Facebook Twitter

საქმე Nბს-606-606(კ-18) 16 აპრილი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „გ..-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „გ..-ამ“ 12.06.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ კომისიის 06.04.2015წ. N20/28 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და კომისიისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ა...-ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.04.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „გ...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ...-აში მდებარე და შპს ,,გ..-ის’’ მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ხარჯმზომ კონტროლერ Floboss 103-ზე დარღვეული იყო აღრიცხვის სიზუსტე, რაც გამორიცხავდა სადავო პერიოდზე აღრიცხვის განხორციელებას მოცემული მრიცხველის საშუალებით. ამასთანავე, შპს „გ..-ის“ მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძის პარალელურად დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერი Elster-ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G 650 ტიპის მრიცხველი, რომლის პირველადი დამოწმება განხორციელდა სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ. აღნიშნულმა კვანძმა სადავო თვეებში აღრიცხა უფრო ნაკლები მოცულობის გაზი, ვიდრე მოსარჩელის აღრიცხვის კვანძმა, მაგ. დეკემბერში სხვაობამ 113 000 მ3 შეადგინა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 29.12.2006წ. N114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ 12.4 მუხლი განსაზღვრავს აღრიცხვის განხორციელებს შესაძლებლობას უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული უფრო ზუსტი მრიცხველის საშუალებით. Elster-ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G 650 ტიპის მრიცხველი, რომ უფრო ზუსტ მრიცხველს წარმოადგენდა, დადასტურდა აგრეთვე იმ გარემოებითაც, რომ უვარგისად ცნობილი დიაფრაგმის შეცვლის შემდეგ ორივე მხარის მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძების საათობრივი მონაცემები თითქმის იდენტური იყო. პალატამ აღნიშნა, რომ შპს „გ...-ის“ განმარტება, რომ ვინაიდან შპს „ა...-ის“ მფლობელობაში არსებულ გაზგამზომ კვანძს არ ჰქონოდა სტანდარტთან შესაბამისობის ან/და მრიცხველის მონტაჟის ნორმების დაცულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მისი მონაცემები არასარწმუნოა, ვერ გახდება იმის წინაპირობა, რომ ის მრიცხველი რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ არის დამოწმებული და რომელიც უფრო ზუსტ აღრიცხვას აწარმოებს, არ იქნეს სარწმუნო მტკიცებულებად მიჩნეული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „გ...-ის“ მიერ. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ და კომისიამ სათანადოდ არ გამოიკვლიეს საქმის გარემოებები. კასატორმა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების შემდეგ აღნიშნა, რომ 04.12.2014წ. შპს „ს...-ის“ მიერ განხორციელდა სოფ. ...-აში დამონტაჟებული აღრიცხვის კვანძის რევიზია, მრიცხველი შემოწმდა წნევაზე, წნევათა სხვაობაზე და ტემპერატურაზე, დაკალიბრდა ტემპერატურაზე და დადგინდა, რომ მუშაობდა დასაშვებ ცდომილებათა ზღვარში, ასევე დადგინდა, რომ ბუნებრივი გაზის ხარჯშემავიწროვებელი მოწყობილობის დიაფრაგმას შიდა დიამეტრზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და მცირე ზომის ფხები, რის გამოც გამოუსადეგარი იყო ექსპლუატაციისთვის. 17.12.2014წ. სპეციალისტების მიერ განხორციელდა აღნიშნული დიაფრაგმის ცვლილება, ახალი დიაფრაგმა სრულად აკმაყოფილებდა შესაბამის სტანდარტებს. კასატორი თვლის, რომ შპს „გ...-ის“ ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერი სემეკის მიერ არასწორად იქნა მიჩნეული მწყობრიდან გამოსულად, რადგან რევიზიის შედეგად დადგინდა მხოლოდ დიაფრაგმის ხარვეზი, თუმცა შეუძლებელია იმის დადგენა კონკრეტული სახის დაზიანება მეტობით თუ ნაკლებობით მოქმედებდა ხარჯის აღრიცხვის სიზუსტეზე. ამასთანავე, დაზიანებული დიაფრაგმა გამოიცვალა უმოკლეს დროში - 17.12.2014წ.. კასატორმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მრიცხველი ან ხარჯმზომი მოწყობილობა დამონტაჟებული უნდა იყოს პასპორტის ან შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით. უკეთუ გაზის ხარჯმზომი კვანძის რომელიმე შემადგენელი ნაწილი არ შეესაბამება სტანდარტს ან გაზის მრიცხველის მონტაჟის მიმართ მოქმედ ნორმებს, მაშინ ასეთ კვანძზე არსებული მრიცხველის ჩვენება სათანადოდ არ ჩაითვლება. სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 26.03.2015წ. N114 წერილში აღინიშნა, რომ საზომ კვანძში გამოყენებული გაზომვის საშუალებები, განკუთვნილი აირის ხარჯის კომერციული გაზომვისათვის, უნდა იყოს დარეგისტრირებული დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის სახელმწიფო რეესტრში და შესაბამისად დამოწმებული. შპს „ა...-ის“ კუთვნილი ტურბინული ტიპის მრიცხველს გააჩნდა მხოლოდ სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს პირველადი დამოწმება, ადგილზე დამონტაჟებული გაზ-გამზომი კვანძი სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად არ ყოფილა დამოწმებული და დალუქული. ლუქის არარსებობის შემთხვევაში კი არსებობდა მრიცხველის მუშაობაში ჩარევის შესაძლებლობა. ამდენად, შპს „ა...-ის“ მფლობელობაში არსებული კვანძი არ წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმეულ იმ სხვა ზუსტ მრიცხველს, რომლის ჩვენებაც კომისიას სარწმუნოდ შეეძლო მიეჩნია. სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 19.12.2014წ. №537 წერილში სააგენტომ აღნიშნა, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას ჩაუტაროს საექსპერტო აზომვები შპს „ა...-ის“ კუთვნილ გაზომვის საშუალებას (ტურბინულ მრიცხველს), ხოლო შპს „ს...-ის“ 10.02.2015წ. №25 წერილის შესაბამისად, შპს „ს...-ს“ არ გააჩნია საშუალება დაამოწმოს ტურბინული მრიცხველის შემცველი გაზ-გამანაწილებელი კვანძები და აქედან გამომდინარე, ვერ მოხდება სწორი მონაკვეთების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. აღნიშნული დამატებით ადასტურებს, რომ შპს „ა...-ის“ აღრიცხვის კვანძი სათანადო წესით არ ყოფილა დამოწმებული. მითითებულ საკითხებზე კომისიასა და ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ შპს „გ...-ისა“ და შპს „ა...-ის“ გაზის ხარჯმზომ კვანძებს შორის დამონტაჟებული იყო სეპარატორი, საიდანაც, შპს „ა...-ის“ განმარტებით, ყოველ მეორე-მესამე დღეს ხდებოდა დიდი რაოდენობით კონდენსატის გამოდევნა საკმაოდ დიდი დიამეტრის ონკანიდან (შიდა დიამეტრი 40 მმ), რასაც ბუნებრივია, მოყვებოდა გარკვეული რაოდენობის ბუნებრივი გაზის გაფრქვევაც და შესაბამისად, ორი ხარჯმზომი კვანძის მონაცემები ვერ იქნებოდა იდენტური, რადგან შპს „ა...-ის“ კვანძში ვერ მოხვდებოდა გაზის ის რაოდენობა, რამაც გაიარა შპს „ს...-ის“ აღრიცხვის კვანძში. სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 16.12.2015წ. №007522415 დასკვნის თანახმად, როდესაც მრიცხველებს შორის არის დამონტაჟებული ფილტრი-სეპარატორი, რომლის ჰერმეტულობა უცნობია და რომლის შიგთავსის პერიოდული გამოდევნა (სავარაუდოდ გაწმენდის მიზნით) ხდება გაზომვის მსვლელობის პერიოდში, არ არის კორექტული ორი გაზის აღმრიცხველი კვანძის მეშვეობით ჩატარებული გაზომვების შედეგების შედარება. შპს „ა...-ს“, არც კომისიაში მიმდინარე დავის განხილვისას და არც სასამართლოში, არ წარუდგენია რაიმე სახის დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა ფილტრი-სეპარატორის დამონტაჟებას შესაბამისი სტანდარტების დაცვით. რაც შეეხება სეპარატორზე განხორციელებული მანიპულაციების შედეგად დაკარგული ბუნებრივი გაზის რაოდენობას, მისი დადგენა შესაძლებელი იყო ექსპერტიზის ჩატარებით, რაც კომისიას არ განუხორციელებია. ამასთანავე, საკითხის გადაწყვეტისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ შპს „გ...-ისა“ და შპს „ა...-ის“ კუთვნილი აღრიცხვის კვანძების სადავო პერიოდის მონაცემებს შორის ცდომილება, შესაბამისი ტექნიკური ნორმების, სტანდარტების და რეგლამენტების გათვალისწინებით, იყო ამ ტიპის მრიცხველებისთვის დადგენილი დასაშვები ცდომილების ფარგლებში. ამდენად, კასატორი თვლის, რომ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ..-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 8).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების თანახმად, შპს „გ...-ა“ არის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი და ექსპლუატაციას უწევს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემას, რომელზედაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...-აში მოწყობილ გაზგამანაწილებელ სადგურში მიერთებულია ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტი - შპს „ა...-ი“, რომლისთვისაც ტრანსპორტირების სისტემიდან გადაცემული ბუნებრივი გაზი აღირიცხებოდა შპს „გ...-ის“ მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძის მეშვეობით. აღრიცხვის კვანძი შედგებოდა ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერის Floboss 103-ისა და ტურბინული ტიპის მრიცხველისგან, რომელთა ჯამური მაჩვენებელიც წარმოადგენდა საანგარიშსწორებო მოცულობას. 2014 წლის სექტემბერში შპს „ა...-მა“ მოაწყო თავის მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძი, დაამონტაჟა ტურბინული მრიცხველი, ხოლო მოსარჩელისა და თავის აღრიცხვის კვანძს შორის დაამონტაჟა ფილტი სეპარატორი - კონდენსატშემკრები. 2014 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ორი აღრიცხვის კვანძით აღრიცხულ ბუნებრივი გაზის ოდენობებს შორის არსებული სხვაობის გამო, 04.12.2014წ. ჩატარდა შპს „გ...-ის“ აღრიცხვის კვანძის შემოწმება, რა დროსაც დადგინდა, რომ ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერის Floboss 103-ის ხარჯშემავიწროვებელი მოწყობილობის დიაფრაგმას ჰქონდა ხარვეზები, რის გამო შპს „ს...-მა“ დიაფრაგმა მიიჩნია ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგრად და მიუთითა მისი შეცვლის საჭიროებაზე, თუმცა შეცვლამდე დაზიანებული დიაფრაგმა დარჩა დამონტაჟებული. დიაფრაგმის შეცვლა განხორციელდა 17.12.2014წ.. შპს „ა...-ი“ სადავოდ ხდიდა ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების ბუნებრივი გაზის ხარჯის მაჩვენებელს, რის გამო საჩივარი წარადგინა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. კომისიის სადავო 06.04.2015წ. N20/28 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „გ...-ის“ ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერი Floboss 103 მიჩნეულ იქნა მწყობრიდან გამოსულად დიაფრაგმის ხარვეზის აღოჩენამდე 1 თვით ადრე და ხარვეზის გამოსწორებამდე მისი ჩვენების მიხედვით განხორციელებული დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. კომისიამ მიიჩნია, რომ სადავო პერიოდზე დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო შპს „ა..-ის“ კუთვნილი მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით, შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო მესამე პირისათვის დარიცხული მოცულობების კორექტირება. კასატორი თვლის, რომ შპს „გ..-ის“ ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერი კომისიის მიერ არასწორად იქნა მიჩნეული მწყობრიდან გამოსულად, რადგან რევიზიის შედეგად დადგინდა მხოლოდ დიაფრაგმის ხარვეზი, თუმცა შეუძლებელია იმის დადგენა კონკრეტული სახის დაზიანება მეტობით თუ ნაკლებობით მოქმედებდა ხარჯის აღრიცხვის სიზუსტეზე, ამასთანავე, დაზიანებული დიაფრაგმა გამოიცვალა უმოკლეს დროში, ხოლო მრიცხველი მუშაობდა დასაშვებ ცდომილებათა ზღვარში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ტრანსპორტირების სისტემით (სადავო პერიოდში მოქმედი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 40.1 მუხ.), თუმცა მომსახურება უნდა განხორციელდეს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად (კანონის 40.6 მუხ. „დ“ ქვ.პ.). ლიცენზიანტი ვალდებულია შეასრულოს კომისიისა და სამინისტროს სამართლებრივი აქტები (კანონის 27.1 მუხ.). „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 29.12.2006წ. N114 ბრძანებით დამტკიცდა „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“, რომლის მიხედვით, ბუნებრივი გაზის მიწოდების ძირითად პრინციპებად დასახელდა ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება („წესების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 2.1 მუხ.), ხოლო ტრანსპორტირების ლიცენზიანტს დაეკისრა ბუნებრივი გაზის მიწოდებისას საიმედოობის სტანდარტის დაცვა (2.2 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), რომლის ძირითადი მახასიათებლებია: სისტემის მდგრადობისა და მომსახურების საიმედოობა, ეფექტიანი ადმინისტრირება, ადეკვატურობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა (3.2 მუხ.). „წესებით“ ერთმნიშვნელოვნად აიკრძალა ზუსტი აღრიცხვის გარეშე ბუნებრივი გაზის მიწოდება და ბუნებრივი გაზის საშუალო მოხმარებიდან დარიცხვა შესაძლებლად იქნა მიჩნეული მხოლოდ ერთჯერადად და მხოლოდ ავარიის შემთხვევაში, უკეთუ აღნიშნულს ურთიერთობის ყველა მხარე წერილობით დაეთანხმა (12.5 მუხ.). ლიცენზიანტის ვალდებულებაა აღრიცხოს თავის საშუალებებში გატარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა შესაბამისი აღრიცხვის საშუალების გამოყენებით (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.08.2008წ. N23 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზირების წესების“ 7.1 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). ამდენად, მოსარჩელე, როგორც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი, ვალდებული იყო სისტემა ჰქონოდა გამართულ მდგომარეობაში, დაეცვა საიმედოობის სტანდარტი, მოეხდინა ეფექტიანი ადმინისტრირება და აღრიცხვა განეხორციელებინა ზუსტი მონაცემების მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება, რომ შპს „გ...-ის“ აღრიცხვის კვანძი შედგებოდა გაზის ხარჯმზომი კონტროლერის Floboss 103-ისა და ტურბინული ტიპის მრიცხველისგან, რომელთა ჯამური მაჩვენებელიც წარმოადგენდა საანგარიშსწორებო მოცულობას. 04.12.2014წ. განხორციელდა აღრიცხვის კვანძის მონიტორინგი, რა დროსაც დადგინდა, რომ მართალია მრიცხველი გამართულად მუშაობდა, თუმცა გაზის ხარჯმზომი კონტროლერის დიაფრაგმას ჰქონდა არსებითი ხარვეზები და იყო ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი. ამასთან, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 18.02.2015წ. N63 წერილის მიხედვით, დაზიანებული ან ხარვეზის მქონე დიაფრაგმა უარყოფითად მოქმედებს ხარჯის აღრიცხვის სიზუსტეზე. მართალია ამავე წერილის მიხედვით, ვერ დაკონკრეტდება დიაფრაგმის დაზიანების კონკრეტული გავლენა აღრიცხვის სიზუსტეზე (მეტობით თუ ნაკლებობით აღრიცხვა), თუმცა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებული დიაფრაგმა იმთავითვე გულისხმობს ხარჯის აღრიცხვის სიზუსტეზე უარყოფით ზემოქმედებას და აღნიშნულის აღმოსაფხვრელად საჭიროებს გამოცვლას. ამასთან, გასაჩივრებული აქტით დადგინდა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ხარჯმზომი კონტროლერი Floboss 103 მისი კონსტრუქციული ტიპით წარმოადგენს ვიწროვდებად მოწყობილობებიან ხარჯმზომს, რომელიც გატარებულ ბუნებრივ გაზს აღრიცხავს წნევათა ცვალებადი ვარდნის მეთოდით, ხოლო ვიწროვდევად ელემენტად გამოიყენება დიაფრაგმა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს კომისიისა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ შპს „გ...-ის“ აღრიცხვის კვანძი ზუსტად არ ასახავდა ბუნებრივი გაზის ხარჯს, რადგან ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერის დიაფრაგმა იყო მწყობრიდან გამოსული.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდების უწყვეტობის პირობებში, აღრიცხვის კვანძის დაზიანება არ ქმნის მიღებული ბუნებრივი გაზის ღირებულების დარიცხვისაგან გათავისუფლების საფუძველს, თუმცა დადგენას საჭიროებს მეთოდი, რომლითაც აღნიშნული ღირებულების გამოთვლა უნდა განხორციელდეს. საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ განაწილების ლიცენზიანტის ქსელში გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია, ამდენად, მართებულია კომისიის მოსაზრება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის გათვალისწინებით დასარიცხი ხარჯის გამოთვლის მიზანშეუწონლობის შესახებ. ამასთანავე, საქმეში არ არის წარმოდგენილი ბუნებრივი გაზის საშუალო მოხმარებიდან დარიცხვის შესაძლებლობის ნორმატიული წინაპირობების (ავარია, მხარეთა წერილობითი თანხმობა) დამდგენი მტკიცებულებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოებისა და კომისიის მოსაზრებას, რომ სადავო პერიოდზე (2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში) დასარიცხი ღირებულების ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო შპს „ა...-ის“ მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძის მაჩვენებლის გათვალისწინებით.

საქმეში დაცული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის 30.01.2014წ. ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა, რომ შპს „ა...-ი“ სახელშეკრულებო ფასს იხდიდა ფაქტიურად მოხმარებული გაზის მოცულობის შესაბამისად (7.1 მუხ.), შპს-სთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვა წარმოებდა გაზის აღმრიცხველი ხელსაწყოებით (8.1 მუხ.), რომლის გაუმართაობის შემთხვევაში მიწოდებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა განისაზღვრებოდა მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით“ (8.2 მუხ.). საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 29.12.2006წ. N114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ 12.4 მუხლის პირველი წინადადება განსაზღვრავს აღრიცხვის განხორციელების შესაძლებლობას უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული უფრო ზუსტი მრიცხველის საშუალებით, მათ შორის, მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაშიც. კასატორის მითითება იმ გარემოებებზე, რომ შპს „ა...-ის“ მრიცხველი არ იყო დალუქული და დამოწმებული, არ გამორიცხავს მისი ჩვენების, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულების გაზიარების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ ერთმანეთისაგან მიჯნავს გაზომვის საშუალებებს და დაკანონებულ გაზომვის საშუალებებს. დაკანონებული გაზომვის საშუალება არის გაზომვის საშუალება, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო შესაბამისობის შეფასებას ან მეტროლოგიურ კონტროლს (79-ე მუხ. „ბ“, „გ“ ქვ.პ.) და მისი გამოყენება ხდება საგადასახადო ან/და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისთვის, აგრეთვე ადმინისტრაციული დაჯარიმებისთვის (80.1 მუხ.). დაკანონებული გაზომვის საშუალებები, რომელთა შორის გაზის მრიცხველებიც სახელდება (80.2 მუხ. „ზ“ ქვ.პ.), ზოგადი წესის მიხედვით, ექვემდებარება ტიპის დამტკიცებას, პირველად და პერიოდულ დამოწმებას (82. 1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ შპს „ა...-ს“ მფლობელობაში არსებულ მრიცხველს გავლილი ჰქონდა პირველადი დამოწმება სსიპ სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ. ამასთანავე, საქმის მასალებით არ დასტურდება შპს „ა...-ის“ მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძის რაიმე სახის გაუმართაობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 06.04.2000წ. N4 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების“ (ძალადაკარგულია 2018 წლის 10 იანვრიდან) თანახმად, მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ლიცენზიანტებს შორის წარმოშობილი დავის განხილვა მიმდინარეობდა შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით (1.6 მუხ.). მართალია, კომისია უფლებამოსილი იყო საკითხის გადაწყვეტის მიზნით განეხორციელებინა რიგი დამატებითი ღონისძიებები და გამოეთხოვა დამატებითი მტკიცებულებები (1.7, 5.3 მუხ.), თუმცა ზოგადი წესის მიხედვით, მტკიცებულებების წარდგენას ახდენდნენ მხარეები (5.3 მუხ.), თითოელ მხარეს უნდა დაემტკიცბინა გარემოებები, რომლებზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნებს (5.1 მუხ.), კომისია აფასებდა მტკიცებულებებს მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად (5.4 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა შპს „გ...-ის“ მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძის გაუმართაობა, მეორე მხრივ შპს „ა...-ის“ მფლობელობაში იყო მრიცხველი, რომელსაც პირველადი დამოწმება გავლილი ჰქონდა და არ არსებობდა მტკიცებულება მისი გაუმართაობის შესახებ. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მოსარჩელის მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანის შეკეთების შემდეგ, არსებული ორი მრიცხველის ჩვენება თითქმის იდენტური იყო, 2014 წლის იანვრისა და თებერვლის დარიცხვასთან დაკავშირებით შპს „ა...-ს“ პრეტენზია აღარ დაუფიქსირებია, რაც მეტად საფუძვლიანს ხდის მოსაზრებას შპს „ა...-ის“ მრიცხველის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა შპს „ა...-ის“ მრიცხველის ჩვენება შეაფასეს როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც ძირითადი აღრიცხვის კვანძის გაუმართაობის პირობებში ახდენდა ხარჯის ალტერნატიულ აღრიცხვას და არა როგორც დაკანონებული გაზომვის საშუალება. ასეთ დროს მრიცხველის ჩვენების სიზუსტის უტყუარობის ნორმატიული სტანდარტი შესაძლოა სრულად არც იყოს დაცული. აღრიცხვის კვანძების მაჩვენებლებს შორის არსებული სხვაობის დადგენილი ცდომილების ფარგლებში მოქცევაზე კასატორის მითითება, განსახილველ შემთხვევაში არ არის რელევანტური, რადგან დადასტურდა შპს „გ...-ის“ აღრიცხვის კვანძის გაუმართაობა და ამდენად, დაფიქსირებული ჩვენების უზუსტობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „გ...-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2018წ. განჩინება;

3. შპს „გ...-ას“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.04.2018წ. N693 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი