გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 19-აპ 21 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),
მ. გოგელია,
თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 ივნისის განაჩენით ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით და შეეფარდა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 დეკემბრის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 ივნისის განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ზ. გ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთამდე. განაჩენი დანარჩენ ნაწილი დარჩა უცვლელად.
განაჩენით ზ.გ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: 2003წ. 28 სექტემბერს, 17 საათზე, ზ. გ. თბილისში, წინამძღვრიშვილისა და ბორჯომის ქუჩების გადაკვეთასთან, მიუახლოვდა მისთვის უცნობ მოქალაქე ლ. გ-ს, რომელსაც ხელში ეჭირა 560 ლარად ღირებული, წითელი ფერის მობილური ტელეფონის აპარატი “სამსუნგი” და შეეცადა მის წართმევას, მაგრამ ლ.გ-მა გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.
მსჯავრდებული ზ.გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს, გაუქმდეს მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი იმ მოტივით, რომ იგი უდანაშაულოა, ან ეკმაროს მოხდილი სასჯელი.
პროკურორი დ.მ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ზ.გ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოტივს მისი უდანაშაულობის თაობაზე, რადგანაც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, თავად მსჯავრდებულ ზ.გ-ს აღიარებითი ჩვენებებით, ასევე, დაზარალებულ ლ.გერლიანის, მოწმეების: ს.ხ-ს, ტ.მ-სა და შ.გ-ს ჩვენებებით ზ.გ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა მთლიანად დადასტურებულია.
პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და ზ.გ-ს ქმედება სწორად დააკვალიფიცირა სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, _ კერძოდ, იმას, რომ ზ.გ. დაავადებულია ტუბერკულოზით და ჩასმულია DOთშ-ის პროგრამაში; ჰყავს ავადმყოფი, მოხუცი დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც იმყოფებიან მის კმაყოფაზე, _ მიაჩნია, რომ ზ.გოგუაძეს დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს ერთი წლით და მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 დეკემბრის განაჩენი ზ. გ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.