Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-7(2კ-20) 27 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს გენერალური პროკურატურა; თავდაპირველი მოპასუხეები - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური; მესამე პირი (სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).

2018 წლის 3 აპრილს ზ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის - 15 000 ლარის და მორალური ზიანის - 10 000 ლარის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის მატერიალური ზიანის - 20 000 ლარის და მორალური ზიანის - 5 000 ლარის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მატერიალური ზიანის - 5 000 ლარის და მორალური ზიანის - 15 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას ზ. მ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 10 000 (ათი ათასი) ლარის და მატერიალური ზიანის - 2 000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურება დაეკისრა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ზ. მ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის: ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას ზ. მ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 10 000 (ათი ათასი) ლარის და მატერიალური ზიანის - 2 000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურება დაეკისრა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მიერ, ახალი გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა. თავად მოსარჩელეს - ზ. მ-ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება ზ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაშია შესული. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი საქმე განიხილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა გასაჩივრებულ ნაწილში - ზ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს - ზ. მ-ეს არ უსარგებლია მისი საპროცესო უფლებამოსილებით (გასაჩივრების უფლებით) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, აღნიშნული გადაწყვეტილება მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩეს ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე