საქმე Nბს-1012(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. გ-მა 2018 წლის 10 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისთვის ვ. გ-ის სასარგებლოდ 314 992 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის N2/23037-17 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; „K..-ს“ სპს ,,...-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 4 800 000 ლარი; „K..-ს“ დაეკისრა სპს ,,...-ის“ სასარგებლოდ ყოველდღიურად 4 800 000 ლარის წლიური 7%-ის გადახდა 2014 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; „K..-ს“ სპს „...-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით (საქმე N2/23037-17) ვ. გ-ის განცხადება (შუამდგომლობა) დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (საქმე N2/23037-17) დასახელებული კრედიტორის სპს „...-ის“ უფლებამონაცვლედ დადგენილ (ცნობილ) იქნა ვ. გ-ი და აღნიშნული განჩინების საფუძველზე კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის - ვ. გ-ის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე N2/23037-17) აღსრულების მიზნით განისაზღვრა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 11 დეკემბერს გაცემულ იქნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებასა და 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე, სააღსრულებო ფურცელი (N2/23037-17) კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის - ვ. გ-ის სახელზე.
2017 წლის 12 დეკემბერს ვ. გ-მა (კრედიტორმა) განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მოვალე - „K..-ის“ მიმართ, რომლითაც იძულებითი აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 11 დეკემბერს გაცემული N2/23037-17 ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება მოითხოვა, აღსასრულებელ მოთხოვნად მიუთითა: 4 800 000 ლარი, 5000 ლარი და 1243660,27 ლარი. კრედიტორის მიერ გადახდილი საფასურის ოდენობამ კი შეადგინა - 5000 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით მის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება და NA17141209-005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალე „K..-ის“ წარმომადგენელს გ. გ-ს ჩაბარდა 2017 წლის 18 დეკემბერს. 2017 წლის 18 დეკემბერს „K..-ის“ წარმომადგენელმა გ. გ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს და მიუთითა, რომ დაკისრებული თანხის ჩამოჭრა მომხდარიყო სრულად, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადის გასვლამდე, საინკასო დავალებით სს ,,კ..-ში“ არსებული კომპანიის ანგარიშიდან. 2017 წლის 20 დეკემბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა NA17141209-007/001 წერილით მიმართა სს „კ..-ს“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მითითებული საინკასო დავალების კონტროლზე აყვანა მოითხოვა 6053660.27 ლარის ფარგლებში. სს ,,კ..-ს“ ლიკვიდატორის რ. ც-ის 2017 წლის 28 დეკემბრის N6გ/398 წერილით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელს NA17141209-007/002 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ბიუროს მიერ 20.12.2017 წელს წარდგენილ საინკასო დავალებაში N01/55-01 მითითებული გადამხდელის საბანკო ანგარიშებს ედო ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის N12/3630 განჩინების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „კ..-ი“ ვერ ახორციელებდა ბიუროს 20.12.2017 წლის NA17141209-007/001 წერილით წარდგენილი საინკასო დავალების N01/55-01 შესრულებას.
მოსარჩელის განმარტებით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა აღსრულება და ამოიღო ნაწილობრივ თანხა, თუმცა მოვალისაგან ამოღებული თანხის განაწილებისას განსაზღვრა აღსრულების საფასურის ოდენობა და კრედიტორზე გადასაცემი თანხიდან ჩამოჭრა 314 992 ლარი. 2018 წლის 9 მარტს ვ. გ-მა განცხადებით (რეგისტრაციის N12939) მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, რომელშიც მიუთითა, რომ მოვალემ ნებაყოფლობით შეასრულა აღსრულების მოთხოვნა და შესაბამისად, მას უნდა დაკისრებოდა მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილი - 5000 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. გ-მა მიუთითა, რომ აღსრულების საფასურის ოდენობად უნდა განსაზღვრულიყო კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასური - 5000 ლარი, ნაცვლად 314 992 ლარისა. ამასთან, მიუთითა, რადგან ამოღებული თანხა არ იყო საკმარისი კრედიტორის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მოითხოვა აღუსრულებელ ნაწილში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 აპრილის N24335 წერილით ვ. გ-ს, 2018 წლის 9 მარტის N12939 განცხადების პასუხად განემარტა, რომ აღმასრულებლის მიერ თანხის განაწილება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან, მართალია, მოვალემ გამოთქვა მზადყოფნა განხორციელებულიყო მისი ანგარიშიდან საინკასო დავალების საფუძველზე ამოსაღები თანხის სრულად ჩამოჭრა, თუმცა თანხის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხვა მოხდა მოვალისათვის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. მოსარჩელის მოსაზრებით სააღსრულებო წარმოება განხორციელდა ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ მოვალის განცხადების საფუძველზე, რის გამო აღსასრულებელი თანხიდან აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაფარვა არასწორი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელის ვ. გ-ის სასარგებლოდ 314 991,35 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამაც.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული სარჩელის საგანი შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი მოქმედების განხორციელების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის კანონიერება, რაც ზიანს აყენებს პირის ინტერესს და შესაბამისად, მოთხოვნილ იქნეს ამ მოქმედების განხორციელება ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იძულებითი აღსრულების განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც ვალდებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად მოახდინოს აღსრულება. სააღსრულებო ორგანოების მოქმედება უნდა გამომდინარეობდეს სააღსრულებო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან. ამასთან, თუ სააღსრულებო წარმოების მხარე არ ეთანხმება წარმოების დროს განხორციელებულ რაიმე მოქმედებას, მას უფლება აქვს სადავოდ გახადოს ეს მოქმედება (უმოქმედება) და მოითხოვოს მისი უკანონოდ ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან მოვალე ,,K..-ისაგან“ ამოღებული თანხის განაწილებას და უთითებს, რომ აღსრულების საფასურის ოდენობად უნდა განსაზღვრულიყო კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასური 5000 ლარი, ნაცვლად 314 991,35 ლარისა, ვინაიდან მოვალემ შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით აცნობა აღსრულების ბიუროს, რომ თანახმა იყო ნებაყოფლობით განეხორციელებინა აღსრულება და მომხდარიყო გადახდა ინკასოს საფუძველზე მის ანგარიშზე არსებული თანხიდან. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, მოცემულ შემთხვევაში მოვალის მხრიდან ადგილი ჰქონდა აღსრულების მოთხოვნის ნებაყოფლობით თუ იძულებით აღსრულებას.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტებისა და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს ვ. გ-მა (კრედიტორმა) განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოვალე „K..-ის“ მიმართ, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 11 დეკემბერს გაცემული N2/23037-17 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულება მოითხოვა, აღსასრულებელ მოთხოვნად მიუთითა: 4 800 000 ლარი, 5000 ლარი და 1243660,27 ლარი. კრედიტორის მიერ გადახდილი საფასურის ოდენობამ კი შეადგინა 5000 ლარი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ ვ. გ-ის იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება მოვალე „K..-ის“ მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი A17141209. პალატის მოსაზრებით საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 13 დეკემბერს, N2/23037-17 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მოვალე „K..-ს“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა NA17141209-005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად, მოვალეს მიეცა წინადადება, შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა. აქვე განემარტა, რომ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, მოვალეს გადასახდელი ექნებოდა მხოლოდ დაკისრებული თანხა და კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური - მოთხოვნის 2% (არანაკლებ 50 ლარისა). მოვალე გაფრთხილებულ იქნა ასევე, რომ ფულადი ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. განემარტა ასევე უფლება-მოვალეობები და ეცნობა, რომ აღსრულების ღონისძიებების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული NA17141209-005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ჩაჰბარდა მოვალე „K..-ის“ წარმომადგენელს გ. გ-ეს 2017 წლის 18 დეკემბერს. 2017 წლის 18 დეკემბერს „K..-ის“ წარმომადგენელმა გ. გ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მიუთითა, რომ დაკისრებული თანხის ჩამოჭრა მომხდარიყო სრულად, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადის გასვლამდე, საინკასო დავალებით სს „კ..-ში“ არსებული კომპანიის ანგარიშიდან. 2017 წლის 20 დეკემბერს მოვალის ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე სს „კ..-ში“ წარდგენილი იქნა საინკასო დავალება მოთხოვნის ფარგლებში, რომლის მიღებაც ბანკმა დაადასტურა და მიუთითა, რომ ანგარიშებს მოეხსნა აღსრულების ეროვნული ბიუროს ყადაღა, იგი ჩანაცვლდა საინკასო დავალებით და აყვანილ იქნა კონტროლზე, თუმცა ვერ შესრულდა, რამდენადაც სს ,,კ..-ის“ 2017 წლის 28 დეკემბრის წერილით დგინდებოდა მოვალის „K..-ის“ (...) საბანკო ანგარიშებზე სს „კ..-ში“ გავრცელებული იყო ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის N12/3630 განჩინების საფუძველზე. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომლითაც პროკურატურას ეთხოვა, წერილობით ეცნობებინა პოზიცია აღსრულების გაგრძელების მიზნაშეწონილობის თაობაზე მოვალის ზემოაღნიშნული საბანკო ანგარიშების (ანგარიშებზე განთავსებული თანხის) მიმართ. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 10 იანვრის N13/2177 წერილით, სააღსრულებო წარმოების გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, მოთხოვნილ იქნა დეტალური ინფორმაცია წერილში აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ირგვლივ და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლები. აღნიშნულის წარდგენის შემდეგ კი, საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 22 იანვრის N13/4728 წერილით თბილისის სააღსრულებო ბუროს ეცნობა, რომ აღსრულების გაგრძელებაზე თანხმობის გაცემა სცილდებოდა პროკურატურის კომპეტენციას. საქმეში წარმოდგენილი ამოღებული თანხის განკარგვის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ 2018 წლის 2 მარტს, საინკასო დავალების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4 872 406 ლარი. მითითებული თანხიდან კრედიტორს - ვ. გ-ს გადაერიცხა 4 557 414,65 ლარი, ხოლო აღსრულების საფასური - 314 991,35 ლარი მიექცა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში მოვალის „K..-ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა აღსრულების მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებას, ვინაიდან თანხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხვა მოხდა, მოვალისათვის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. მე-6 პუნქტის შესაბამისად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ს, გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე საფასურის ოდენობა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ - „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის დადგენილი საფასურისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცებული ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, აღსრულების საფასური, აგრეთვე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე გადასახდელი საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე აღსრულების საფასურის ოდენობა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის დადგენილი საფასურისა. ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად.
სააპელაციო პალატის მისაზრებით საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ მოვალისათვის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის მიცემული ვადის არსი მდგომარეობს მხარეებისათვის იძულების ღონისძიებებით გამოწვეული სიძნელეების აცილებაში, ადმინისტრაციული და სხვა რესურსების დაზოგვაში. სწორედ ამის გამო აცნობებს ადმინისტრაციული ორგანო მოვალეს, რომ თანხის ნებით გადახდის შემთხვევაში, მოვალეს დაეკისრება აღსრულების საფასურის შეღავათიანი განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოვალის „K..-ის“ წარმომადგენელმა გ. გ-ემ 2017 წლის 18 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა სს „კ...-ში“ არსებული მოვალის ანგარიშიდან საინკასო დავალების საფუძველზე, ამოსაღები თანხის სრულად ჩამოჭრა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადის გასვლამდე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამოღებული თანხის განკარგვის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვით დასტურდება, რომ 2018 წლის 2 მარტს, საინკასო დავალების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4 872 406 ლარი. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოვალემ შეტყობინების მიღებიდან დადგენილ 7 დღის ვადაში აცნობა წერილობით აღსრულების ბიუროს, რომ თანახმა იყო ნებაყოფლობით განეხორციელებინა აღსრულება და მიუთითა, რომ გადახდა მომხდარიყო ინკასოს საფუძველზე მის ანგარიშზე არსებული თანხიდან, რაც აღნიშნულ ვადაში ვერ განხორციელდა. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია აღსრულების მოთხოვნის 7-დღიან ვადაში შეუსრულებლობის მიზეზის გარკვევა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოვალის „K..-ის“ ანგარიშებს სს „კ..-ში“ ედო ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის N12/3630 განჩინების საფუძველზე, რის გამოც ბანკი ვერ ახორციელებდა ბიუროს მიერ წარდგენილი საინკასო დავალების შესრულებას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროა (მისი ტერიტორიული ორგანო) უფლებამოსილი მოითხოვოს საქართველოს მთავარი პროკურატურის პოზიცია აღსრულების გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე, რისი შესაძლებლობაც მოვალეს არ გააჩნია. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება მასზედ, რომ ვინაიდან მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ნების გამოხატვა და ინკასოს გამოყენებით საკუთარი ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის თაობაზე განცხადების წარდგენა თავისთავად არ ნიშნავდა მოთხოვნის შესრულებას, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მოვალის მიერ მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებას. საქმის მასალების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოვალის მხრიდან განსაზღვრულ 7-დღიან ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ნების გამოხატვა და ინკასოს გამოყენებით საკუთარი ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის თაობაზე განცხადების წარდგენა, დამდგარი შედეგის - აღსრულებული მოთხოვნის გათვალისწინებით, წარმოადგენდა მოვალის მხრიდან შესრულებულ ყველა იმ ღონისძიებას, რისი შესაძლებლობაც მას გააჩნდა. ამდენად, მოვალე მოკლებული იყო შესაძლებლობას სხვა გზით განეხორციელებინა სააღსრულებო მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ვ. გ-ის სარჩელი საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მართებულად მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 2 მარტს, საინკასო დავალების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4 872 406 ლარი. მითითებული თანხიდან კრედიტორს ვ. გ-ს გადაერიცხა 4 557 414,65 ლარი, ხოლო აღსრულების საფასური 314 991,35 ლარი მიექცა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. მოსარჩელე კი სარჩელით ითხოვს მოპასუხისთვის 314 992 ლარის დაკისრებას. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ვ. გ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იმ თანხის - 314 991,35 ლარის გადახდა, რაც გადაირიცხა სსიპ აღსრულების ეროვნულიბიუროს ანგარიშზე აღსრულების საფასურის სახით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციოს სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა კანონს, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლი და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ იუსტიციის მინისტრის №144 ბრძანების 2.2 მუხლი, რომლის თანახმად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე გადასახდელი საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ აღსრულების საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რაც მცირდება იმის გამო, რომ მოვალის მიერ აღსასრულებელი მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულება გამორიცხავს შემდგომ სააღსრულებო მოქმედებებს, რაც იმავდროულად გულისხმობს დროის და სხვა მატერიალური რესურსის დაზოგვას.
კასატორის განმარტებით უდავოა, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალის მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე. ასევე, უდავოა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაიგზავნ შესაბამისი საინკასო დავალება მოვალის განცხადებაში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში. თუმცა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი საინკასო დავალების საფუძველზე ვერ განხორციელდა მოვალის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის რეგისტრირებული ყადაღის გამო. მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ნების გამოხატვისა და ინკასოს გამოყენებით საკუთარი ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე განცხადების წარმოდგენისას მოვალისათვის უკვე ცნობილი იყო მის მიერ გამოხატული ნების ფაქტობრივი შესრულების შეუძლებლობა ანგარიშზე არსებული ყადაღის გამო.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოვალის მიერ გამოხატული ნების აღსასრულებელი მოთხოვნის კანონით დადგენილ ვადაში შესრულებულად მიჩნევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად არ მომხდარა მოვალის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა და კრედიტორის მოთხოვნის აღსრულების მიზნით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხვა, მითითებული გარემოება მოგვცემს საფუძველს დასკვნისთვის, რომ მოთხოვნის შესრულებაზე მოვალის მიერ გამოხატული ნების გამო აღსასრულებელი მოთხოვნა აღსრულებულად და შესაბამისად, სააღსრულებო წარმოება დასრულებულად ჩაითვალოს. აღნიშნული ეწინააღმდეგება ვალდებულების შესრულების, როგორც მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებსა და პრინციპებს, ასევე სააღსრულებო წარმოების მიზნებისთვის მოთხოვნის აღსრულების რეგულაციას.
კასატორის განმარტებით, აღსასრულებელი მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებაზე ვრცელდება ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის ზოგადი წესები, კერძოდ, ვალდებულება შესრულებულად ითვლება ვალდებულების ჯეროვნად და სრულად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების შემთხვევაში. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოთხოვნის შესრულების წესი კანონისმიერად არის დადგენილი, კერძოდ, ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებას მაშინ აქვს ადგილი, თუკი აღსასრულებელი მოთხოვნის/თანხის გადახდა ხდება სრულად, კანონით დადგენილი 7 - დღიან ვადაში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
კასატორის მოსაზრებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი სასამართლომ არასწორად მიიჩნია იმ მოცემულობად, რაც მოვალის მიერ ვალდებულების არადროული შესრულების ობიექტურობას და მოვალის ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოების არსებობას ადასტურებს. კანონმდებელმა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების - ყადაღის ქვეშ მყოფი მოვალის აქტივი მიიჩნია იმგვარ აქტივად, რომელზეც იძულებითი აღსრულების ღონისძიების განხორციელებაც კი დაუშვებელია, არა თუ მოვალის მიერ მისი თავისუფალი განკარგვა. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების კანონით დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგრძელდა მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა, რასაც ვერ გააბათილებს მოვალის სხვა აქტივის არარსებობა, ანუ აღსრულება კი არ შეწყდა მოვალის მიერ გამოხატული ნების გამო, არამედ გაგრძელდა საერთო წესით და მას შემდეგ, რაც მოვალის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრები გათავისუფლდა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღისგან, მასზე განხორციელდა იძულებითი გადახდევინების მიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კასატორის მოსაზრებით ნიშანდობლივია, რომ მითითებული მუხლი წარმოადგენს იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებლის უფლებამოსილების დამდგენ რეგულაციას, რომელიც იძლევა ჩამონათვალს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებებისა. კონკრეტულ საქმეზე აღსრულება განხორციელდა ერთ-ერთი იძულებითი სააღსრულებო მოქმედების - საინკასო დავალების გამოყენების გზით და არა მოვალის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებით. ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი განცხადებით მითითებული აქტივი არ იყო აღსრულებაუნარიანი, შემდგომში იძულებითი სააღსრულებო მოქმედების ((საინკასო დავალება) საფუძველზე ამონაგები თანხა არ იყო საკმარისი. აღსასრულებელი ამონაგები თანხის განაწილება და მასზე სააღსრულებო საფასურის დარიცხვა განხორციელდა კანონით დადგენილი წესით, რაც კასატორის მოსაზრებით გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძველების არსებობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ კასაციის მიზეზები არ არის წარმოდგენილი ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. თუმცა, არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივი დასკვნას, რადგან სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა, არასწორად განმარტა იგი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია, რამდენადაც მითითებული მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, „საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები“ (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).
განსახლიველ შემთხვევაში, ვ. გ-ის მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი ისეთი მოქმედების (აღსრულების საფასურის - 314 992 ლარის დაბრუნების) განხორციელების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული სარჩელის საგანი შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი მოქმედების განხორციელების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის კანონიერება, რაც ზიანს აყენებს პირის ინტერესს და შესაბამისად, მოთხოვნილ იქნეს ამ მოქმედების განხორციელება ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები რეგლამენტირებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იძულებითი აღსრულების განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც ვალდებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად მოახდინოს აღსრულება. სააღსრულებო ორგანოების მოქმედება უნდა გამომდინარეობდეს სააღსრულებო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან. ამასთან, თუ სააღსრულებო წარმოების მხარე არ ეთანხმება წარმოების დროს განხორციელებულ რაიმე მოქმედებას, მას უფლება აქვს სადავოდ გახადოს ეს მოქმედება (უმოქმედება) და მოითხოვოს მისი უკანონოდ ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან მოვალე - „K..-ისაგან“ ამოღებული თანხის განაწილებას და უთითებს, რომ აღსრულების საფასურის ოდენობად უნდა განსაზღვრულიყო კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასური - 5000 ლარი, ნაცვლად 314 991,35 ლარისა, ვინაიდან მოვალემ შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით აცნობა აღსრულების ბიუროს, რომ თანახმა იყო ნებაყოფლობით განეხორციელებინა აღსრულება და მომხდარიყო გადახდა საინკასო დავალების საფუძველზე მის ანგარიშზე არსებული თანხიდან. ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში სადავოა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების ვადაში მოვალის მიერ ნების გამოხატვის შედეგად, საინკასო დავალების საფუძველზე ორი თვის გასვლის შემდეგ ვალდებულების შესრულება, რამდენად წარმოადგენს ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებას და უნდა განხორციელდეს თუ არა შესრულებული ვალდებულებიდან აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაფარვა.
საკასაციო პალატა იზიარებს კასაციის მიზეზებს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის იმ დასაბუთების მიმართ, რომლის თანახმად, „მოვალის მხრიდან განსაზღვრულ 7-დღიან ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ნების გამოხატვა და საინკასო დავალების გამოყენებით საკუთარი ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის თაობაზე განცხადების წარდგენა, დამდგარი შედეგის - აღსრულებული მოთხოვნის გათვალისწინებით, წარმოადგენდა მოვალის მხრიდან შესრულებულ ყველა იმ ღონისძიებას, რისი შესაძლებლობაც მას გააჩნდა. ამდენად, მოვალე მოკლებული იყო შესაძლებლობას სხვა გზით განეხორციელებინა სააღსრულებო მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულება“. აღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება საკითხის მარეგულირებელი ნორმების ანალიზის საფუძველზე დასკვნას ვალდებულების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით დადგენილია აღსრულების საფასური. მითითებული მუხლის პირველი პუნქტით აღსრულების საფასური (შემდგომ – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. მე-6 პუნქტის შესაბამისად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ს, გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე საფასურის ოდენობა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის დადგენილი საფასურისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, აღსრულების საფასური, აგრეთვე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე გადასახდელი საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე აღსრულების საფასურის ოდენობა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის დადგენილი საფასურისა. ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად.
საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს, ვ. გ-მა (კრედიტორმა) განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მოვალე - „K..-ის“ მიმართ, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 11 დეკემბერს გაცემული N2/23037-17 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულება მოითხოვა, აღსასრულებელ მოთხოვნად მიუთითა: 4 800 000 ლარი, 5000 ლარი და 1243660,27 ლარი. კრედიტორის მიერ გადახდილი საფასურის ოდენობამ კი შეადგინა - 5000 ლარი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ - ვ. გ-ის იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება, მოვალე - „K..-ის“ მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A17141209. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურის თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 13 დეკემბერს N2/23037-17 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მოვალე - „K..-ს“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა NA17141209-005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად, მოვალეს მიეცა წინადადება, შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა. აქვე განემარტა, რომ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, მოვალეს გადასახდელი ექნებოდა მხოლოდ დაკისრებული თანხა და კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური - მოთხოვნის 2% (არანაკლებ 50 ლარისა). მოვალე გაფრთხილებულ იქნა ასევე, რომ ფულადი ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. განემარტა ასევე უფლება-მოვალეობები და ეცნობა, რომ აღსრულების ღონისძიებების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. ზემოაღნიშნული NA17141209-005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2017 წლის 18 დეკემბერს ჩაბარდა მოვალე „K..-ის“ წარმომადგენელს გ. გ-ეს. სადავო არ არის, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს „K...-ის“ წარმომადგენელმა გ. გ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მიუთითა, რომ დაკისრებული თანხის ჩამოჭრა მომხდარიყო სრულად, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადის გასვლამდე, საინკასო დავალებით სს „კ...-ში“ არსებული კომპანიის ანგარიშიდან. 2017 წლის 20 დეკემბერს, მოვალის ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე სს „კ..-ში“ წარდგენილ იქნა საინკასო დავალება მოთხოვნის ფარგლებში, რომლის მიღებაც ბანკმა დაადასტურა და მიუთითა, რომ ანგარიშებს მოეხსნა აღსრულების ეროვნული ბიუროს ყადაღა, იგი ჩანაცვლდა საინკასო დავალებით და აყვანილ იქნა კონტროლზე, თუმცა ვერ შესრულდა, რამდენადაც სს „კ...-ის“ 2017 წლის 28 დეკემბრის წერილით დგინდებოდა, რომ მოვალის - „K..-ის“ (...) საბანკო ანგარიშებზე სს „კ...-ში“ დადებული იყო ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის N12/3630 განჩინების საფუძველზე. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომლითაც პროკურატურას ეთხოვა, წერილობით ეცნობებინა პოზიცია აღსრულების გაგრძელების მიზნაშეწონილობის თაობაზე მოვალის ზემოაღნიშნული საბანკო ანგარიშების (ანგარიშებზე განთავსებული თანხის) მიმართ. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 10 იანვრის N13/2177 წერილით, სააღსრულებო წარმოების გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, მოთხოვნილ იქნა დეტალური ინფორმაცია წერილში აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ირგვლივ და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლები. აღნიშნულის წარდგენის შემდეგ კი, საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 22 იანვრის N13/4728 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ აღსრულების გაგრძელებაზე თანხმობის გაცემა სცილდებოდა პროკურატურის კომპეტენციას.
ამოღებული თანხის განკარგვის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვით დასტურდება, რომ 2018 წლის 2 მარტს, საინკასო დავალების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4 872 406 ლარი. მითითებული თანხიდან კრედიტორს - ვ. გ-ს გადაერიცხა 4 557 414,65 ლარი, ხოლო აღსრულების საფასური - 314 991,35 ლარი მიექცა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. ზემოაღნიშნულის გამო კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოვალის - „K...-ის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონდა აღსრულების მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებას, ვინაიდან თანხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხვა მოხდა, მოვალისათვის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებისთვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სადავო არ არის. საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით სადავო ასევე არ არის, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ მოთხოვნის აღსრულებული ნაწილიდან სააღსრულებო საფასურის დაფართვით მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად მისაღები თანხა შემცირდა სადავო თანხის ოდენობით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია აღსრულების მოთხოვნის 7-დღიან ვადაში შეუსრულებლობის მიზეზის გარკვევა, იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ წინადადების ჩაბარებისთანავე 2017 წლის 18 დეკემბერს მოვალემ - „K...-ის“ წარმომადგენელმა გ. გ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მიუთითა, რომ დაკისრებული თანხის ჩამოჭრა მომხდარიყო სრულად, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადის გასვლამდე, საინკასო დავალებით სს „კ..-ში“ არსებული კომპანიის ანგარიშიდან. მართებულია კასატორის მოსაზრება, რომ მხოლოდ მოვალის მიერ გამოხატული ნება ყველა შემთხვევაში ვერ ჩაითვლება აღსასრულებელი მოთხოვნის კანონით დადგენილ ვადაში ნებაყოფლობით შესრულებად, რადგან ფორმალურად აღნიშნულით აღსასრულებელი მოთხოვნა ჩაითვლება აღსრულებულად და სააღსრულებო წარმოება დასრულებულად, რაც ეწინააღმდეგება სააღსრულებო წარმოების მიზნებისათვის მოთხოვნის რეალურად აღსრულებულად მიჩნევის რეგულაციას. ამავე დროს, მოვალისათვის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის მიცემული ვადის არსი მდგომარეობს მხარეებისათვის იძულების ღონისძიებებით გამოწვეული სიძნელეების აცილებაში, ადმინისტრაციული და სხვა რესურსების დაზოგვაში. სწორედ ამის გამო ხდება მოვალის ინფორმირება თანხის ნებაყოფლობითი გადახდის შედეგების შესახებ, რაც გამოიხატება აღსრულების საფასურის შეღავათიანი განაკვეთით - მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის დაკისრებაში. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ დადგენილ ვადაში გამოხატული ნების შესრულების დაყოვნება გამოწვეულია სს „კ...-ში“ მოვალის ანგარიშზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის N12/3630 განჩინების საფუძველზე დადებული ყადაღით, რის გამოც ბანკი ვერ ახორციელებდა ბიუროს მიერ წარდგენილი საინკასო დავალების შესრულებას. თუმცა საგულისხმოა, რომ სწორედ 2017 წლის 20 დეკემბერს წარდგენილი საინკასო დავალება შესრულდა 2018 წლის 2 მარტს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4 872 406 ლარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში გაწერილია აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი, აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში 2020 წლის 5 მარტს გამართულ სხდომაზე კასატორმა განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 20 დეკემბერს წარდგენილი საინკასო დავალება არ წარმოადგენდა იძულებითი აღსრულების ღონისძიებას და იგი გაიცა მოვალის მიერ გამოხატული ნების - მოთხოვნის ნებაყოფლობით აღსრულების უზრუნველსაყოფად. საგულისხმოა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. მხარეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი - აღსრულების შეჩერება და მისი ვადები, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს აღსრულების შეჩერების საფუძვლებსა და ვადებს. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს პოზიტიური ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ეროვნულ კანონმდებლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლში ასახული საკუთრების უფლების (რომელიც განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს აღსრულებად ვალს) დასაცავად განხორციელებულ კონკრეტული ღონისძიების გამოხატულებას. აღნიშნული ქმნის გარანტიას, რომ ერთი სახელმწიფო ორგანოს - პროკურატურის მოქმედებამ არ გამოიწვიოს სხვა სახელმწიფო ორგანოს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შეფერხება, რომელსაც შედეგად მოსდევს მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევა. პოზიტიურ ვალდებულებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებში განმარტა, რომ როდესაც საქმის გარემოებები ეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებები შესაძლოა უფრო ლიმიტირებული იყოს, ვიდრე იმ საქმეებში, სადაც მომჩივანი დგას საკუთრების დაკარგვის წინაშე სახელმწიფოს მხრიდან სახიფათო სიტუაციებში გამოჩენილი უყურადღებობის გამო (კოტოვი რუსეთის წინააღმდეგ (Kotov v. Russia), No. 54522/00, 03.04.2012, 111-ე პარაგრაფი.). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლი უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03). მომავალი შემოსავალი განიხილება „საკუთრებად“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უკვე გამომუშავებულია ან მასზე აღსრულებადი მოთხოვნა უკვე არსებობს (ამბრუსი იტალიის წინააღმდეგ (Ambruosi v. Italy), No. 31227/96, 19.10.00, მე-20 პარაგრაფი). „როდესაც საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ინტერესი მოთხოვნის ბუნებისაა, პირს, რომელსაც ის გააჩნია, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს „ლეგიტიმური მოლოდინის“ მქონედ თუ აღნიშნული ინტერესის არსებობისთვის საკმარისი და სათანადო საფუძველი არსებობს ეროვნულ სამართალში...“ (კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ (Kopecký v. Slovakia), No. 44912/98, 28.9.04(დიდი პალატა), 52-ე პარაგრაფი). ასევე, სასამართლომ საკუთარ პრეცედენტულ სამართალში უკვე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება განსხვავებაზე სარგებლის მიღების იმედსა (როგორი გასაგებიც არ უნდა იყოს ეს იმედი) და ლეგიტიმურ მოლოდინს შორის, რომელიც აუცილებელია, იყოს უფრო კონკრეტული ბუნების ვიდრე უბრალო იმედი და ეფუძნებოდეს სამართლებრივ დანაწესს ან სამართლებრივ აქტს.“ (რამაერი და ვან ვილიგენი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Ramaer and Van Willigen v. the Netherlands), No. 34880/12, 23.10.2012. 81-ე პარაგრაფი.).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გააჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, სააღსრულებო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით აღსრულების შედეგად საკუთრების (აღსრულებადი ვალის) დაბრუნების ლეგიტიმური მოლოდინი. თუმცა გამოვლინდა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე (2017 წლის 20 დეკემბრის საინკასო დავალების წარდგენამდე) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას - 2017 წელს 20 დეკემბერს წარდგენილ N01/55-01 საინკასო დავალებაში მითითებული გადამხდელის საბანკო ანგარიშებს სასამართლომ 2014 წლის 10 მაისის N12/3630 განჩინებით ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად. ამგვარად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იმ ეტაპზე, რომელზეც მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება - ნებაყოფლობითი აღსრულების ეტაპზე, არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამ ქონებაზე აღსრულების შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძველი პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე. აღსრულების გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე მოვალის საბანკო ანგარიშების (ანგარიშებზე განთავსებული თანხის) მიმართ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილის პასუხად საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 22 იანვრის N13/4728 წერილით აღმასრულებელს ეცნობა, რომ აღსრულების გაგრძელებაზე თანხმობის გაცემა სცილდებოდა პროკურატურის კომპეტენციას. თუმცა მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის N12/3630 განჩინებით დადებული ყადაღა - 2017 წელს 20 დეკემბერს წარდგენილ საინკასო დავალებაში N01/55-01 მითითებული გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე, რაც წარმოადგენდა ნებაყოფლობითი აღსრულების ეტაპზე შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლებისა და გაცემული საინკასო დავალების იმავე ეტაპიდან შესრულების საფუძველს. აღსანიშნავია ასევე, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს წარდგენილი №01/55-01 საინკასო დავალების შესრულება სხვა რაიმე საფუძვლით არ შეყოვნებულა და აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე 2018 წლის 2 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4 872 406 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ, ვინაიდან მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ნების გამოხატვა და ინკასოს გამოყენებით საკუთარი ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის თაობაზე განცხადების წარდგენა თავისთავად არ ნიშნავდა მოთხოვნის შესრულებას, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მოვალის მიერ მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების სათანადოდ განუხორციელებლობამ - პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია მოსარჩელის საკუთრების უფლების დარღვევა, რაც გამოიხატა აღსრულებადი ვალის შემცირებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. გ-ის სარჩელი საფუძვლიანია. ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 2 მარტს, საინკასო დავალების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4 872 406 ლარი. მითითებული თანხიდან კრედიტორს - ვ. გ-ს გადაერიცხა 4 557 414,65 ლარი, ხოლო აღსრულების საფასური - 314 991,35 ლარი მიექცა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის 314 992 ლარის დაკისრებას. ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე აღსრულების საფასურის სახით გადარიცხული თანხის - 314 991,35 ლარის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე დამდგარი საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი 100 (ასი) ლარის გადახდა ვ. გ-ის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექისის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვ. გ-ის სასარგებლოს 314 991,35 ლარის გადახდა;
5. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს ვ. გ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე