Facebook Twitter

ბს-603-603 (კ-18) 23 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინიტროს (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2018წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. კ-მა 01.09.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქაართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების 1782.66 ლარის მოპასუხისათვის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის მითითებით 1992 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა ეროვნული გვარდიის ... სამხედრო კომისარიატში. 1998 წლიდან 2000 წლამდე არ მომხდარა მისთვის კუთვნილი ხელფასის ანაზღურება, რის გამოც სახელფასო დავალიანება შეადგენს 1782.66 ლარს. მოპასუხემ 16.08.2017წ. წერილით აღიარა სახელფასო დავალიანების არსებობა, თუმცა მოთხოვნის მიუხედავად უარი განაცხადა თანხის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იყო გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებები თავდაცვის სამინისტროსათვის წინა წლებში წარმოქმნილი დავალების დასაფარავად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.10.17წ. გადაწყვტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 57-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე გაცემის ვალდებულება, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება. ზემოაღნიშნული კანონის 57.4 მუხლის თანახმად, მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფრომირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მიუღებელ ხელფასს 1998-1999-2000 წლების პერიოდზე. სკ-ის 128.1 მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან შესრულებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. მოსარჩელის მიმართ ხელფასის, პრემიისა და დანამატის ნაწილში უნდა გავრცელდეს სკ-ის 128.3 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა ათვლილი უნდა იყოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა თუ როდის იქნა დათხოვნილი პირი სამსახურიდან. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას კვების კომპენსაციის თაობაზე, იგი წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მასზე ვრცელდება სკ-ის 129.2 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომლის ათვლაც ასევე სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღიდან უკუსვლით ხდება. ამდენად, ა. კ-ის სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.10.17წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. კ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.18წ. გადაწყვეტილებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.10.17წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანების - 562.7 ლარის, პრემიის თანხა - 370.17 ლარის, დანამატი - 94.59 ლარისა და კვების კომპენსაციის - 755.2 ლარის ოდენობით ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37.1 მუხლზე, რომლის მიხედვითაც მოსამსახურეს სამსახურში მისვლის დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე უფლება აქვს მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ამავე კანონის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდება წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. პალატამ მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქცია არ შეიცავს სპეციალურ დათქმას 2005 წლამდე წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულების შესახებ. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია სარჩელის საერთო ხანდაზმულობის ვადების გამოყენება. სკ-ის 128.3 მუხლის თანახმად ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდის, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარზე თანდართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 28.12.2007წ. N9/4459 წერილით ირკვევა, რომ ა. კ-მა მიიღო დაპირება, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში მოხდებოდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2007 წლის 28 დეკემბრიდან, შესაბამისად აღნიშნული თარიღიდან დაიწყო ხანდაზმულობის ათწლიანი ვადის ათვლა. სარჩელი აღძრულია 11.09.17წ., შესაბამისად არ არის გასული ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.18წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს გამოყენებული უნდა იქნას როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, ასევე საქართველოს შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი. ხელფასის გაცემის ვალდებულებას უნდა მიეცეს სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, რომელზეც უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. სარჩელის სასამართლოში შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამასთანავე, სარჩელის შეტანის დროს მოქმედებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ახალი რედაქცია, რომელიც აღარ ითვალისწინებდა წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას. მოსარჩელეს გაშვებული აქვს საერთო ხანდაზმულობის ათწლიანი ვადაც.

კასატორმა მიუთითა, რომ კვების კომპენსაცია წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვადლდებულებას, რომლის მიმართაც უნდა გავრცელდეს სკ-ის 129.2 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული ვადა ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილშიც, ამავდროულად მსგავს საქმეებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.19წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი სახელფასო დავალიანების, პრემიისა და დანამატის თანხების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.18წ. გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მისთვის კვების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით ა. კ-ი 03.04.1992წ. - 30.01.2001წ. მსახურობდა ეროვნული გვარდიის ... სამხედრო კომისარიატში. მის მიმართ 1998-2000 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სახელფასო დავალიანება, რომელიც შეადგენს 1782.66 ლარს, მათ შორის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალინების ოდენობა შეადგენს 562.7 ლარს, პრემიის თანხა 370.17 ლარს, დანამატი 94.59 ლარს და კვების კომპენსაცია 755.2 ლარს (გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის 07.08.2017წ. N755996 ცნობა). საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16.08.17წ. N MOD 6 17 00787985 წერილით ა. კ-ს მისი 04.08.2017წ. N749675 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცის სამინისტროსათვის არ იქნა შესაბამისი ასიგნებები გამოყოფილი, ვერ დაკმაყოფილდებოდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 28.12.2007წ. N9/4459 წერილით ა. კ-ს ეცნობა, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ მიზნებისთვის, სახელფასო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. წერილის მიხედვით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შესაბამისი წყაროს არსებობის პირობებში კვლავ დაუბრუნდებოდა დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.

საკასაციო სასამართლოს 21.02.2019წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი სახელფასო დავალიანების, პრემიისა და დანამატის თანხების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი აღძრულია 01.09.2017წ., თუმცა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონი ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან. მითითებული კანონის ამოქმედებამდე საკითხის რეგულირებას ახდენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონი, რომლის 1341 მუხლის თანახმად 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესბამისად. უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2005 წლის პირველ იანვრამდე და სწორედ ამ პერიოდამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს იგი სარჩელით. როგორც მოქმედი, ასევე ძალადაკარგული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ხელფასის ცნების ქვეშ აქცევდა თანამდებობრივ სარგოსა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, საკასაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების, პრემიისა და დანამატის თანხების ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერების შესახებ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის თანხის დაკისრების კანონიერების საკითხი.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო, ხოლო შრომის გასამრჯელო (ხელფასი) სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37.1 მუხლის შესაბამისად მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, კანონი ხელფასის ცნების ქვეშ კვების კომპენსაციას არ აქცევდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე იყო სამხედრო მოსამსახურე, შესაბამისად მის მიმართ მოქმედებდა „სამხედრო მოსამსახურის შესახებ“ 25.06.1998წ. კანონის დანაწესი, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 12.1 მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე კანონის 12.3 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, რასაც ზემოაღნიშნული კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციაც ითვალისწინებს. ამდენად, კვების კომპენსაცია წარმოადგენს „სამხედრო მოსამსახურის შესახებ“ კანონით გასაზღვრული კომპენსაციის სახეს, სამხედრო მოსამსახურე სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან ერთად სამხედრო სამსახურის დროს იღებდა ასევე კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის - ულუფის სახით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი სამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 1341 მუხლის მიხედვით 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებული იყო საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხებოდა საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან - სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულად იყო მოწესრიგებული სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ამასთან კვების კომპენსაციის თანხა არ წარმოადგენს ხელფასში შემავალ დანამტს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემია, ზემოაღნიშნული ნორმა („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლი) აღნიშნულ კომპანსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, ხელფასისგან განსხვავებით კვების (ულუფის) დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის 129.2 მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული ვადა ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით (იხ. სუს 16.07.19წ. Nბს-1516(კ-18) გადაწყვეტილება).

მოცემულ შემთხვევაში ა. კ-ი ითხოვს მიუღებელ ხელფასთან ერთად კვების კომპენსაციის ანაზღაურებას 1998-1999-2000 წლების პერიოდზე, რომელიც წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განავრცო კვების კომპენსაციის მოთხოვნაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, რამეთუ სკ-ის 129.2 მუხლის თანახმად პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს. სააპელაციო სასამართლომ ა. კ-ის სასარჩელო მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა 2007 წლის 28 დეკემბრიდან აითვალა, იმ დასაბუთებით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 28.12.2007 წ. N9/4459 წერილით ადმინისტრაციული ორგანოსგან ა. კ-ის მიმართ დავალიანების ანაზღაურების დაპირება ხანდაზმულობის ვადის ახლიდან ათვლის საფუძველი გახდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. კ-მა სარჩელი 11.09.2017წ. აღძრა სასამართლოში, ამდენად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 28.12.2007 წ. N9/4459 წერილის გათვალისწინების შემთხვევაში ხანდაზმულობის ახლიდან ათვლის პირობებშიც გასულია კვების კომპენსაციის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის თანხის - 755.2 ლარის ა. კ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სსკ-ის 411-მუხლის შესაბამისად მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2018წ. გადაწყვეტილება დაშვებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. კ-ის სარჩელი კვების კომპენსაციის - 755.2 ლარის ოდენობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი