საქმე №ბს-1051(გ-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - ბ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. მ-ემ 2019 წლის 22 მაისს საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. საჩივრის ავტორმა საპატრულო პოლიციის 2019 წლის 11 მაისის Nენ 458056 საჯარიმო ქვითრის გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის დადგენილებით ბ. მ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა (სასარჩელო) სამართალწარმოების წესით განხილვა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით. ხსენებული საკანონმდებლო აქტის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილია განსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობის პრინციპი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ, ხოლო მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს გარდაბანი, ..., ... №2, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლო წარმოადგენს ბ. მ-ის საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. მ-ის საჩივარი განსჯადობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს ქვემდებარეა.
რუსთავის საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებას და 2019 წლის 2 აგვიტოს განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 62 ნაწილით. სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს კი წარმოადგენს ქალაქი თბილისი, ისნის ტერიტორია. სასამართლოს განმარტებით მითითებული გარემოება დასტურდება რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 2 აგვისტოს №11731 განცხადებით წარმოდგენილი მასალებით, სადაც აღნიშნულია, რომ ოქმი №ენ458056 შედგენილია ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ, ხოლო დარღვევა ჩადენილია ისან-სამგორის რაიონში. ამდენად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმის განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.
მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური კანონი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის განსჯადობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბ. მ-ეს ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 62 ნაწილის საფუძველზე აქვს დაკისრებული. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია - ქალაქი თბილისი, ისან-სამგორის რაიონი; საჩივრის ავტორის იურიდიული მისამართია - გარდაბანი, ....
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს საჩივრის ალტერნატიულ განსჯადობას - სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის ან სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა აირჩია განსჯადი სასამართლო და საჩივარი წარადგინა სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით. საკასაციო სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის №ბს-614-611(გ-17) და 2017 წლის 17 ოქტომბრის №ბს-522-519(გ-17) განჩინებებში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ დასკვნებსა და განმარტებებზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითებას და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს საჩივრის ავტორის არჩევანის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბ. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. მ-ის საჩივარი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე