საქმე №ბს-1260(კ-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლე) (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ქ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ქ-ამ 2018 წლის 29 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიმართ და მოითხოვა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N01-895/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიეთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 25 სექტემბრის N01-895/ო ბრძანება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ბ. ქ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურები სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი თვალსაზრისით. სამინისტროს მიერ სადავო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი წესის სრული დაცვით. სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მოსარჩელე რეალურად თავისსავე საკუთრებაში არსებულ სახლში ცხოვრობს, მიუხედავდ იმისა, რომ მითითებული ქონება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული. კასატორის მითითებით, ბ. ქ-ა დამისამართებულია ქ. ფოთში, ა.. ქ. N4-ში, ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. ფოთში, ბ.. ქ. N4-ში. მოსარჩელემ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი შეავსო მეუღლესთან, ორ შვილთან და დასთან ერთად. სამინისტრომ შეისწავლა განაცხადი და წინასწარი შეფასებით ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 8.5 ქულით. განაცხადის გადამოწმების მიზნით, განხორციელდა მონიტორინგი საცხოვრებელ ადგილას. მოსარჩელის განცხადებით, ოჯახი მისამართზე ქირით ცხოვრობს 1993 წლიდან. ფართის მესაკუთრე - ი. ჭ-ე ცხოვრობს მოსკოვში. კასატორი აღნიშნავს, რომ ბ. ქ-ამ ვერ წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც დაასასტურებდა მისი ოჯახის სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტს. ამასთან, არ არსებობს ბინის ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კასატორის მოსაზრებით, ბ. ქ-ა ცხოვრობს თავისსავე საკუთრებაში არსებულ ბინაში. ფართის რეგისტრაცია არ ხორცილდება, რადგან მოსარჩელეს დაბრკოლება არ შეექმნას საცხოვრებელი ფართის მიღების პროცესში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ოჯახს დააკლდა 3,5 ქულა: 1,5 ქულა - „ქირის“ კრიტერიუმში, ხოლო 2 ქულა - „მძიმე საცხოვრებელი პირობების“ კრიტერიუმში.
კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, რომელიც ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მათი განხილვის წესს. აღნიშნული წესის შესაბამისად რეგულირდება ასევე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. შეფასების შედეგად თითოეულ დევნილ ოჯახს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრულყოფილი შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ მოსარჩელე ამ ეტაპზე არ საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რის გამოც უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც, საქმეზე ითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ბ. ქ-ა და მისი ოჯახის წევრები - მეუღლე, ორი შვილი და და არიან დევნილები. ამასთან, მეუღლე და ერთი შვილი არიან აფხაზეთის ომის ვეტერანები.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დევნილი ოჯახის მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახი რეალურად ცხოვრობს თავისსავე საკუთრებაში არსებულ ფართში, თუმცა მოპასუხე ადმინისრაციული ორგანო ვერ წარმოადგენს აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. საკუთრების უფლება მოსარჩელის ან მისი ოჯახის სახელზე რეგისტრირებული არ არის. ამდენად, მითითებული მოსაზრება დაუსაბუთებელია. საქმეში წარმოდგენილია ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით ბ. ქ-ა ოჯახთან ერთად დროებით ცხოვრობს სხვის სახლში მისამართზე: ქ. ფოთი, ა.. ქ. N4. სადავო აქტის საფუძველად მითითებულია ის გარემოება, რომ ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, წინასწარი შეფასებით დადგენილი 8,5 ქულიდან ოჯახს დააკლდა 3,5 ქულა: 1,5 ქულა - „ქირის“ კრიტერიუმში. ხოლო 2 ქულა - „მძიმე საცხოვრებელი პირობების“ კრიტერიუმში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ ის დევნილები, რომელთაც, მოსარჩელის მსგავსად, მინიჭებული ჰქონდათ 5 ქულა. საქართველოს ოკიპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე წესის 6.4 მუხლის თანახმად კი პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კენჭისყრის ჩატარება არ დასტურდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებების უმეტესი ნაწილი მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის არარელევანტურია და კონკრეტული საქმის გადასაწყვეტად მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე