Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

#ბს-137(კ-20) 27 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე,

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თ. ხ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 22 თებერვალს თ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის მიმართ.

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილებების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2008 წლის 25 დეკემბრის №..., 2009 წლის 6 იანვრის №... და 2017 წლის 9 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ზ. ქ-ი, ი. ლ-ე, ა. ა-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 25 დეკემბრის N... გადაწყვტილება, რეგისტრაციის შესახებ, ზედდების (გადაფარვის) ნაწილში; ხოლო სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 6 იანვრის №... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილება თ. ხ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის 2018 წლის 15 იანვრის N... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ხ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის 2018 წლის 15 იანვრის N... ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; თ. ხ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. თ. ხ-ის წარმომადგენლის -ზ. მ-ის სარჩელზე მ. მ-ის მიერ 2018 წლის 22 თებერვალს N5 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 100 ლარიდან 50 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 150 ლარიდან 75 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. თ. ხ-ს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 75 ლარის გადახდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-ის წარმომადგენელმა.

ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 22 იანვრის №… გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი ...) უკვე აღირიცხა საკუთრების უფლებით თ. ხ-ის სახელზე, კასატორმა იშუამდგომლა სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ხ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და თ. ხ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა 2010 წლის 17 მარტს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრით უარი თქვა სარჩელზე და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. დასაბუთებული საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია თ. ხ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის მიერ, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდება საქმეში (ტ.1.ს.ფ.16) დაცული რწმუნებულებით. რწმუნებულებით წარმომადგენელს განუსაზღვრელი ვადით აქვს მინიჭებული სსსკ-ის 98-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებანი, მათ შორის სარჩელზე უარის თქმის უფლება, რაც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას უარი თქვას სარჩელზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით და თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, თ. ხ-ის წარმომადგენლმა - ზ. მ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2010 წლის 17 მარტს წარმოდგენილი დასაბუთებულ საკასაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობით განახორციელა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია - უარი თქვას სარჩელზე, რაც სსკ-ის 272-ე მუხლის `გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

საკასაციო სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ხ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შეწყდეს მის სარჩელზე მიმდინარე სამართლაწარმოება. ამასთანავე, კასატორს თ. ხ-ის სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ. მ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 16.03.2020წ. N9196511581 საგადახდო დავალებით გადახდილი -300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ხ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს;

2. თ. ხ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება სარჩელზე უარის თქმის გამო;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. თ. ხ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ. მ-ის მიერ 16.03.2020წ. N9196511581 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე