საქმე №ბს-934(გ-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - ო. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ხ-მა 2019 წლის 10 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 22 აპრილის №სდ 006052 ელექტრონული დადგენილების, 2019 წლის 30 აპრილის №ენ 409206 საჯარიმო ელექტრონული ქვითრის, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის 2019 წლის 3 მაისის №მია 01901128418 დადგენილების (რადგან №სდ00652 ელექტრონული დადგენილების საფუძველზე აეკრძალა ავტომანქანის მართვა 2019 წლის 22 აპრილიდან 6 თვის ვადით და ჩამოერთვა მართვის მოწმობა, რომელიც მიზანშეწონილია შეიცვალოს ჯარიმით) ბათილად ცნობა; საჩივრის განხილვამდე სახდელის დადებისა და საურავის დარიცხვის შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით ო. ხ-ის სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის დადგენილებით ო. ხ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილია განსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობის პრინციპი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ, ხოლო მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. განსახილველ შემთხვევაში შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენს გორი, სასამართლომ მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლო წარმოადგენს ო. ხ-ის საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს. ამასთან, სადავო ადმინისტრაციული აქტი მიღებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ. ასევე, დავის საგნის სფეციფიკიდან გამომდინარე, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვადასხვა საპროცესო მოქმედების განხორციელება და სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით საქმის განხილვა, უფრო ეფექტურს გახდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს.
საქართველოს უზენაესმა სასმაართლომ 2018 წლის 17 მაისის №ბს-284-284(გ-18) განჩინებაში, რომელიც ეხებოდა სასამართლოთა შორის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას განმარტა, რომ „საქართველოს სამოქლაქო საპროცეოს კოდექსის მე-15 მუხლით (საერთო განსჯადობა) ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი წესისა და ამავე კოდექსის მე-16 მუხლის (განსაკუთრებული განსჯადობა) მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი განსჯადობის სპეციალური წესის კონკურენციის დროს, უპირატესობა სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის დანაწესებს უნდა მიენიჭოს“. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება აკეთებს კონკრეტულ ჩანაწერს, რომ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განხილება მისი ჩადენის ადგილას“, თუმცა მეორე მუხლი ასევე უშვებს შესაძლებლობას/გამონაკლისს „დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“ ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმეების განხილვის შესახებ, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ უპირატესობა სწორედაც, რომ პირველ ნაწილს უნდა მიენიჭოს, რადგან როგორც უკვე აღინიშნა პირველი ნაწილი უფრო იმპერატიულად განსაზღვრავს საქმის განხილვის ადგილს. გარდა ამისა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ასევე მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ არათუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, არამედ მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარეც ამ ტერიტორიულ ერთეულში მდებარეობს და მის მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესშიც სწორედ ამ ტერიტორიული ადგილის განჯადი სასამართლოა მითითებული.
სასამართლოს განმარტებით ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს და საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, ემთხვევა რა მათი ადგილმდებარეობა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი ერთამანეთს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს შესაბამისი განსჯადი სასამართლოს მიერ, რამეთუ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-20017 გადაწყვეტილების მე-13 მუხლის თანახმად, გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - გორის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ო. ხ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებას და 2019 წლის 25 ივნისის განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.
გორის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით, ო. ხ-ი 2019 წლის 22 აპრილის № სდ 006052 ელექტრონული დადგენილებით ცნობილ იქნა დამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ ქალაქ თბილისში (დიდუბე-ჩუღურეთში) ავტომანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის გამო. აღნიშნული დადგენილება ო. ხ-ის მიერ გასაჩივრებული იქნა 2019 წლის 30 აპრილს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. ო. ხ-ის მიმართ 2019 წლის 30 აპრილის №ენ 409206 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენილ იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ გორის მუნიციპალიტეტში უფლებააკრძალული პირის მიერ ავტომანქანის მართვის გამო. ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული საჯარმო ქვითარი ო. ხ-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა 2019 წლის 1 მაისს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. მისი საჩივარი გადაგზავნილ იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში, რომლის 2019 წლის 3 მაისის № MIA 0 19 01128418 დადგენილებითაც მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ო. ხ-ი რეგისტრირებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ..., თუმცა ფაქტობრივად ცხოვრობს თბილისში, ... ქ. №22/402ბ -ში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, ხოლო 116-ე – 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება, განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოცემული ნორმა იძლევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე – 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის შესაძლებლობას როგორც ჩადენის, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.
გორის რაიონულ სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. ხ-ის საჩივარი 2019 წლის 22 აპრილის № სდ 006052 ელექტრონული დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე განეკუთვნება მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობას, რამდენადაც ო. ხ-ის საცხოვრებელი და სავარაუდო დარღვევის ჩადენის ადგილიც ქალაქი თბილისია, და ამ შემთხვევაში კანონმდებლობა განსჯადი სასამართლოს არჩევის შესაძლებლობას არ იძლევა. ამ დადგენილებასთან ერთად, ო. ხ-ი სადავოდ ხდის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2019 წლის 30 აპრილის № ენ 409206 ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსაც (ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც შედგენილია გორის მუნიციპალიტეტში ჩადენილი სავარაუდო დარღვევის გამო. გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში განსჯადი სასამართლოს არჩევის შესაძლებლობა საჩივრის ავტორს ენიჭება: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მას უფლება აქვს, საჩივარი წარადგინოს როგორც თბილისის საქალაქო (მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), ასევე გორის რაიონულ სასამართლოში (სავარაუდო დარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით). ო. ხ-მა გამოიყენა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ეს უფლება და 2019 წლის 22 აპრილის № სდ 006052 ელექტრონული დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან ერთად, რაც ყველა შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია, სადავო გახადა 2019 წლის 30 აპრილის №ენ 409206 ელექტრონული საჯარიმო ქვითარიც და საჩივარი ამ მოთხოვნაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა. სასამართლომ ასევე აღსანიშნა, რომ გორის მუნიციპალიტეტში ჩადენილი სავარაუდო დარღვევისათვის საჯარიმო სახდელის განსაზღვრას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისში ჩადენილი დარღვევისათვის გამოტანილი სახდელი მართვის უფლების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება. მოცემული საქმე შესაძლოა, გორის რაიონული სასამართლოს განსჯადი გამხდარიყო მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში ჩადენილი სავარაუდო დარღვევის გამო იმ შემთხვევაში, თუკი ო. ხ-ი საჩივარს ამ სასამართლოში წარმოადგენდა. მან კი სასამართლოს მიმართა თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რისი უფლებაც მას კანონმდებლობით ჰქონდა მინიჭებული. გორის რაიონული სასამართლო არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციას, რომ მოცემულ საქმეზე განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს სავარაუდო დარღვევის ჩადენის ადგილს, რადგან საკითხი ამგვარი პრინციპით უნდა გადაწყდეს იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის სამართალდარღვევის ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით კი სამართალდარღვევის განსჯადი სასამართლო ზუსტად განსაზღვრულია: 116-ე – 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება, განხილულ იქნეს როგორც სავარაუდო 6 დარღვევის ჩადენის, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გორის რაიონულ სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ო. ხ-ის ორივე სავარაუდო დარღვევის ჩადენის ადგილი გორის მუნიციპალიტეტი იქნებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან ამ საქმის გორის რაიონულ სასამართლოში განსჯადობით გადაგზავნის საფუძველი სახეზე მაინც არ იქნებოდა, რადგან, როგორც აღინიშნა, ო. ხ-ს სრული უფლება ჰქონდა, საჩივრით მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და იქ მოეთხოვა საქმის განხილვა. ამ გარემოებათა გამო, გორის რაიონული სასამართლო ასევე არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციას, რომ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილთან ერთად, მნიშვნელობა აქვს მოპასუხე მხარის გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულში მდებარეობას და მის მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესში ტერიტორიული ადგილის განსჯად სასამართლოდ გორის რაიონული სასამართლოს მითითებას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით 116-ე – 125-ე მუხლებზე ტერიტორიული ადგილის განსჯადობა განსაზღრულია არა მოპასუხის, არამედ სავარაუდო დარღვევის ჩადენის ან სავარაუდო დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ შემთხვევაში ტერიტორიული იურისდიქცია არ ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო. გორის რაიონული სასამართლო არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობა და სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი სრულად ემთხვევა ერთამანეთს და ეს ადგილი გორის მუნიციპალიტეტია; როგორც აღინიშნა, ო. ხ-ი პირველ შემთხვევაში დამრღვევად იქნა ცნობილი საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის ქალაქ თბილისის სამმართველოს მიერ, რომლის ადგილსამყოფელიც ქალაქი თბილისია, ამავე ადგილზე ჩადენილი სავარაუდო დარღვევისათვის. დავა ამ ნაწილში მთლიანად თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩადენილი დარღვევისათვის ო. ხ-ს სრული უფლება ჰქონდა, მიემართა საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის არა სავარაუდო დარღვევის ჩადენის, არამედ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლოს განსაზღვრულობიდან გამომდინარე, განსჯადობის იმ პრინციპით გადაწყვეტა, რომ ხელს შეეწყოს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას, არარელევანტურია. განსჯადობასთან შედარებით მითითებული პრინციპისათვის უპირატესობის მინიჭების შემთხვევაში, საქმის სხვა სასამართლოში გადაგზავნა შესაძლებელი იქნება ორი საფუძვლით: დამრღვევის საცხოვრებელი და დარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით, რაც აზრს უკარგავს კანონმდებლობით განსჯადობის წესების განსაზღვრას. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში საქმის სხვა სასამართლოში გადაგზავნა საჩივრის ავტორისათვის კანონმდებლობით მინიჭებული განსჯადი სასამართლოს არჩევის უფლების შეზღუდვას წარმოადგენს. მხარეს უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მოლოდინი და განცდა, რომ მის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს კანონმდებლობით ზუსტად განსზაღვრული განსჯადი სასამართლო, რათა გადაწყვიტოს საჩივრის აღძვრა-არაღძვრისა თუ საქმესთან დაკავშირებული სხვა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. გორის რაიონული სასამართლო არ მსჯელობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების იმ პუნქტებზე, რაც ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის №ბს-284-284(გ-18) განჩინებაზე საქმის განსჯადობით გადაგზავნასა და მსგავსი საჩივრების ავტორების უმეტესობის - იურიდიული პირების იურიდიულ მისამართად ქ. თბილისის ფიქსირებას, რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინება ეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით აღძრული სარჩელების და არა სამართალდარღვევების განსჯადობას, ხოლო იურიდიული პირების ადგილსამყოფელის შესახებ მსჯელობა ეხება ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობას. ამ მსჯელობებს განსახილველ დავასთან მიმართებაში კავშირი არ აქვს.
გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს პირველ შემთხვევაში როგორც სავარაუდო დარღვევის ჩადენის, ასევე საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ქ. თბილისი), ხოლო მეორე შემთხვევაში საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.
მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური კანონი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის განსჯადობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ო. ხ-ი 2019 წლის 22 აპრილის №სდ 006052 ელექტრონული დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ ქალაქ თბილისში (დიდუბე-ჩუღურეთში) ავტომანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის გამო. აღნიშნული დადგენილება ო. ხ-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა 2019 წლის 30 აპრილს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე, გორის მუნიციპალიტეტში უფლებააკრძალული პირის მიერ ავტომანქანის მართვის გამო ო. ხ-ის მიმართ 2019 წლის 30 აპრილის №ენ 409206 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენილ იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ. აღნიშნული საჯარმო ქვითარი ო. ხ-ის მიერ გასაჩივრდა 2019 წლის 1 მაისს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. მისი საჩივარი გადაგზავნილ იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში, რომლის 2019 წლის 3 მაისის № MIA 0 19 01128418 დადგენილებითაც მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ო. ხ-ის რეგისტრაციის მისამართია გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ..., თუმცა ფაქტობრივად ცხოვრობს თბილისში, ... ქ. №22/402ბ -ში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს საჩივრის ალტერნატიულ განსჯადობას - სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის ან სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა აირჩია განსჯადი სასამართლო და საჩივარი წარადგინა მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და 2019 წლის 22 აპრილს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული საქმის იდენტური დავის განსახილველად მოსარჩელის არჩევანის შესაბამისად სასამართლოსათვის დაქვემდებარების სამართლებრივი დასაბუთება მოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის №ბს-614-611(გ-17) და 2017 წლის 17 ოქტომბრის №ბს-522-519(გ-17) საქმეებზე გამოტანილ განჩინებებში. აღნიშნულ განჩინებებში ჩამოყალიბებული სამართლებრივი დასკვნებითა და განმარტებებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, მოცემული კატეგორიის იდენტურ საქმეზე განსჯადობის საკითხი გადაწყდა საჩივრის ავტორის არჩევანის შესაბამისად. ამგვარად, პროცესის ეკონომიურობის, ოპერატიულობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხზე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, დავა ტერიტორიული განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ო. ხ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. ხ-ის საჩივარი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე