Facebook Twitter

საქმე №ბს-1204(გ-19) 16 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოპასუხე - რ. შ-ე

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 18 იანვარს სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე რ. შ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯარიმის - 3000 ლარის და ასევე ზედმეტად დარიცხული სახელფასო დავალიანების - 267.40 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 12 აგვისტოს დაიდო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი; ხელშეკრულების 3.3. პუნქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 4 წლით, რომელიც სრულდებოდა 2020 წელს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის №7960 ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტარქტის პირობების დარღვევის) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 46-ე მუხლის (აზარტული თამაში) პირველი პუნქტისა და „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანების თანახმად საქართველოს შეარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის პირველი კლასის რიგითი რ. შ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. რ. შ-ე გენერლური შტაბის უფროსის 2017 წლის 20 ნოემბრის №482 ბრძანების თანახმად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან და მოხსნილ იქნა ყველა სახის კმაყოფიდან. თუმცა, მას ნოემბრის თვის ხელფასი დაერიცხა სრულად 802.20 ლარი, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე დათხოვნილ იქნა 2017 წლის 20 ნოემბერს მას უნდა დარიცხვოდა 20 დღის ხელფასი, რომელიც შეადგენდა 534.8 ლარს, ხოლო სხვაობა იყო 10 დღის, რამაც შეადგინა 267.40 ლარი. აღნიშნული თანახა ექვმდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით №3/59-18წ. ადმინისტრაციული საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხე რ. შ-ის მიმართ, განსჯადობის წესის დაცვით გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილი განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად დავა უნდა განიხილოს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოქმედმა სასამართლომ (სარჩელის თანახმად, მოპასუხე ცხოვრობს ქობულეთის რაიონის სოფელ ...-ში).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას და 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ არის უფლებამოსილი განიხილოს და გადაწყვიტოს მოცემული დავა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს საერთო განსჯადობის წესებს და თანაბრად ეხება და ვრცელდება ყველა ორდინალურ შემთხვევაზე, თუ სახეზე არ გვაქვს განსაკუთრებული შემთხვევა, საერთო წესიდან ერთგვარი გამონაკლისი. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს განსჯადობის შესახებ არსებული საგამონაკლისო წესი, კერძოდ, სახელშეკრულები დავების დროს განსჯად სასამართლოდ მიიჩნევა ის სასამართლო, რომლის იურისდიქციის ტერიტორიზეც შესრულდა ხელშეკრულება ან სადაც იგი უნდა შესრუებულიყო. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა იგულისხმება „ელშეკრულების შესრულების ადგილში“ კონკრეტული დავის კონტექსტში, მნიშვნელოვანია მისი შინაარსის გაანალიზება: კონკრეტული გარემოებების არსებობისას, სამხედრო სამსახური გულისხმობს საქმიანობას ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც (ეს არის სამხედრო სამსახურის სფეციფიკა). თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, თუ სად იყო მოპასუხის სამსახურის ბოლო ადგილი (სადაც ის ასრულებდა საკონტრაქტო ვალდებულებას). საქმის მასალებით ეს ადგილი უდავოდ დგინდება და ის არის ქ. ქუთაისი. საქმეში არაფერი მიუთითებს საწინააღმდეგოზე, ანუ მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას (სამხედრო სამსახურს გადიოდა) ასრულებდა სწორედ ამ გეოგრაფიულ არეალში (კონტრაქტს იმავე არეალში შეასრულებდა, რომ არ შეეწყვიტა და არ წასულიყო სამხედრო სამსახურიდან).

ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით მოცემული დავა ექცევა განსაკუთრებული განსჯადობის წესების, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის რეგულაციის სფეროში. ამაზე ასევე მიუითებს კონტრაქტის 8.4.1 პუნქტი. მართალია, იმ შემთხვევაში, როცა განსჯადობა არის ცხადი, მხარეები ვერ დაადგენენ სასამართლოს განსჯადობას თავიანთი შეთანხმების საფუძველზე (სსსკის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი), თუმცა განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, ეს პრობლემა არ დგას, ვინაიდან ხელშეკრულების ეს დებულება არის არა შეთანხმება განსჯადობაზე, არამედ დამატებითი არგუმენტი იმის ხაზგასასამელად, რომ სახეზეა სახელშეკრულებო (საჯარო, ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე) დავა და იგი უნდა გადაწყდეს განსაკუთრებული განსჯადობის წესების დაცვით და არა მარტოოდენ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (შესაძლებელია, რომ 5 ხელშეკრულების შესრულების ადგილი ასევე ემთხვეოდეს მოპასუხის საცხოვრებელ ადგილსაც). ამდენად, როცა ხელშეკრულების შესრულების ადგილი ან ის ადგილი, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, ცალსახად დგინდება საქმის მასალების მიხედვით, განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსაკუთრებული განსჯადობის პრინციპზე დაყრდნობით, ხოლო თუკი საქმის მასალებით ასეთი ადგილი ვერ დგინდება, რელევანტური იქნება განსჯად სასამართლოდ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოქმედი სასამართლოს მიჩნევა. ამრიგად, ბათუმის საქალაქო სასამარტლომ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს არა ბათუმის საქალაქო სასამართლო არამედ ქუთაისი საქალაქო სასამართლო, რადგან ხელშეკრულება სრულდებოდა და/ან უნდა შესრულებულიყო ამ უკანასკნელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, კონკრეტული დავის თავისებურებები. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც არის საქმეზე მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური ან იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, თუმცა საპროცესო კანონმდებლობა, გარკვეული კატეგორიის დავების თავისებურებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს განსჯადობის არაერთ სპეციალურ წესს.

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმისა და ზედემტად გაცემული ხელფასის მოპასუხისათვის დაკისრება. ადმინისტრაციული საქმეების ტერიტორიული განსჯადობა წესრიგდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15-24-ე მუხლებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ცალკე არ აწესრიგებს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების ტერიტორიულ განსჯადობას. საერთო წესის თანახმად, ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. ამდენად, ტერიტორიული განსჯადობა უმეტესად წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 - 191 მუხლებით დადგენილია განსჯადობის სპეციალური წესები, რომელიც ამავე კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საერთო განსჯადობასთან მიმართებით ექსკლუზიური (გამომრიცხავი) ხასიათისაა, რაც გულისხმობს სპეციალური წესის დამდგენი ნორმების უპირატესობის მინიჭებით განსჯადობის საერთო წესების გამორიცხვას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით. სწორედ ასეთ სპეციალურ წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. ხელშეკრულების შესრულების ადგილი განისაზღვრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების, ანუ იმ ვალდებულების შესრულების ადგილით, რომლის შესრულების მიზნითაც დაიდო ხელშეკრულება. ვალდებულების შესრულების ადგილი შესაძლოა განისაზღვროს კონკრეტულად (ნორმატიულად ან მხარეთა შეთანხმებით) ან დარჩეს განუსაზღვრელი. უკანასკნელ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულებითი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე დგინდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების კონკრეტული ადგილი ხელშეკრულებით ან ნორმატიულად არ არის განსაზღვრული და არც ვალდებულების ბუნებიდან იკვეთება აშკარად. ასეთ შემთხვევაში შესრულების ადგილის დადგენა ხელშეკრულების მხარეთა ნების ახსნა-განმარტების გზით ხდება, რა დროსაც მხედველობაში მიიღება შესასრულებელი ვალდებულების ბუნება, მსგავს ურთიერთობებში დამკვიდრებული წესები, კონკრეტული ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები და სხვ.. შრომითი ხელშეკრულების დროს ვალდებულების შესრულების ადგილი შესაძლოა განსახორციელებელი სამუშაოს სპეციფიკაზე იყოს დამოკიდებული. როგორც წესი ასეთ დროს დასაქმებულის მიერ მასზე ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულება ხდება დამსაქმებელის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს ერთი მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ რ. ი-ის ძე შ-ეს შორის დაიდო „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი, რომლის მიხედვით სამხედრო მოსამსახურემ იკისრა ვალდებულება სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში (კონტრაქტის 1.1 პუნქტი). კონტრაქტის შემდგომი პუნქტებით განისაზღვრა ხელშეკრულების მიზნებისათვის „სამხედრო სამსახურის“ შინაარსი, მხარეთა მიერ გაცემული გარანტიები, სამხედრო სამსახურის გავლის ვადა და მასთან დაკავშირებული თავისებურებანი, შრომის ანაზღაურების წესი და ხელშეკრულების მხარეთა ვალდებულებები. კონტრაქტის შინაარსიდან დგინდება, რომ ხელშეკრულება დადებულია პირის სამხედრო სამსახურში დასაქმების მიზნით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა დებულებები კი გამომდინარეობს სწორედ აღნიშნული ძირითადი ვალდებულების სათანადოდ შესრულების ინტერესიდან. ამდენად, დავის მხარეებს შორის არსებული 2016 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების შესრულების - სამხედრო სამსახურის გავლის ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული საქმის იდენტური დავის განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის დაქვემდებარების სამართლებრივი დასაბუთება მოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის №ბს-427(გ-19) საქმეზე გამოტანილ განჩინებაში. ამგვარად, პროცესის ეკონომიურობის, ოპერატიულობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხზე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, დავა ტერიტორიული განსჯადობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქვემდებარეა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე რ. შ-ის მიმართ განსჯადობთ განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე