№ბს-16(კ-20) 25 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 3 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2015 წლის 18 ნოემბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე 27 946,85 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „...იმ“ (ს/ნ ...) განახორციელა ...ის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები და 2015 წლის 18 ნოემბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე, არამარლთზომიერად სარგებლობდა და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ..., ...ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ (ს/კ ...). შპს „...ს“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ძირითადი მასალები და ავტოსატრანსპორტო საშუალებები განთავსებული ჰქონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 დეკემბრის №12/71561 და 2017 წლის 12/11428 წერილებით შპს „...ი“ გაფრთხილებულ იქნა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე, თუმცა მოპასუხის მიერ 2015 წლის 10 დეკემბრის №12/71561 წერილის საფუძველზე გადახდილ იქნა მხოლოდ ათი დღის სარგებლობის საფასური 922,2 ლარი, ვინაიდან შპს „...ი“ აღარ სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 01 დეკემბრის №007208515 დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ №..., (მდებარე: ქალაქი ..., ...ს ქუჩა N..-ისმიმდებარედ მდებარე შენობის №1 საერთო ფართი 595,9 კვ/მ, შენობა №2 საერთო ფართი 13,3 კვ/მ, შენობა №3 საერთო ფართი 166,3 კვ/მ, შენობა №4 საერთო ფართი 40,3 კვ/მ, შენობა №5 - აუზი, შენობები №6, №7, №8) წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 33200 ლარს, ხოლო მოპასუხესთან მიმართებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობის საფასური შეადგენს 2015 წლის 18 ნოემბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე 27 946,85 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...ი“ 2007 წლის 02 აპრილს დარეგისტრირდა მეწარმე სუბიექტად, რომლის სამართლებრივი ფორმა არის - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ს/კ - ..., იურიდიული მისამართი - საქართველო, ქ. ..., ...ოს რაიონი, ...ას ქუჩა N....
უძრავი ქონება, მდებარე ქ. ..., ...ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ მდებარე ს/კ №..., შენობა №1 საერთო ფართი 595,9 კვ/მ, შენობა №2 საერთო ფართი 13,3 კვ/მ, შენობა №3 საერთო ფართი 166,3 კვ/მ, შენობა №4 საერთო ფართი 40,3 კვ/მ, შენობა №5 - აუზი, შენობები №6, №7, №8 საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2017 წლის 06 მარტის №1015-3 წერილით დგინდება, რომ შპს „...იმ“ (ს/ნ ...) 2014 წლის 12 აგვისტოდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე განახორციელა ...ის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები და სამეწარმეო საქმიანობისთვის არამარლთზომიერად სარგებლობდა და იყენებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე; ..., ...ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ (ს/კ №...).
შპს „...ის’’ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ძირითადი მასალები და ავტოსატრანსპორტო საშუალებები განთავსებული ჰქონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 დეკემბრის №12/71561 და 2017 წლის 10 მარტის №12/11428 წერილებით შპს „...ი“ გაფრთხილებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად. თუმცა მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა მხოლოდ 922,2 ლარი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 01 დეკემბრის №007208515 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქალაქი ..., ...ს ქუჩა N..-ისმიმდებარედ მდებარე უძრავი ქონების (ს/კ №..., შენობა №1 საერთო ფართი 595,9 კვ/მ, შენობა №2 საერთო ფართი 13,3 კვ/მ, შენობა №3 საერთო ფართი 166,3 კვ/მ, შენობა №4 საერთო ფართი 40,3 კვ/მ, შენობა №5 - აუზი, შენობები №6, №7, №8) წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 33200 ლარს.
საპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა’’ პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, იმავე მუხლის „ბ’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იმავე მუხლის „გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო იმავე მუხლის „შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ასევე „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტით, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 2015 წლის 27 სექტემბერს და ექსპერტის მიერ 2015 წლის 30 ნოემბერს გადაღებული ფოტოსურათებით შეუძლებელია დადგინდეს 2015 წლის 18 ნოემბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე შპს „...ის“ მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტი, ვინაიდან ფოტოსურათებით ვერ დგინდება, თუ რა სახის სამშენებლო მასალები იყო განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ეკუთვნოდა თუ არა ის შპს „...ის“, ამასთან ექსპერტიზა ჩატარებულ იქნა კონკრეტული მიზნით, წლიური საიჯარო ქირის ღირებულების დასადგენად და ექსპერტს არ შეუფასებია ფართში განთავსებული მასალის კუთვნილება და მიზნობრიობა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2017 წლის 6 მარტის №1015-3 წერილში განმარტებულია, რომ შპს „...იმ“ კონტრაქტის ფარგლებში განახორციელა ...ის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის 12 აგვისტოდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე, თუმცა არნიშნული გარემოებით, უდავოდ არ დასტურდება, რომ ამ პერიოდში ქ. ...ში, ...ის ქ.N...-ის მიმდებარედ შენობა-ნაგებობებით სარგებლობდა შპს „...ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება შპს „...ის“ მიერ 2015 წლის 18 ნოემბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ..., ...ს ქუჩა N..-ისმიმდებარედ (ს/კ ...) სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი. თუმცა კასატორის აღნიშვნით, აღნიშნული გარემოება ეწინააღმდეგება უშუალოდ სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მოპასუხე შპს „...იმ" ნაწილობრივ აღიარა ვალდებულების არსებობა, კერძოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 დეკემბრის №12/71561 და 2017 წლის 10 მარტის №12/11428 წერილებით შპს „...ი“ გაფრთხილებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა მხოლოდ 922,2 ლარი.
კასატორის მოსაზრებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მოცემულ შემთხვევაში კი შპს „...იმ" ათი დღის თანხის გადახდით აღიარა ვალდებულების არსებობა. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მხოლოდ ათი დღის განმავლობაში სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთით მას მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ არსებითად არ შეფასებულა შპს „...სა“ (დამქირავებელი) და შპს „ტ...ს“ შორის 2015 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით დამქირავებელს გადაეცა უძრავი ქონება, ...ში ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ფართი (9648 კვ.მ. ფართი ს/კ ...) და არა ...ში, ხოლო იგი შესაბამის სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ქალაქ ...ში, სადაც მდებარეობს სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდი: (ს/კ ...). სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ შპს „...სა" (დამქირავებელი) და შპს „ტ...ს" (გამქირავებელი) შორის ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 15 დეკემბერს, ხოლო სადავო ურთიერთობა წარმოშობილია 2015 წლის 18 ნოემბრიდან.
კასატორის მითითებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2017 წლის 06 მარტის №101553 წერილით დგინდება, რომ შპს „...იმ“ (ს/ნ ...) კონტრაქტის ფარგლებში განახორციელა ...ის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2014 წლის 12 აგვისტოდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად სასამართლომ განმარტა, რომ ეს გარემოება უდავოდ არ ადასტურებდა შპს „...ის“ მიერ ამ პერიოდში, ...ში, ...ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ არსებული (ს/კ ... მდებარე) შენობა-ნაგებობებით სარგებლობის ფაქტს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ექსპერტიზის ჩატარების მიზნისა, ექსპერტიზის დასკვნაზე დართული დოკუმენტაციით (ფოტომასალით) და ასევე 2015 წლის 27 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გადაღებული ფოტომასალით დასტურდება სახელმწიფოს საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ნივთზე შპს „...ის" მიერ უკანონო სარგებლობის ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შპს „...ის“ მიერ 2015 წლის 18 ნოემბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის დადგენა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის „გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის „შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
„სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ. იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების - ფოტოსურათების, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2017 წლის 6 მარტის №1015-3 წერილისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 1 დეკემბრის დასკვნის, ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთობლიობაში ვერ ადასტურებენ შპს „...ის“ მიერ 2015 წლის 18 ნოემბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტს, რადგან სააგენტოს თანამშრომლების 2015 წლის 27 სექტემბერს და ექსპერტის 2015 წლის 30 ნოემბერს გადაღებული ფოტოსურათებით შეუძლებელია დადგინდეს 2015 წლის 18 ნოემბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტი, ხოლო რაც შეეხება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2017 წლის 06 მარტის №1015-3 წერილს, მართალია მასში განმარტებულია, რომ შპს „...იმ“ (ს/ნ ...) კონტრაქტის ფარგლებში განახორციელა ...ის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2014 წლის 12 აგვისტოდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე, თუმცა აღნიშნული გარემოებით არ დასტურდება ამ პერიოდში შპს „...ის“ მიერ ქ. ...ში, ...ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ არსებული (ს/კ #...) შენობა-ნაგებობებით სარგებლობის ფაქტი. უფრო მეტიც, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 1,2,4 დეკემბრის სასაქონლო ზედნადებები, რომელიც ადასტურებს სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალების ...დან ...ში გადაზიდვის ფაქტს.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მტკიცების ტვირთი ვერ იქნა დაძლეული, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული შპს „...ის“ მიერ 2015 წლის 18 ნოემბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე სახელმწიფო საუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ..., ...ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ (ს/კ ...)) სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (21.02.19წ. #ბს-1449(კ-18); 16.04.19წ. #ბს-41(კ-19)).
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე