Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე ბს-1382(გ-19) 5 თებერვალი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა გ. კ-ის სარჩელის, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებს შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. კ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის - ცეცხლსასროლი იარაღის გამოთხოვის მოთხოვნით. საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას, მოპასუხედ, ასევე, მიეთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2014 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო ანტიკვარული იარაღი (ოქროს დეტალებით) - “SAUER SOHN, SEHL”, სერიული ნომრით .... მოსარჩელე აღნიშნულ ნივთს ინახავდა საცხოვრებელ სახლში, დაცულ ადგილას. ვინაიდან იარაღი არ იყო რეგისტრირებული, მოსარჩელემ გადაწყვიტა, მიემართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის. 2018 წლის 8 აგვისტოს მოსარჩელემ მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს იარაღის რეგისტრაცია-გადაფორმების მიზნით. იმავე დღეს გ. კ-ს უარი ეთქვა იარაღის რეგისტრაციაზე, ვინაიდან იარაღს აღენიშნებოდა სავარაუდო ფიზიკური ზემოქმედებისა და გადაკეთების კვალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე. გამომძიებლის მიერ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გ. კ-ისგან ამოღებულ იქნა რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური ბალისტიკური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღი - “SAUER SOHN, SEHL”-ის ფირმის შტუცერი მიეკუთვნებოდა გლუვლულიან სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, დადგინდა, რომ იარაღი იყო სახეშეცვლილი, რეგისტრირებული არასდროს ყოფილა და არც ძებნილი იარაღის მონაცემთა ბაზაში იმყოფებოდა აღრიცხვაზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2018 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით გ. კ-ის მიმართ შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ნიშნების არარსებობის გამო. ამავე დადგენილებით ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოერთვა გ. კ-ს და გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. კ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონმდებობას, რომლის საფუძველზეც არის აღმოცენებული დავა, დავის არსს და საგანს, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათს. ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს, გარდა იმ ფაქტისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი და ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, სახეზეა საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობა. ამდენად, სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოცემულ შემთხვევაში მიიჩნია, რომ ვინაიდან საგამოძიებო ორგანოს ქმედება ვერ მოექცა სისხლის სამართლის კანონმდებლობით რეგულირებულ სფეროში, ხოლო სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს საჯარო, კერძოდ კი, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, დავა ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქმე, გ. კ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ დავის შინაარსის განსაზღვრის მიზნებისათვის აუცილებელია სამართალსუბიექტობის პრინციპის დაცვა, თუმცა ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის უმთავრესი და აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნაა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მოპასუხე მხარედ მითითებულია ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს როგორც სისხლის საპროცესო (81-ე მუხ.), ასევე სამოქალაქო საპროცესო/მატერიალური კანონმდებლობიდან და საკითხზე მსჯელობისას გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს სწორედ სამოქალაქო კოდექსის მარეგულირებელ ნორმებს. ამდენად, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების თაობაზე სწორედ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსჯადობა განსაზღვრავს სასამართლოთა შორის საქმეების განაწილების წესს, ანუ ადგენს, სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე კონკრეტულად რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვეტოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს ქვემდებარე სამოქალაქო დავების კატეგორიებს, ხოლო უწყებრივად სასამართლოს ქვემდებარე ადმინისტრაციული დავების რეგლამენტაცია მოცემულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში. მოცემულ ზოგად წესებთან ერთად, კანონმდებლობა, გარკვეული კატეგორიის დავების თავისებურებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს განსჯადობის არაერთ სპეციალურ წესს. განსჯადობის სპეციალური წესები საერთო განსჯადობასთან მიმართებით ექსკლუზიური (გამომრიცხავი) ხასიათისაა, რაც გულისხმობს სპეციალური წესის დამდგენი ნორმების უპირატესობის მინიჭებით განსჯადობის საერთო წესების გამორიცხვას. სპეციალური ანუ განსაკუთრებული განსჯადობის შემთხვევაში იმპერატიულად განისაზღვრება კონკრეტული დავის განმხილველი განსჯადი სასამართლო. სწორედ ასეთ სპეციალურ წესს ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლი. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ დასახელებული მუხლით კონკრეტულად მოწესრიგებულია ნივთიერი მტკიცებულების საკითხი სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ნივთიერი მტკიცებულების შესახებ დავის შემთხვევაში ითვალისწინებს განსჯადობის სპეციალურ წესს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს დავის სამოქალაქო სამართლის რეგულირების ფარგლებში მოქცევას, თუკი იგი სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შედეგად ნივთიერი მტკიცებულების პირისათვის მიკუთვნებასთან არის დაკავშირებული.

მოცემულ შემთხვევაში კი უდავოა, რომ შესაბამის სამსახურს სადავო ნივთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მე-2 განყოფილებაში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შეწყვეტის შედეგად გადაეცა. ასევე, ცალსახაა, რომ დავის საგანი მოსარჩელისათვის გამოძიების ფარგლებში ჩამორთმეული ნივთის - ცეცხლსასროლი იარაღის დაბრუნებაა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დავის სხვადასხვა ასპექტის სინთეზური ანალიზისა და სპეციალური რეგულირების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელიც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსით და ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას. შესაბამისად, მოცემული დავა საგნობრივი (გვარეობითი) განსჯადობის თვალსაზრისით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია. აქედან გამომდინარე, საქმე განსახილველად უნდა გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს დავა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე, გ. კ-ის სარჩელისა გამო, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე