Facebook Twitter

ბს-1324 (კ-18) 08 აპრილი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ე. პ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. პ-ამ 27.07.2016წ. სარჩელით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის 24.05.2005წ. N... და 04.08.2005წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 26.08.2016წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაებნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ი. პ-ა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 17.10.2017წ. გადაწყვეტილებით ე. პ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ე. პ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2018წ. განჩინებით ე. პ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 17.10.2017წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა, რომ ი. პ-ას სახელზე რეგისტრირებული და შემდგომ სახელმწიფოზე გასხვისებული უძრავი ნივთი არც ფართით და არც სხვა მახასიათებლებით არ არის შესაბამისობაში ე. პ-ას უძრავ ქონებასთან. ამდენად, მოსარჩელე ვერ მიუთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის უფლებას სადავო უძრავ ნივთზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2018წ. განჩინება ე. პ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ი. პ-ამ 24.05.2005წ. დაირეგისტრირა ე. პ-ას უძრავი ქონება მდებარე წალკის რაიონის სოფელ ...-ში. კასატორი მიუთითებს, რომ ე. პ-ას უფლება სადავო ქონებაზე დადასტურებულია საარქივო ცნობით, ხოლო ი. პ-ას წალკის რაიონის სოფელ ...-აში არ გააჩნია რაიმე სახის უძრავი ქონება. ი. პ-ამ სადავო ქონების თავის სახელზე დარეგისტრირების შემდეგ 01.06.2005წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება მიყიდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. ი. პ-ამ აღნიშნული ქმედებები განახორციელა არაკეთილსინდისიერად, მან მოტყუებით დაირეგისტრირა სხვისი ქონება თავის სახელზე. კასატორის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს ე. პ-ას საკუთრების უფლებას ზემოაღნიშნულ ქონებაზე. დადასტურებულია ასევე, რომ ი. პ-ა არასდროს ყოფილა ე. პ-ას მამის, ნ. პ-ას კომლის წევრი, შესაბამისად გაუგებარია თუ როგორ მოახერხა ი. პ-ამ სადავო ქონების საკუთარ სახელზე დარეგისტრირება. სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მარეგისტრირებელ ორგანოს ევალებოდა საქმის სრულყოფილი შესწავლა. სააგენტოს არ შეუსწავლია მისთვის წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების სისწორე, ტექნიკური პასპორტის ნამდვილობა, არ გადაუმოწმებია პირის კავშირი ქონებასთან. რეესტრმა მხოლოდ მარტივი ფორმალური პროცედურების გავლით გადასცა საკუთრების უფლება განმცხადებელს, რამაც შეზღუდა სხვისი საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა სზაკ-ის მე-5, მე-8, მე-13, 95-ე, 96-ე მუხლები. ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოკვლეულა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია ფორმალური და მატერიალური კანონიერების დარღვევის გზით. სადავო აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს კასატორის კანონიერ უფლებებს და ზღუდავს მის უფლებებსა და ინტერესებს. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის ვალდებულებასთან მიმართებით არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაეს სასამართლოს (სუსგ 22.09.2016წ. Nბს-5-5(6კ-15); 08.10.2015წ. Nბს-259-255(კ-15); 28.02.2013წ. Nბს-367-363(კ-12); 16.05.2013წ. Nბს-671-657(კ-12)). კასატორი თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლებრივად უსწორო, მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ძირითადად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ გასხვისებული ქონების იდენტურობის საკითხი ვერ დადგინდა მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით. სადავო გადაწყვეტილებები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს ე. პ-ას, შესაბამისად სახეზეა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. პ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცულია წალკის რაიონის სოფელ ო..-ში გემგეობის თავმჯდომარის 11.04.2004წ. N50 ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოფელ ო..-ში ი. პ-ას ცნობის გაცემის დროისათვის საკუთრებაში ერიცხებოდა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი 0.28 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთით. იმავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 11.04.2005წ. გაცემულია N51 ცნობა, რომლის თანახმად ი. პ-ას ოჯახში ცნობის გაცემის პერიოდისათვის ი. პ-ას გარდა არავინ ირიცხებოდა. საქმეში ასევე წარმოდგენილია რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 23.05.05წ. N187 ცნობა, რომელიც ადასტურებს სადავო უძრავ ქონებაზე ი. პ-ას მიერ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ფაქტს. საქმის მასალებში დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 12.05.2005წ. შედგენილი ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის N49 ტექნიკური პასპორტი, რომლის მიხედვითაც წალკის რაიონის სოფელ ო..-ში 2401 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ მითითებულია ი. პ-ა. სწორედ ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე სადავო უძრავ ქონებაზე 24.05.2005წ. დარეგისტრირდა ი. პ-ას საკუთრების უფლება (ს.კ ...). ი. პ-ასა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შორის 01.06.2005წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება 04.08.05წ. დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. ე. პ-ამ 22.07.2014წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა წალკის რაიონის სოფელ ...-აში (ო..) 1502 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია, ხოლო სარეგისტრაციო სამსახურმა 28.07.2014წ. მიიღო უძრავი ქონების ე. პ-ას სახელზე რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების საგანზე უკვე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება. საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი დოკუმენტი, რომლითაც ე. პ-ა ადასტურებს საკუთარ უფლებას სადავო ქონებაზე არის 24.06.2014წ. NAA2014033354-04 საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, კომლს რომელშიც ირიცხებოდა ე. პ-ა, პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 80 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1982 წლიდან - 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ი. პ-ას მიერ საკუთარ სახელზე რეგისტრირებული და შემდეგ სახელმწიფოსათვის გადაცემული უძრავი ქონების მახასიათებლები, კერძოდ მიწისა და შენობა-ნაგებობის ფართობი არ შეესაბამება ე. პ-ას მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების მახასიათებლებს, კერძოდ ი. პ-ას საკუთრებაში ერიცხებოდა 2401 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ 168.7 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობასთან ერთდა, ხოლო ე. პ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო 1502 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მასზე განთავსებულ 201.34 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობასთან ერთად, მაშინ როდესაც სააღრიცხვო ბარათით ე. პ-ას კომლს 80 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა ერიცხებოდა. ამდენად, საქმის მასალებით ვერ ხერხდება ე. პ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების ზუსტი იდენტიფიკაცია, მით უფრო რომ ე. პ-ას მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც უდავოდ დადასტურდებოდა, რომ საარქვივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა სწორედ ი. პ-ას მიერ რეგისტრირებულ და შემდეგ სახელმწიფოზე გაყიდულ უძრავ ქონებას. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებში გარდა ცნობა-დახასიათებისა არ არის წარმოდგენილი სადავო ქონებაზე ე. პ-ას უფლების დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტი (მიწის გადასახადის გადამხდელთა სია, მიწის ნაკვეთის განაწილების, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სია, სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.).

"საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო რეესტრში ი. პ-ას სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოტყუებით განხორციელდა. საქმეში არ არის წარმოდგენილი ამის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთანავე, კასატორის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი სადავო ქონებაზე ი. პ-ას უფლების დამდგენი დოკუმენტები.

კასატორის მითითება საკასაციო პალატის გადაწყვეტილებებზე არარელევანტურია, რადგან არსებითად განსხვავდება საქმეთა ფააქტობრივი გარემოებები, რაც კასატორის მიერ მითითებულ და განსახილველ საქმეებს შორის მნიშვნელოვან სხვაობას ქმნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. პ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ე. პ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2018წ. განჩინება;

3. მ. ღ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.12.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი