Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 23-კოლ 31 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),

მ. გოგელია,

დ. სულაქველიძე

განიხილა ადვოკატ მ.კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 22 დეკემბრის განაჩენზე ზ. კ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 22 დეკემბრის განაჩენით ზ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ზ.კ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მუშაობდა რა ფოთის შს სამმართველოს ნაბადის ქვეგანყოფილების უფროსად, როგორც მოხელემ, ჩაიდინა ქრთამის აღება გამოძალვით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, რომელიც მას, როგორც მოხელეს, უნდა შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და მის მიერ სამსახურებრივი მფარველობის განხორციელებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 27 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, ზ. კ. მივიდა ქ.ფოთში, ... მდებარე კლუბ “მეზღვაურში”, სადაც შეხვდა დასახელებული კლუბის მეპატრონეს _ ნ. ჩ-ს, რომელსაც უთხრა, რომ კლუბში მიმტანად მომუშავე გოგონები სხვა საქმიანობასაც ეწეოდნენ და თითოეულს მისთვის უნდა გადაეხადა 50 ლარი, რაზეც ნ.ჩ-მ უარი უთხრა. 29 მარტს იგი კვლავ მივიდა კლუბ “მეზღვაურში” ნ.ჩ-სთან და ფულის გადაცემაზე უარის მიღების შემდეგ დაემუქრა, რომ თუ ფულს არ გადაუხდიდნენ, კლუბს დახურავდა, სამსახურში არავის არ ამუშავებდა და კლუბის ყველა თანამშრომელს დაიჭერდა, რითაც აღკვეთდა მათ უკანონო საქმიანობას. ნ.ჩ-მ ჩათვალა, რომ მუქარა რეალური იყო და ფულის გამოძალვის თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს შს სამინისტროს, სადაც დაიგეგმა ზ.კ-სთვის ქრთამის გადაცემის დროს მისი დაკავების სპეცოპერაცია.

2004წ. 9 აპრილს, დაახლოებით 20 საათსა და 15 წუთზე, ნ.ჩ. დაუკავშირდა ზ.კ-ს მობილური ტელეფონით და სთხოვა, მისულიყო კლუბში ფულის მისაღებად. დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე ზ.კ. მივიდა კლუბ “მეზღვაურში”, დამხმარე სათავსში, სადაც დამონტაჟებული იყო ვიდეო და აუდიოჩამწერები, შეხვდა ნ.ჩ-ს, რომელმაც გადასცა სპეციალური ფხვნილით დამუშავებული 140 ლარი. ზ.კ-მ ფული გამოართვა და შეჰპირდა სამსახურებრივ მფარველობას, რის შემდეგაც იგი დააკავეს და ამხილეს საქართველოს შს სამინისტროს მუშაკებმა. ადგილზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ზ.კ-სგან ამოიღეს ნ.ჩ-სგან ქრთამის სახით მიღებული 140 ლარი.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ.კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ზ.კ-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივებით, რომ ზ.კ-ს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, მას ნ.ჩ-სგან ფული არ აუღია, ზ.კ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი.გ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა ზ.კ-ს გამართლება.

მსჯავრდებული ზ.კ. დაეთანხმა თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას და ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

პროკურორი ლ.ქ. არ დაეთანხმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ზ.კ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ზ.კ-ს დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი ზ.კ-ს მიერ ნ.ჩ-სგან ქრთამის აღების ფაქტი.

ამასთან, პალატა თვლის, რომ ზ.კ-ს ქმედება სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რადგანაც ზ.კინტირაიას მიერ ნ.ჩ-სგან ქრთამის გამოძალვა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

განაჩენში მითითებულია, რომ ზ.კ-ს მხრიდან ქრთამის გამოძალვას ადგილი აქვს იმდენად, რამდენადაც იგი ისეთი მოქმედებებით ემუქრებოდა დაზარალებულს, რომელსაც შეეძლო, რეალური ზიანი მიეყენებინა ამ უკანასკნელისათვის; ამასთან, ზ.კ-ს, როგორც პოლიციის მუშაკს, მართლაც შეეძლო, შეეზღუდა თავისუფლება დაზარალებულისა და სხვებისათვის, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება.

განაჩენით დადგენილი არ არის ზ.კ-ს პირდაპირი მოთხოვნა ქრთამის გამოძალვისათვის, რაც ქრთამის მიმცემის კანონიერი ინტერესის შებღალვის მუქარით იქნება გამაგრებული.

განაჩენით დადგენილია, რომ ზ.კ. ნ.ჩ-ს ფულს სთხოვდა იმაში, რომ კლუბში მიმტანად მომუშავე გოგონები სხვა საქმიანობასაც ეწეოდნენ და თუ ფულს არ გადაუხდიდნენ, კლუბს დახურავდა, სამსახურში არავის ამუშავებდა და კლუბის ყველა თანამშრომელს დაიჭერდა, რითაც აღკვეთდა მათ უკანონო საქმიანობას.

სასამართლომ დაადგინა, რომ ზ.კ. ნ.ჩ-საგან ქრთამს მოითხოვდა იმის მუქარით, რომ კლუბ “მეზღვაურის” მიმართ განახორციელებდა კანონიერ ქმედებებს, კერძოდ: დაითხოვდა და დაიჭერდა კლუბში მომუშავე გოგონებს, დახურავდა კლუბს და სხვა, რაც არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს გამოძალვით ქრთამის აღებად.

მიუხედავად იმისა, რომ ზ.კ. იყო ფოთის შს სამმართველოს ნაბდის ქვეგანყოფილების უფროსი და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, “პოლიციის შესახებ” კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში შეეძლო მოქმედება ერთპიროვნულად, ის რაიმე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, რეალურ ზიანს ვერ მიაყენებდა და საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებდა კლუბის ფუნქციონირებას და პრესტიჟს.

პალატას მიაჩნია, რომ ზ.კ-ს ქმედება სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და მსჯავრდებულს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 564-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 22 დეკემბრის განაჩენი ზ. კ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მისი ქმედება სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელის ზომად, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.