საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-156(კ-20) 18 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
26.10.2018წ. ლ. ც-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 04.10.2018წ. N01-1201/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ლ. ც-ა დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით, შესყიდვის გზით. 20.11.2018წ. დაზუსტებულ სარჩელში მოპასუხე მხარედ მითითებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.02.2019წ. გადაწყვეტილებით ლ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 04.10.2018წ. N01-1201/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ. ც-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე (საცხოვრებელი ფართის შესყიდვა). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.02.2019წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ც-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია შესაბამისი მოწმობა. ლ. ც-ას დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ჩხოროწყუს რაიონის სოფელი .... აღნიშნულ მისამართზე მდებარე 2820,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, N1-144 კვ.მ განაშენიანების ფართით, 28.01.2013წ. მდგომარეობით საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ლ. ც-ას სახელზე, ხოლო 11.02.2013წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება 14.02.2013წ. დარეგისტრირდა მ. ფ-ას საკუთრების უფლებით. 27.07.2017წ. ლ. ც-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი განსახლებისათვის, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის ღონისძიებების განხორციელება მოითხოვა. სამინისტროს 04.10.2018წ. N01-1201/ო ბრძანებით ლ. ც-ას ოჯახს უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
მითითებული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 15.05.2018წ. განიხილა ლ. ც-ას განაცხადი, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით ლ. ც-ას მიენიჭა 3,5 ქულა და უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ საკითხის განხილვის ეტაპზე მოსარჩელის განსახლება არ წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას, მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო (ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ...). სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია ის გარემოებები, რომ ლ. ც-ა ოჯახის ერთადერთი წევრია, იგი პენსიონერია და უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია, ასევე სარგებლობაში არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მისი ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა 100001-ზე ნაკლებია, ლ. ც-ა ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირის გარეშე, მას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, მოცემულ ეტაპზე იქნეს განსახლებული ნორმატიული აქტით გათვალისწინეული წესით, კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე, სამინისტრომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოების პროცედურა, ასევე არ შეასრულა ვალდებულება, საკითხი გადაეწყვიტა არა სხვა ბინით სარგებლობის შესაძლებლობის, არამედ განსახლებისათვის აუცილებელი გარემოებების გათვალისწინებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ამ ეტაპზე სარგებლობს ნათესავის საკუთრებით, არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო 04.10.2018წ. N01-1201/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნული ბრძანება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ც-ას ოჯახი, გრძელვადიანი განსახლების მიზნით, დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით, საცხოვრებელი ფართის შესყიდვის გზით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.07.2019წ. გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არ შეესაბამება საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სააგენტო ზოგადად არ უარყოფს დევნილი პირის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს შეუზღუდავად მიუწვდება ხელი მამა-პაპისეული საცხოვრებლით სარგებლობაზე (იმავე სოფელში, სადაც სხვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვს), ის ამ ეტაპზე არ საჭიროებს გადაუდებელი განსახლების აუცილებლობას და როგორც ამ კატეგორიის სხვა დევნილი ოჯახები, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება მოგვიანებით, სხვა ეტაპზე. მოცემულ ეტაპზე, უნდა დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ არანაირ საცხოვრებელზე. საცხოვრებელი ფართებით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახების რაოდენობიდან გამომდინარე, შეუძლებელია სახელმწიფომ ყველა მათგანი მოკლე პერიოდში დააკმაყოფილოს, ამიტომ დადგინდა კანონმდებლობით დევნილი ოჯახების საცხოვრებლებით დაკმაყოფილების რიგითობა.
კასატორი მიუთითებს, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 13.02.2017წ. N240 განკარგულების 2.1.11 პუნქტის თანახმად, იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე. ამასთან, „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ 1.3 მუხლის შესაბამისად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. მოქმედი ნორმა, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას და აღნიშნულით, იმისათვის, რომ პირველ რიგში მოხდეს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფარგლებში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ჩხოროწყუში, სოფელ ...-ში მდებარე მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე, რომელიც საცხოვრებლად სრულად ვარგისი და გამართულია. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ აღნიშნული წარმოადგენს მის მამა-პაპისეულ სახლს, რომელშიც ცხოვრობს 1993 წლიდან, მარტო, ქირის გარეშე. სახლი დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის. ლ. ც-ას დედმამიშვილებს გააჩნიათ ცალკე საცხოვრებლები, ამდენად, მოსარჩელე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სარგებლობს აღნიშნული საცხოვრებლით, ამასთან, ვინაიდან უძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მშობლების საკუთრებას, არსებობს რეალური სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი იმისათვის, რომ მოსარჩელემ საცხოვრებელზე მოიპოვოს საკუთრების/თანასაკუთრების უფლება.
კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია (მათ შორის, მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინფორმაცია, ასევე ოჯახის იმ წევრთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც სხვა მისამართებზე ცხოვრობენ). ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.02.2020წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზემოაღნიშნული საკასაციო საჩივარი. ამავე თარიღის განჩინებით კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მეორე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში იგულისხმება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. აღნიშნული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული 09.08.2013წ. №320 ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე. ამასთან, „სოციალური კრიტერიუმის“ „ა“ ქვეპუნქტი 1 ქულას ანიჭებს ოჯახს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტი, 1 ქულას ანიჭებს ასაკით პენსიონერს, რომელიც ცხოვრობს მარტო.
დადგენილია, რომ ლ. ც-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია შესაბამისი მოწმობა. 27.07.2017წ. ლ. ც-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი განსახლებისათვის, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის ღონისძიებების განხორციელება მოითხოვა. წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შემოწმდა ლ. ც-ას საცხოვრებელი პირობები ჩხოროწყუში, სოფელ ...-ში და შედგა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ლ. ც-ა ოჯახის ერთადერთი წევრია, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 80 890 ქულა, მისი შემოსავლის წყაროა დევნილის დახმარება და ასაკობრივი პენსია. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ლ. ც-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ფართის ამჟამინდელი მესაკუთრეა მისი ძმისშვილი - ლე.. ც-ა, რომელიც ცხოვრობს ...-ში, ცალკე სახლში. აღნიშნულ მამა-პაპისეულ სახლში ლ. ც-ა ცხოვრობს 1993 წლიდან დღემდე, ქირის გარეშე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 15.05.2018წ. საოქმო გადაწყვეტილებით იმსჯელა ლ. ც-ას განცხადებაზე და მიიჩნია, რომ განმცხადებელს უნდა მინიჭებოდა 3,5 ქულა (ნათესავთან ქირის გარეშე ცხოვრება - 1,5 ქულა; სიღარიბის მაჩვენებელი -1 ქულა, მარტოხელა პენსიონერი -1 ქულა; სულ - 3,5 ქულა), თუმცა კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ვინაიდან მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო, ამ ეტაპზე მისი განსახლება არ წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 04.10.2018წ. N01-1201/ო ბრძანებით ლ. ც-ას უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მისი წინაპრების დანატოვარია და იგი სტაბილურად ცხოვრობს ამ უძრავ ქონებაში, საქართველოს მთავრობის 13.02.2017წ. N240 განკარგულების 2.1.11 პუნქტიდან გამომდინარე, უნდა გამოირიცხოს საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მოსარჩელის ინტერესის პრიორიტეტულობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ც-ა არის საპენსიო ასაკის, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა - 80 890 (რაც ზემოაღნიშნული „წესით“ გათვალისწინებულ 100001 ქულაზე ნაკლებია). ამასთან, ლ. ც-ას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, მოსარჩელე ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირის გარეშე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეს მინიჭებული აქვს 3,5 ქულა. საყურადღებოა, რომ საცხოვრებლის შესყიდვის გზით მოსარჩელის უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება ზოგადი მითითებებით, მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო 04.10.2018წ. N01-1201/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ლ. ც-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე