საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-268(კ-20) 30 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“; ამავე კლინიკის დირექტორი დ. გ.).
2019 წლის 6 მაისს ნ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „...“ და ამავე კლინიკის დირექტორის დ. გ-ას მიმართ. მოსარჩელემ გადახდილი თანხის 160 ლარის გასამმაგებული ოდენობით დაბრუნება და მორალური ზიანის სახით 5000 ლარის დ. გ-თვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით ნ. ჯ-ის სარჩელი, მოპასუხეების შპს „...-ისა“ და ამავე კლინიკის დირექტორის დ. გ-ას მიმართ გადახდილი თანხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებით საქმის განსახილველად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია მოპასუხის სტატუსი. დავის საგანი კი უნდა გამომდინარეობდეს საჯარო სამართლებრივი ურთიერთობებიდან. ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ნ. ჯ-ი მოპასუხეებად მიუთითებს შპს „...-ასა“ და ამავე კლინიკის დირექტორს დ. გ-ას, რაც გამორიცხავს განსახილველი დავის ადმინისტრაციულ დავად მიჩნევის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობისა და სადავო სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სახეზეა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხილულ უნდა იქნას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით მოსარჩელე ნ. ჯ-ს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე და უკან დაუბრუნდა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ნ. ჯ-ის მიერ არ იყო დაცული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნის წარდგენისათვის სავალდებულო ფორმა და პირობები, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთებოდა მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ, თუ რატომ ითხოვდა მოსარჩელე გადახდილი თანხის 160 ლარის უკან დაბრუნებას გასამმაგებული ოდენობით. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელე დამატებით ითხოვს მორალური ზიანის სახით დ. გ-თვის 5000 ლარის დაკისრებას, თუმცა სასარჩელო განცხადებაში არ იყო მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მოითხოვდა იგი მორალური ზიანის ანაზღაურებას. ამასთან, სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით ნ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განჩინება, სარჩელის განსჯად სასამართლოში გადაგზავნის შესახებ, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჯ-მა.
საკასაციო სასამართლო ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო ფორმალური დასაშვებობის საკითხს წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი აქტები, რომლებიც გამოტანილია საქმის არსებითად გადაწყვეტის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი წარდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განჩინებაზე, რაც ცალსახად გამორიცხავს ამ განჩინებაზე საკასაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას.
ამასთან, დამატებით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სადავოდ გამხდარი განჩინება წარმოადგენს საქმის განსჯად სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებას, რომელიც ცალკე გასაჩივრებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება, ხოლო რაც შეეხება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავა განსჯადობის თაობაზე შესაძლებელია წარმოიშვას მხოლოდ სასამართლოებს შორის და არა სასამართლოსა და მხარეს შორის, რაც ბუნებრივია გამორიცხავს, საქმის განსჯად სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე განჩინების მხარის მიერ გასაჩივრების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე