Facebook Twitter

საქმე №ბს-1384(2კ-19) 25 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 10 ივლისს მ. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №002031 დადგენილებისა და ,,მ. პ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 14 ივლისის №1-646 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ქ. თბილისში, ... რაიონში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობისა და ღობის სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებასთან დაკავშირებით, 2016 წლის 30 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მის მიმართ შეადგინეს მითითება №002031, რომლითაც განესაზღრა 7 დღიანი ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. 2016 წლის 8 დეკემბერს შედგა შემოწმების აქტი, სადაც აღინიშნა, რომ 2016 წლის 30 ნოემბრის მითითება არ იყო შესრულებული. 2017 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ჩატარდა სხდომა 2016 წლის 30 ნოემბრის მითითებაში დაფიქსირებულ სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მისცეს დაპირება, რომ აღარ დაჯარიმდებოდა თუ 2017 წლის 8 თებერვლამდე მოახდენდა მის მიერ აშენებული კონსტრუქციის დემონტაჟს. მოსარჩელის თქმით, კონსტრუქციის დემონატაჟი მოახდინა 2017 წლის 5 თებერვალს, რის შესახებაც შეატყობინა ზედამხედველობის სამსახურს, მიუხედავად აღნიშნულისა, მას მიუვიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 2 თებერვლის №002031 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 10 000 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით.

მოსარჩელე თვლიდა, რომ 2017 წლის 24 იანვრის სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაპირებას, რის მიმართაც წარმოექმნა კანონიერი ნდობა. ამასთან, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელს განესაზღვრება დამატებითი გონივრული ვადა შეუსაბამობის გამოსასწორებლად. აღნიშნულზე დაყრდნობით, მოსარჩელემ, მიიჩნია რომ აღარ დაჯარიმდებოდა და 2017 წლის 5 თებერვალს თავისი ნებით მოახდინა ქოხის დემონტაჟი, რომელიც მსუბუქ კონსტრუქციად მიიჩნია ზედამხედველობის სამსახურმა.

მოსარჩელე ასევე უთითებდა უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე, რომ არის უსახლკარო და ოთხი შვილის მარტოხელა დედა, რომელთაგან ორს აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. მოსარჩელის თქმით, ცხოვრობენ ქოხში და მათ ერთადერთ შემოსავალს სოციალურად დაუცველთა შემწეობა წარმოადგენს (სოციალურად დაუცველთა ერთიან სარეიტინგო ბაზაში მინიჭებული აქვთ - 1000 ქულა).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 24 იანვრის სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურმა მოსარჩელის მიმართ გასცა დაპირება, რომლის თანახმადაც, აღარ დაჯარიმდებოდა თუ 2017 წლის 8 თებერვლამდე განახორციელებდა დემონტაჟს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №002031 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელეს და რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ისევე როგორც ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 14 ივლისის №1-646 ბრძანება ,,მ. პ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. აპელანტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, აპელანტების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც დაჯარიმების შესახებ სადავო დადგენილება გამოცემული იყო კანონით განსაზღვრული წესების დარღვევით, მ. პ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა კანონით დადგენილი წესების იგნორირებას და მოსარჩელე სამართალდარღვევისათვის დაჯარიმდა მისი მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე, ამასთან, არც გონივრული ვადა განესაზღვრა მითითებით და არც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზეპირი მოსმენის დროს მიცემული დაპირება შესრულებულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორებმა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ დემონტაჟი განხორციელებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებისამებრ, თუმცა, დაპირების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, აღნიშნულს ადგენდა თვითონ სასამართლოც, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონდა სამართალდარღვევას.

კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი განმარტება გაუკეთა იმ სამართლებრივ ნორმას, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა სადავო განჩინება. ამასთან, სასამართლომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად ცნო მოწინააღმდეგე მხარის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელის - მაკა პირმისაშვილის სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ. პ-ის მიმართ სამშენებლო სამართლადარღვევის საქმეზე სამართალწარმოება დაიწყო 2016 წლის 30 ნოემბერს მითითების მიცემით - განეხორციელებინა მუნიციპალიტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული მსუბუქი ტიპის კონსტრუქციის ნაგებობისა და ღობის დემონტაჟი, რისთვისაც განესაზღვა 7 დღე, ხოლო 2016 წლის 8 დეკემბრის შემოწმების აქტის თნახმად, 2016 წლის 30 ნოემბრის მითითება დემონტაჟის შესახებ არ იყო შესრულებული; 2017 წლის 24 იანვრის ზეპირ მოსმენაზე მ. პ-მა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარების ფაქტი, ხოლო 2017 წლის 2 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, მ. პ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით. ამასთან, საქმის მასალებით დადასტურებულია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2017 წლის 5 თებერვალს მ. პ-მა განახორციელა სადავო უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციის და ღობის დემონტაჟი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოტივებს და არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებებს - 2017 წლის 24 იანვრის სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული შესაძლო ზეპირი განმარტებების/დაპირებების მიმართ მ. პ-ის კანონიერი ნდობის არსებობისა და ამ განმარტებების ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად მიჩნევის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, იგი იცავს პირს ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისაგან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, აუცილებელია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების ისეთი აუცილებელი ფორმალური ნიშნების არსებობა, როგორიც არის ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების არსებობა და წერილობითი ფორმის დაცვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნიშნების არსებობას გააჩნია კუმულატიური მნიშვნელობა - გამოცემული უნდა იყოს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და უნდა იყოს წერილობითი ფორმით. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების წერილობითი დოკუმენტი და ბუნდოვანია ამ დაპირების მიმცემ სუბიექტთა უფლებამოსილება. ამდენად, სადავო საკითხის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების სამართლებრივი შედეგების გავრცელება და კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძვლად მიჩნევა არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრების დაშვების შემთხვევაში საჩივრებს არ აქვს წარმატების პერსპექტივა, ვინაიდან, ერთის მხრივ, სადავო დადგენილებით მოთხოვნილი უკანონო კონსტრუქციის/ღობის დემონტაჟი უკვე განხორციელებულია, ხოლო რაც შეეხება ჯარიმას - 10 000 ლარს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (№4964-Iს, 18 სექტემბერი 2019 წელი). კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახდელისაგან გათავისუფლებას ექვემდებარება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია. განსახილველ შემთხვევაში მ. პ-ის მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი ფიქსირდება 2016 წელს, ხოლო მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი შეადგენს 1000 ქულას, რაც ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, მისი ადმინისტრაციული სახდელისგან - ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე