საქმე Nბს- 991(კს-19) 10 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ჰ. ბ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჰ. ბ-მა 2018 წლის 05 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივნისის NEL075167 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის N20046 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ, აგრეთვე იშუამდგომლა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივნისის NEL075167 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 სექტემბრის განჩინებით დავის გადაწყვეტამდე შეჩერდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივნისის NEL075167 საგადსახადო სამართალდარღვევის ოქმის მოქმედება ავტომანქანის ჩამორთმევის სახით დაკისრებული სახდელის ნაწილში, რაც მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 ქლის 06 სექტემბრის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, ჰ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივნისის NEL075167 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის N20046 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება აპელანტ სსიპ შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2019 წლის 8 მაისს, რაც დასტურდება გზავნილზე სსიპ შემოსავლების სამსახურის ბეჭდით და ხელმოწერით. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 2019 წლის 28 მაისს. ამასთან, საქალაქო სასამართლში გაგზავნილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართვა დათარიღებულია 2019 წლის 28 მაისით. პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2019 წლის 8 მაისს, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 9 მაისიდან და ამოიწურა 2019 წლის 22 მაისს, ოთხშაბათს 24 საათზე. შესაბამისად, 2019 წლის 28 მაისს შეტანილი სააპელაციო საჩივარი ითვლება გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივრად, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, პალატას არ გამოუკვლევია სსიპ შემოსავლების სამსახურის სააელაციო საჩივრის კანცელარიაში წარდგენილ თარიღი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 289.14 მუხლით გათვალისიწინებული სამართალდაღვევის ჩადენას არ უარყოფს თავად მოსარჩელე. დავის საგანს მხოლოდ შეფარდებული სანქციის სიმძიმე წარმოადგენს. სსიპ შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, ჰ. ბ-ის მიმართ გამოყენებული სანქცია კანონიერია და არ ეწინააღმდეგება ზაკ-ის მე-7 მუხლს. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნებზე და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უფრო მსუბუქი სანქცია (1000 ლარიანი ჯარიმა და საქონლის ჩამორთმევა) ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის პრევენციას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილსისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გასაჩივრებული გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2019 წლის 8 მაისს, რაც დასტურდება გზავნილზე არსებულ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბეჭდითა და ხელმოწერით (ს.ფ. 94). ასევე, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 2019 წლის 28 მაისს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული საქალაქო სასამართლოს შტამპითა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართვით (ს.ფ. 97). ამასთან, თავად სააპელაციო საჩვარი დათარიღებულია 2019 წლის 24 მაისით, რაც დამატებით ადასტურებს სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანას.
განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე - 61-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 9 მაისს და ამოიწურა 2019 წლის 22 მაისს (ოთხშაბათი) 24:00 საათზე, სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 28 მაისს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა კანონით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი აღადგინოს ან გააგრძელოს იგი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე