გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 14-კოლ 7 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ რ. გუნთაიშვილის დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004წ. 30 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. გ. აჭარის ა/რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2004წ. 30 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე პუნქტებით (1960წ. 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა: დამამძიმებელ გარემოებებში _ ანგარებითა და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახი მკვლელობა, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. სასამართლომ მსჯავრდებულ რ. გ-ს სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ რ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
1997წ. იანვრის დასაწყისში რ. გ. წინასწარ შეუთანხმდა ჯ. მ-ს, რათა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ხ. ს. მოტყუებით ჩამოეყვანათ თურქეთის რესპუბლიკიდან და მისი ქონების დაუფლების მიზნით, განზრახ მოეკლათ. წინასწარ შედგენილი გეგმის განსახორციელებლად რ. გ-მა, რომელიც რამდენიმე წელია იცნობდა ხ. ს-ს და მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, 1997წ. 29 იანვარს, თითქოსდა 50 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ავტომანქანის სათადარიგო ნაწილების ნაღდ ანგარიშზე მიყიდვის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოიყვანა ხ. ს. და მიიყვანა ქ. ბათუმში, ... მდებარე ჯ. მ-ს სახლში, სადაც უცდიდა სახლის პატრონი. ვახშმობის დროს რ. გ-მა და ჯ. მ-მა დალიეს ალკოჰოლური სასმელი და 30 იანვარს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, თითქოსდა რ. გ-ის სახლში წასვლის მიზნით, ხ. ს. მოტყუებით გამოიყვანეს სახლიდან და წაიყვანეს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მეურნეობის ჩაის პლანტაციებში. ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ. გ-მა ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხ. ს-ს ზურგის მხრიდან ყელზე მოახვია წინასწარ მომზადებული თოკი, ხოლო ჯ. მ-მა ჯერ იდაყვი დაარტყა სახეში, რითაც დაუზიანა ყბის ძვლები, შემდეგ განსაკუთრებული სისასტიკით ჯიბის დანით მიაყენა ხ. ს-ს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. თავდაცვისას ხ. ს-მ რ. გ-ს მიაყენა დაზიანება მარჯვენა თვალის არეში. როდესაც ჯ. მ. დანითა და შემდგომ ხელებითა და ფეხებით სხეულის დაზიანებას აყენებდა ხ. ს-ს, ამ დროს რ. გ. მას ფეხებს უკავებდა, რითაც უადვილებდა თანამონაწილეს დანაშაულის ჩადენას. აღნიშნული ქმედებები გრძელდებოდა დაახლოებით ერთ საათს. სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებების მიყენების შედეგად ხ. ს. ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობის შემდეგ ჯ. მ-მა აწ გარდაცვლილის ტანსაცმელში დაიწყო ფულის, მათი ვარაუდით, 50000 აშშ დოლარის ძებნა, მაგრამ ს-ს აღნიშნული თანხა არ აღმოაჩნდა. ამის შემდეგ რ. გ-მა ჯ. მ-თან ერთად მიითვისა მოკლულის ქონება _ 50 აშშ დოლარი, ტყავის ქურთუკი, ბანკში გასანაღდებელი ფულის ქვითრები, ოქროს ბეჭედი, ოქროს საათი, ტყავის ხელჩანთა, პასპორტი და სხვადასხვა დოკუმენტი, ხოლო გვამი გადამალეს ჩაის პლანტაციებში, გზიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით.
მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 1997წ. თებერვლის თვეში, რ. გ. გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში ხ. ს-საგან გატაცებული საბანკო ქვითრების გასანაღდებლად, სადაც თურქეთის პოლიციამ იგი დააკავა.
2003წ. 18 მაისს, დაახლოებით 8 საათზე, გარდაცვლილ ხ. ს-ს ნათესავთა შურისძიებისაგან თავის დაღწევის მიზნით, რ. გუ-მა სასაზღვრო-საგუშაგო “ბოლოკოს” სამოქმედო მონაკვეთზე, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. თხილნარის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვარი, რა დროსაც დააკავეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს ჯარისკაცებმა, რომლებსაც განუცხადა, რომ იყო ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ურეხის მკვიდრი და ეძებდა დაკარგულ ძროხებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს რ. გ-ს დამცველმა დააყენა საკითხი იმის თაობაზე, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ხ. ს-ს განზრახ მკვლელობის გამო რ. გ. უკვე იყო მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს სასამართლო ორგანოების მიერ და შეფარდებული ჰქონდა სასჯელიც, რომელიც ნაწილობრივ მოიხადა, ხოლო შემდეგ გათავისუფლდა ამ სასჯელის მოხდისაგან. ამიტომ რ. გ-ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტების (ზემოხსენებული რედაქცია) საფუძველზე წარდგენილი ბრალდება და ამ ბრალდებაში იგი უნდა გამართლდეს.
სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის ეს მოთხოვნა იმ მოტივით, რომ არ მოიპოვებოდა რაიმე ოფიციალური დოკუმენტები ან სხვა სარწმუნო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ რ. გ. ნამდვილად იყო გასამართლებელი და მსჯავრდებული თურქეთის რესპუბლიკაში ხ. ს-ს განზრახი მკვლელობის გამო. ამასთან, საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმის მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება სისხლის სამართლის კანონმდებლობის იურისდიქცია. აღნიშნული მოსაზრებებით სასამართლომ განაჩენით უარი უთხრა დაცვის მხარეს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004წ. 30 ნოემბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ რ. გ-ს დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. თავის საჩივარში კასატორი მიუთითებს, რომ ხ. ს-ს განზრახ მკვლელობის გამო რ. გ. მსჯავრდებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში, რომელსაც ამ დანაშაულისათვის თავდაპირველად სიკვდილით დასჯა შეუფარდეს, რაც შემდეგ შეეცვალა უვადო თავისუფლების აღკვეთით, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, გარკვეულ გარემოებათა გამო, რ. გ. გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, ამ დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადა ფაქტობრივად უკვე მოიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში რ. გ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე და იგი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, რადგან, დამცველის აზრით, მისი განმეორებით მსჯავრდება ერთი და იმავე დანაშაულის გამო ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო კონვენციებით, ასევე საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებს.
საკასაციო პალატის სხდომაზე საჩივრის განხილვისას გამოქვეყნდა საქმეზე თანდართული თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გადმოგზავნილი ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც გამოთხოვილი იყო საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ რ. გ-ს თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით,თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ხ. ს-ს განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ რ. გ-ს საქმე განიხილა ქ. სტამბოლის სისხლის სამართლის საქმეთა ¹1 სასამართლომ, რომელმაც 2003წ. 3 თებერვლის განაჩენით რ. გ-ს შეუფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენის გასაჩივრების შემდეგ თურქეთის საკასაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა ¹1 პალატამ 2004წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით გააუქმა ეს განაჩენი და რ. გ-ს ბრალდების საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო საქმის ხელახალი სასამართლო განხილვის დღედ დაინიშნა 2005წ. 26 იანვარი. გარდა ამისა, იმავე დოკუმენტებით გაირკვა, რომ რ. გ. თურქეთის რესპუბლიკაში პოლიციამ დააკავა 1997წ. 12 მარტს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით 2001წ. 18 იანვარს მას შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
ამრიგად, პალატის სხდომაზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით დადგინდა, რომ რ. გ. ხ. ს-ს განზრახ მკველობის გამო თურქეთის რესპუბლიკაში ფაქტობრივად არ ყოფილა მსჯავრდებული და ამ დანაშაულისათვის არ მოუხდია სასჯელი.
აღნიშნულ გარემოებათა გარკვევის შემდეგ პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა რ. გ-მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ შეცვალეს საკასაციო საჩივრის საფუძველი და მათ ითხოვეს მისთვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, აგრეთვე _ სასჯელის მოხდილი ნაწილის ვადაში იმ დროის ჩათვლა, რაც მან თურქეთის რესპუბლიკაში გაატარა პატიმრობაში.
პროცესში მონაწილე პროკურორმა პ. მ-მ მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულ რ. გ-სა და მისი დამცველის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ხოლო თურქეთის რესპუბლიკაში რ. გ-ს მიერ პატიმრობაში გატარებული ვადის მოხდილ სასჯელში ჩათვლა შესაძლებლად მიიჩნია. საბოლოოდ პროკურორმა პ. მ-მ ითხოვა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2004წ. 30 ნოემბერს რ. გ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში დარჩეს უცვლელად, ხოლო სასჯელის ნაწილში შევიდეს ცვლილება მხოლოდ მის მიერ მითითებული გარემოების საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა რა დაცვის მხარის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრის შეცვლილი მოთხოვნის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქართველოში ჩატარებული წინასწარი გამოძიებით, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წარმოებული გამოძიებითა და თურქეთის რესპუბლიკიდან გადმოგზავნილი ოფიციალური დოკუმენტების მეშვეობით უდავოდ დასტურდება, რომ რ. გ-მა სხვა პირთან ერთად ანგარებითი მოტივითა და განსაკუთრებული სისასტიკით ნამდვილად ჩაიდინა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ხ. ს-ს განზრახ მკვლელობა მისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისა და მისაკუთრების მიზნით. ამ ფაქტს ვერ უარყოფს თვით მსჯავრდებული რ. გ.. ამ თვალსაზრისით, მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, რაც მოცემულია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, უნდა ჩაითვალოს მართებულად და დარჩეს უცვლელად.
საქმეში არსებული მასალებით პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ რ. გ. მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის არ ყოფილა მსჯავრდებული თურქეთის რესპუბლიკაში და ამ დანაშაულისათვის მას არ მოუხდია სასჯელი, იქ მან მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში გაატარა 3 წელი, 10 თვე და 6 დღე. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, ეს ვადა მსჯავრდებულს ჩაეთვალოს მოხდილ სასჯელად. ასე რომ, საქართველოში რ. გ-ს გასამართლება და მსჯავრდება ხ. ს-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოხდა სრულიად კანონიერად.რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ. გ-სათვის დანიშნული სასჯელის ზომას, უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად ზოგიერთი დამამძიმებელი გარემოების არსებობისა, თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმის დანიშვნა არ არის გამართლებული, ვინაიდან არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებებიც, კერძოდ, რ. გ-ს ჰყავს ცოლ-შვილი, რომელიც მის კმაყოფაზე იმყოფება, გარდა ამისა, მან ფაქტობრივად აღიარა თავის მიერ ჩადენილი დანაშაული და მოინანია კიდეც საკასაციო პალატის სხდომაზე. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას შესაძლებლად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელის გარკვეული ზომით შემცირება, რის გამოც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004წ. 30 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ რ. გ-ს სასიკეთოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. გ-ს დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი შეცვლილი მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004წ. 30 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ რ. გ-ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით _ შეუმცირდეს 3 წლით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. მასვე ჩაეთვალოს მოხდილად თურქეთის რესპუბლიკაში პატიმრობაში გატარებული დრო _ 3 წელი, 10 თვე, 6 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 1 თვითა და 25 დღით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.