობის მქონეა, მისი შესწავლა და შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად ხდება. დევნილის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ საცხოვრებელზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქულების მინიჭებაზე. დევნილი ოჯახი ვალდებულია, ითანამშრომლოს სააგენტოსთან და უტყუარი ინფორმაცია წარადგინოს საცხოვრებლის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ე. ბ-ემ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება, რასაც შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყვა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ მითითებული „წესი“, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, არა მხოლოდ ობიექტურად დაადგინოს დაინტერესებული პირის მიერ საცხოვრებელთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაციის უსწორობა, არამედ, გამოავლინოს შესაბამის, არსებითად მცდარ მონაცემებთან მიმართებაში, დაინტერესებული პირის სუბიექტური დამოკიდებულების - განზრახვის არსებობაც. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან ამგვარი განზრახვის არსებობა დადასტურებული არ არის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ბ-ე, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ იხდის ბინის ქირას და არასრულწლოვან შვილთან ერთად, პერიოდულად იცვლის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს. მნიშვნელოვანია, რომ 03.09.2018წ. მან წერილობით აცნობა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს 06.05.2018წ. შვილის შეძენის თაობაზე, რაც გახდა აპლიკაციაში მითითებული მისამართიდან მისი გადასვლის საფუძველი. ამ გარემოების გათვალისწინებით, განმცხადებელმა დროებით საცხოვრებელ ადგილზე მითითებით მოითხოვა ხელახალი შემოწმების შედეგად ქულების მინიჭება. ამრიგად, პალატის მოსაზრებით, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოს განზრახ არასწორ ინფორმირებას ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს, რა მისამართზე იმყოფება გადამოწმებისას იძულებით გადაადგილებული პირი, გამოირიცხებოდა შესაბამისი მონაცემების არსებითად მცდარად შეფასებისა და ამ საფუძვლით, საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე