Facebook Twitter

#ბს-895(კ-19) 23 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 5 მაისს მ. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის მისთვის მიყენებული ზიანის - 7 526.40 ლარის ანაზღაურების, კერძოდ, 2013 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის აპრილამდე, ყოველთვიურად 179.20 ლარის ოდენობით, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1993 წლიდან მუშაობდა ქ. …ის საკუთრების დაცვის პოლიციის მე-... ...ში ...ად, ხოლო 1996 წლიდან 2013 წლამდე - შსს-ს სხვადასხვა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2013 წლის ოქტომბერში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა გაუგზავნა შეტყობინება, რომლის თანახმად, იგი 2013 წლის 16 სექტემბრიდან დათხოვნილი იყო შსს-ს ორგანოებიდან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან 2013 წლის ნოემბერში მიმართა განცხადებით შსს-ს და მოითხოვა კომპენსაციის დანიშვნა წელთა ნამსახურების გამო, რასთან დაკავშირებითაც განემარტა, რომ დეპარტამენტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა. მოსარჩელემ აღნიშნული წერილი გაასაჩივრა სასამართლოში. მოსარჩელე მიუთითებს კანონიერ ძალაში შესულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას, შესაბამისად, 2013 წლის 9 დეკემბერს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უკანონოდ ეთქვა უარი, რის გამოც მიადგა ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში ჩაება მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 7 168 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანების #2 დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-15 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ კომპენსაციის დანიშვნაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო კომპენსაციის დასანიშნად წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალი მოიცავს წელთა ნამსახურობის შესახებ ნუსხას, რომლის გაცემაზე კომპეტენტურია მოპასუხე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების არამართლზომიერების შესახებ და განმარტა, რომ კომპენსაციის დანიშვნისათვის უმთავრეს დოკუმენტს წელთა ნამსახურობის შესახებ ნუსხა წარმოადგენს, რომლის გაცემაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოვალეობას განეკუთვნება, აღნიშნული ვალდებულების სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება კი, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის, რაც ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს 2013 წლის 9 დეკემბრის #2509937 წერილის უკანონობა, რომლითაც მ. წ-ს უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე, დადგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის #3ბ/160-16 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა წელთა ნამსახურობის დაანგარიშება, რომელშიც უნდა ჩათვლილიყო 1993 წლის 6 იანვრიდან 1996 წლის 1 ივლისამდე მ. წ-ის დაცვის პოლიციაში მუშაობის პერიოდი. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსარჩელეს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია შსს ხაზით 2017 წლის 1 აპრილიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, კომპენსაციის დანიშვნა და ანაზღაურება წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილებას. შესაბამისად, მოცემულ დავაში კასატორი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს არასათანადო მოპასუხედ განიხილავს და აღნიშნავს, რომ დეპარტამენტს სასამართლო დავალების შესაბამისად გაცემული აქვს გაანგარიშება, რის შემდეგაც სააგენტო ვალდებულია გასცეს კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია. ხოლო თუ ის არ ასრულებს მის ვალდებულებას, დეპარტამენტი ვერ იქნება პასუხისმგებელი სააგენტოს ვალდებულების შეუსრულებლობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს 2013 წლის 9 დეკემბრის #2509937 წერილით, მ. წ-ს, მის მიერ 26 ნოემბერს წარდგენილი #2417780 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ვინაიდან იგი ვერ აკმაყოფილებდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის (სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები) პირობებს, დეპარტამენტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ნოემბრის #3/4039-15 გადაწყვეტილებით მ. წ-ის სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დავალებოდა ნამსახურობის წელთა დაანგარიშება - 1993 წლის 6 იანვრიდან 1996 წლის 1 ივლისამდე დაცვის პოლიციაში მუშაობის პერიოდის ჩათვლით, არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის #3ბ/160-16 გადაწყვეტილებით კი, მ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა მ. წ-ის წელთა ნამსახურობის დაანგარიშება, რომელშიც უნდა ჩაეთვალა 1993 წლის 6 იანვრიდან 1996 წლის 1 ივლისამდე დაცვის პოლიციაში მუშაობის პერიოდი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის #ბს-754-746(კ-16) განჩინებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ ქ. რუსთავის საკუთრების დაცვის განყოფილების უფროსის 1993 წლის 12 იანვრის ბრძანებით, 1993 წლის 6 იანვრიდან მ. წ-ი დაინიშნა ქ. ...ის ...ის ...ს ...ის ... ...ში, .... ასევე დადგენილია, რომ დაცვის სამსახურის 1996 წლის 16 აგვისტოს #95პ/შ ბრძანებით, 1996 წლის 1 ივლისიდან მ. წ-ი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის დაცვის სამსახურის „...ის“ ...ის ...ის ...ის ...ის ...დ და ამავე ბრძანებით 1996 წლის 1 ივლისიდან მიენიჭა სპეციალური წოდება - პოლიციის .... ამასთან, იგი შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა 2013 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქმედებით, კერძოდ, წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უარის თქმით მას მიადგა ზიანი.

სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლით (ამჟამად მოქმედი 18.4 მუხლი), რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს 2013 წლის 9 დეკემბრის #2509937 წერილის უკანონობა, რომლითაც მ. წ-ს უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე, დადგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის #3ბ/160-16 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა წელთა ნამსახურობის დაანგარიშება, რომელშიც უნდა ჩათვლილიყო 1993 წლის 6 იანვრიდან 1996 წლის 1 ივლისამდე მ. წ-ის დაცვის პოლიციაში მუშაობის პერიოდი. დადგენილია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსარჩელეს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია შსს-ს ხაზით 2017 წლის 1 აპრილიდან.

შესაბამისად, სადავო პერიოდში მოსარჩელემ ვერ მიიღო სახელმწიფო კომპენსაცია იმის გამო, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მას უარი უთხრა წელთა ნამსახურობის გაანგარიშების ცნობის მომზადებაზე, რათა წარედგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. მოსარჩელის მიერ მიუღებელი კომპენსაცია გამოწვეულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებით. შესაბამისად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მართებულად დაეკისრა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერების თაობაზე, რასთან მიმართებითაც მიუთითებს მსგავს საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის #ბს-810(კ-18) განჩინებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს/კ 211350928) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.04.2019წ. №298306 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 358.40 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს/კ 211350928) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.04.2019წ. №298306 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 358.40 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი