Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 22-აპ 7 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),

ნ. გაბრიჩიძე

განიხილა ადვოკატების _ ი. ჩ-ს, ლ. ჭ-ს, ო. ს-ს, ზ. რ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ ნ. ნ-ს, მ. ა-სა და კ. ნ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის განაჩენით მ. ა-ს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით _ 11 წლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით, მე-2 ნაწილით _ 2 წლით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით მ. ა-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

ნ. ნ-ს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით _ 9 წლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით, მე-2 ნაწილით _ 2 წლით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

კ. ნ-ს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის განაჩენით მ. ა-სა და ნ. ნ-ს სასჯელი შეუმცირდათ თითო-თითო წლით, ხოლო განაჩენი კ. ნ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულებს _ ნ. ნ-ს, მ. ა-სა და კ. ნ-ს დაზარალებულ ნ. კ-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 25800 ლარის გადახდა.

განაჩენით ნ. ნ-ს, მ. ა-სა და კ. ნ-ს მსჯავრი დაედოთ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძარცვისა და ყაჩაღობისათვის, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2001წ. 14 მარტს მ. ა-მ და ნ. ნ-მ სხვა პირთან ერთად თბილისში მდებარე ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიის სალაროდან ძალადობით, რაც არ იყო საშიში სიცოცხლისათვის, გაიტაცეს 34505 გერმანული მარკა, 5423 აშშ დოლარი, 220 ინგლისური ფუნტი სტერლინგი და 2648 ლარი.

2001წ. 27 ივლისს მ. ა. და ნ. ნ. სხვა პირთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხნენ შპს “ორიენტის” ოფისს და გაიტაცეს: შპს “ორიენტის” კუთვნილი 5 ათასი აშშ დოლარი და 5641 ლარი, დ. ს-ს, ე. ა-ს, ბ. ნ-ს, ა. თ-ს, მ. ა-ს, დ. ბ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონები და მათი კუთვნილი თანხები.

2001წ. ოქტომბერში მ. ა. სხვა პირებთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ქ. ჯ-ს ოჯახს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გასტაცეს ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ნივთები.

2001წ. 29 დეკემბერს ნ. ნ. და მ. ა. სხვა პირთან ერთად, კ. ნ-ს წაქეზებითა და დახმარებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ნ. კ-ს ოჯახს და გაიტაცეს მათი კუთვნილი 25 200 ლარი, ოქროს საყურეები და ბეჭდები, ასევე, 300 ლარად ღირებული ქურთუკი.

2001წ. 10 ნოემბერს მ. ა. და ნ. ნ. სხვა პირებთან ერთად “თბილისი _ წითელი ხიდი” გზის 32-ე კმ-ზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ ვალუტის გადასაცვლელად ბაზრობაზე ავტომანქანით მიმავალ გ. ფ-ს, ზ. ჯ-ს და გ. მ-ს. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მათ დაზარალებულებს ცეცხლსასროლი იარაღით დაუზიანეს ავტომანქანა და გასტაცეს 33 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლი, 10 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 5120 აშშ დოლარი, ოქროს ძეწკვი, მობილური ტელეფონი და გაზის პისტოლეტი. 2002წ. 15 თებერვალს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული მ. ა., ნ. ნ. და სხვა პირი იმავე ტერიტორიაზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ “ფოლკსვაგენ-გოლფის” ავტომანქანით თბილისისაკენ მიმავალ ზ. და ბ. ლ-ებს, რომლებსაც გასტაცეს 4800 ლარი და 127 ათასი რუსული რუბლი.

2002წ. 30 მარტს მ. ა., ნ. ნ.E და სხვა პირი იმავე ტერიტორიაზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ “ბმვ-ს” მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ა. ხ.. მსჯავრდებულებმა და მათთან მყოფმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სცადეს გაეჩერებინათ ავტომანქანა, მაგრამ ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მიზნით მათ გადაუხვიეს ცენტრალური გზიდან, სადაც მ. ა-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “ოპელი” მიატოვეს. მ. ა-მ “კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატი გადამალა მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც იგი ამოღებულ იქნა.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულების _ მ. ა-სა და ნ. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ა. ჩ. და ლ. ჭ. ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას შემდეგი მოტივებით: სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, განაჩენი დააფუძნა კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, დაზარალებულის მიერ მ. ა-სა და ნ. ნ-ს ფოტოსურათებით, ხოლო ზ. ჯ-ს მიერ მ. ას-ს ამოცნობა ჩატარებულია სსსკ-ის 247-ე მუხლის მე-7 და მე-9 ნაწილების მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლო გამოძიების დროს არ დაკითხულან დაზარალებულები და, შესაბამისად, არ მომხდარა მათი დაპირისპირება მსჯავრდებულებთან და ა. შ.

მსჯავრდებულ კ. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ზ. რ. და ო. ს. საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და კ. ნ-ს მიმართ საქმის შეწყვეტას. ადვოკატების აზრით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ კ. ნ-ს ბრალდების საფუძვლიანობას. მათი აზრით, განაჩენი ემყარება ვარაუდებს და არა უტყუარ მტკიცებულებებს. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ დაზარალებულ ნ. კ-სა და მოწმე ლ. მ-ს ჩვენებები სასამართლოს არ უნდა მიეღო მტკიცებულებად, ვინაიდან ისინი დაინტერესებული არიან საქმის შედეგით და ა. შ.

პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ ა. ჩ-მა და ლ. ჭ-მა მოითხოვეს თავიანთი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულები _ ნ. ნ. და მ. ა. დაეთანხმნენ თავიანთი ადვოკატების მოთხოვნას. მათ აღნიშნეს, რომ ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენიათ და იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში. მსჯავრდებულებმა პალატას სთხოვეს სასჯელის შემსუბუქება იმ შემთხვევაშიც, თუ მათი საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდება.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა უ. ს-მა მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, კ. ნ-ს მიმართ განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა.

მსჯავრდებული კ. ნ. დაეთანხმა ადვოკატის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ მას ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია; არავითარი დანაშაულებრივი კავშირი მ. ა-სა და ნ. ნ-სთან არა ჰქონია და არც წაუქეზებია ისინი კაკაბაძეების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისათვის. მან მსჯავრდებულები გაიცნო მას შემდეგ, რაც ისინი მისულები იყვნენ მასთან ბინის ყიდვასთან დაკავშირებით. ამის გამო მათთან ჰქონდა სატელეფონო საუბრებიც. მსჯავრდებული პალატას სთხოვს, გაითვალისწინოს მისი ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, წარსული საქმიანობა და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა დ. მ-მა საკასაციო საჩივრებს მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი მსჯავრდებულის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრებს მსჯავრდებულების _ მ. ა-ს, ნ. ნ-სა და კ. ნ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ კ. ნორაკიძის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს, ხოლო ნ. ნ-სა და მ. ა-ს ბრალეულობას _ ბრალდების ცალკეულ ეპიზოდებში.

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა კ. ნ-მ წააქეზა და დახმარება აღმოუჩინა მსჯავრდებულებს _ ნ. ნ-სა და მ. ა-ს ნ. კ-ს ოჯახზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ კ. ნ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით და არ არსებობს მის მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის საფუძველი.

ამასთან ერთად, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია რა საქმის გარემოებები, ბრალდების ცალკეულ ეპიზოდებში არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების _ მ. ა-სა და ნ. ნ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს და, უტყუარ მტკიცებულებათა მოპოვების გარეშე, საფუძვლიანად ცნო წინასწარი გამოძიების მიერ მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები, კერძოდ, რომ მსჯავრდებულებმა _ მ. ა-მ და ნ. ნ-მ შეიარაღებულ სხვა პირებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ნ. კ-სა და ქ. ჯ-ს ოჯახებზე, ასევე, “თბილისი-წითელი ხიდის” ტერიტორიაზე გ. ფ-ს, ზ. ლ-სა და ა. ხ-ს ავტომანქანაზე ყაჩაღურ თავდასხმებში, რა დროსაც მათ გაიტაცეს დაზარალებულების კუთვნილი, დიდი ოდენობით ფული და ძვირფასეულობა.

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, თვით მსჯავრდებულების წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, დაზარალებულების განმარტებებით, ამოცნობის ოქმებით, ნივთმტკიცებებით უდავოდაა დადასტურებული მათზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და მათი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

რაც შეეხება მათ მიმართ სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებს, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს ქრისტიან-ბაპტისტური ეკლესიის სალაროს გაძარცვასა და შპს “ორიენტის” ოფისზე ყაჩაღურ თავდასხმაში, ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, რის გამოც იგი განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს. ამ ეპიზოდებში მხოლოდ მსჯავრდებულთა ჩვენებები, რომლებიც მათ უარყვეს წინასწარი გამოძიების სტადიაშივე, ასევე, დ. ს-ს ჩვენება, რომელიც ადასტურებდა მსჯავრდებულების მონაწილეობას ყაჩაღურ თავდასხმაში, არ არის საკმარისი მტკიცებულება მ. ა-სა და ნ. ნ-ს ამ ბრალდებების დასადასტურებლად.

ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: მსჯავრდებულებს _ მ. ა-სა და ნ. ნ-ს უნდა ამოერიცხოთ სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება და ამ მუხლით შეფარდებული სასჯელები. მათვე უნდა ამოერიცხოთ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება შპს “ორიენტის” ოფისზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ. ბრალდების ამ ეპიზოდებში სისხლისსამართლებრივი დევნა მათ მიმართ უნდა შეწყდეს. იმის გათვალისწინებით, რომ მ. ა-სა და ნ. ნ-ს შეუმცირდათ ბრალის მოცულობა, მათ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელები უნდა შეუმცირდეთ 3-3 წლით და მოსახდელად უნდა განესაზღვროთ: მ. ა-ს _ 8 წლით, ხოლო ნ. ნ-ს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ამასთან ერთად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ კ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 4 წლამდე. სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად პალატა მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენაში მისი მონაწილეობის ხასიათსა და ხარისხს, კერძოდ იმას, რომ მას უშუალო მონაწილეობა ყაჩაღურ თავდასხმაში არ მიუღია, მისი მონაწილეობა გამოიხატა მხოლოდ იმაში, რომ მან წააქეზა და დახმარება აღმოუჩინა ნ. ნ-სა და მ. ა-ს ნ. კ-ს ბინაზე ყაჩაღურ თავდასხმაში. პალატა მხედველობაში იღებს იმასაც, რომ კ. ნ. წარსულში ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, არის 60 წელს გადაცილებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის განაჩენში მ. ა-ს, ნ. ნ-სა და კ. ნ-ს მიმართ შევიდეს ცვლილებები:

მ. ა-სა და ნ. ნ-ს ამოერიცხოთ სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდებები და ამ მუხლით დანიშნული სასჯელები. მათვე ამოერიცხოთ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება შპს “ორიენტის” ოფისზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ.

მ. ა-სა და ნ. ნ-ს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით განსაზღვრული სასჯელები შეუმცირდეთ და მოსახდელად განესაზღვროთ: მ. ა-ს _ 8, ხოლო ნ. ნ-ს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

კ. ნ-ს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.