Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 14-აპ 29 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

ნ. გაბრიჩიძე (მომხსენებელი),

ნ. გვენეტაძე

განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ივნისის განაჩენი მის მიმართ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ივნისის განაჩენით კ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

განაჩენით კ. გ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2003წ. 18 ოქტომბერს კ. გ. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან _ ი. ო-თან ერთად იმყოფებოდნენ თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში, თბილისში, ..., რა დროსაც კ. გ-მ იყო რა მთვრალი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს.

2003წ. 19 ოქტომბერს, დილით, ი. ო. და კ. გ. კვლავ წაკამათდნენ, რის გამოც ი. ო-მა, დახმარების მიზნით, დაურეკა დედასა და ძმებს, რომლებიც რამდენიმე ხანში მივიდნენ მასთან და, მისივე თხოვნის თანახმად, გადაწყვიტეს იგი სახლში წაეყვანათ. ამის გამო გაღიზიანებულმა კ. გ-მ რამდენჯერმე დანა ჩაარტყა ი. ო-ს, რითაც მიაყენა მძიმე ხარისხის შემავალი დაზიანება გულმკერდის მარცხენა მხარეს. ი. ო. გადაყვანილ იქნა თბილისის ¹1 საავადმყოფოში, სადაც გაწეული კვალიფიციური დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

მსჯავრდებული კ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

საკასაციო პალატის სახელზე განცხადება შემოიტანა დაზარალებულმა ი. ო-მა, რითაც ითხოვს მისი მეუღლისათვის სასჯელის შემსუბუქებას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა კ. გ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

პროკურორმა ბ. გ-მ კანონიერად მიიჩნია დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ კ. გ-ს სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ჩვენებებსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და სწორად დაუდო ისინი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად.

ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ დაზარალებული ი. ო. შეურიგდა მეუღლეს _ კ. გ-ს, დაზარალებულ ი. ო-ს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, სურს მასთან ოჯახის შენარჩუნება, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებლად მიიჩნევს, რომ კ. გ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, სსკ-ის 55-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს:

მსჯავრდებულ კ. გ-ს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით შეფარდებული სასჯელი _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, შეუმცირდეს 2 წლით და მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.