Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-89(კ-20) 18 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

25.10.2018წ. ს. თ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 21.09.2018წ. N01/5075-ს წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტოსათვის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის საკომპენსაციო თანხის - 125 580 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ცხოვრობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ...ოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში, ოჯახთან ერთად. მისი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მეწყერულ ზონაში, რაც დასტურდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 19.04.2005წ. გაცემული დასკვნით. აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ სხვა პირებთან ერთად, იგი ექვემდებარება საცხოვრებელი ადგილიდან განსახლებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 12.02.2018წ. N03-01/03-4162 წერილში მითითებულ იქნა, თითქოს მას არ მიუმართავს სამინისტროსათვის, საცხოვრებელი სახლის მიღების მოთხოვნით, შესაბამისად, იგი არ ფიქსირდება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტ) ოჯახთა ერთიან მონაცემთა ბაზაში და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა. მოსარჩელის განმარტებით, ამგვარი მითითების საფუძველი არ არსებობდა, იმ პირობებში, როდესაც ოჯახთან ერთად უწევს მომეტებული საფრთხის შემცველ, მეწყერულ ზონაში ცხოვრება. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მთლიანი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 125 580 ლარს. სამინისტროს სწორედ მითითებული თანხის, როგორც კომპენსაციის მიღების მოთხოვნით მიმართა, თუმცა 21.09.2018წ. უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.04.2019წ. გადაწყვეტილებით ს. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2019წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. თ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.04.2019წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის სტიქიური მოვლენის - მეწყერის შედეგად დაზიანდა ს. თ-ის საცხოვრებელი სახლი და მას დღემდე არ მიუღია რაიმე სახის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 30.11.2017წ. N37/8196 წერილის მიხედვით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ...ოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში მცხოვრები ს. თ-ის საცხოვრებელი სახლი, მიმდინარე წლის …-… …ს განვითარებული სტიქიური პროცესების (მეწყერის) ზემოქმედების შედეგად, მკვეთრად დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისია. ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, საჭიროა მისი ოჯახი გადაყვანილ იქნეს გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე. აღნიშნულ ოჯახს არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი. სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა 21.01.2018წ. შეადგინა გადამოწმების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ ს. თ-ის სახლს აღენიშნება ბზარები, განვითარებული მეწყერით. მეწყერული პროცესები დაწყებულია 1970 წლებიდან და დღემდე აქტიურია. ს. თ-ის განმარტებით, იგი უარს აცხადებს 25000 ლარით დაკმაყოფილებაზე და ითხოვს სრულ კომპენსაციას. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,...ის“ 26.03.2018წ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ს. თ-ის საკუთრებაში არსებული, სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთებით და მრავალწლიანი ნარგავებით, შეფასებულია 125 580 ლარად.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. თ-ემ 18.09.2018წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. განმცხადებელმა, ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების ფარგლებში სარეიტინგო ქულის განსაზღვრა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირება. სამინისტროს 21.09.2018წ. N01/5075-ს წერილით არ დაკმაყოფილდა ს. თ-ის 18.09.2018წ. N93786 განცხადება. განმცხადებელს განემარტა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის კანონით განსაზღვრული პროცედურები და მათი დაცვით განცხადების წარდგენის აუცილებლობა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების სამართლებრივ დასაბუთებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე“ (დანართი №1). სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტის 1.2 მუხლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. 1.3 მუხლის თანახმად კი, ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში. აღნიშნული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 2.1 მუხლის თანახმად, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს, ამ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სამინისტროს მიერ შესყიდვის გზით. 2.2 მუხლის თანახმად კი, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. 2.8. მუხლის თანახმად, დეპარტამენტი/სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის შესაბამისად, ხოლო 2.10 მუხლის თანახმად, დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მითითებული “წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

პალატამ ასევე მიუთითა ზემოაღნიშნული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 4.1 მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის საკითხს კომისია განიხილავს ამ პროცედურის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 4.3 მუხლის თანახმად კი, კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას (ერთ საცხოვრებელ სახლზე არაუმეტეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი) და შესაბამისად, შესასყიდი სახლების მაქსიმალურ რაოდენობას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლის შესყიდვის საკითხის განხილვის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა სააგენტოსათვის შესაბამისი განცხადებით, სათანადო წარდგინებით და სხვა საჭირო დოკუმენტებით მიმართვა. ეკომიგრანტის განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის უფლება იმპერატიულად უკავშირდება უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლების განხორციელება დამოკიდებულია მისი მფლობელის ნებაზე. პირის უფლება სახელმწიფო დახმარებაზე, წარმოიშობა მის მიერ შესაბამისი განცხადებით და საჭირო დოკუმენტებით, კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის დღიდან და სწორედ ამ პერიოდიდან არის პირის მოთხოვნის უფლება ლეგიტიმური, რაც საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით და თავად მოსარჩელე მხარის განმარტებით დადასტურებულია, რომ ს. თ-ეს დადგენილი წესის დაცვით სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის დროისათვის არ შეუვსია შესაბამისი განცხადება, ამდენად, იგი არ იყო შეყვანილი ეკომიგრანტთა ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში და არ ჰქონდა მინიჭებული სარეიტინგო ქულა. ამასთანავე, მოსარჩელე უარს აცხადებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის მიზნით შეთავაზებული თანხით - 25 000 ლარით დაკმაყოფილებაზე და იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესათავაზებელი თანხის ოდენობის მაქსიმუმს, მოსარჩელე კომპენსაციას ითხოვს წარდგენილ დასკვნაში მითითებული ოდენობით (შპს ,,...ის“ 26.03.2018წ. ექსპერტიზის დასკვნით, ს. თ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შეფასებულია 125 580 ლარით). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, უსაფუძვლოა ასევე მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის სახით 125 580 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. თ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მის საცხოვრებელ სახლში ცხოვრებით გამოწვეული ზიანი და მოსალოდნელი საშიშროებები. საქმეს ერთვის 26.03.2018წ. ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მისი უძრავი ქონება შეფასებულია 125 580 ლარად (საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება). სწორედ ამ თანხის ფარგლებში მოითხოვა სამინისტროსაგან ზიანის ანაზღაურება, თუმცა უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ არ იყო რეგისტრირებული ერთიან ბაზაში და არ ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი ქულა. კასატორის მოსაზრებით, მითითებული ექსპერტიზის დასკვნა ასახავს ქონების რეალურ მდგომარეობას, რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2020წ. განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. თ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2005 წლის სტიქიური მოვლენის - მეწყერის შედეგად, დაზიანდა ს. თ-ის საცხოვრებელი სახლი და მას დღემდე არ მიუღია რაიმე სახის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 30.11.2017წ. N37/8196 წერილის მიხედვით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ...ოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში მცხოვრები ს. თ-ის საცხოვრებელი სახლი, მიმდინარე წლის 15-16 ოქტომბერს განვითარებული სტიქიური პროცესების (მეწყერის) ზემოქმედების შედეგად, მკვეთრად დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისია. ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, საჭიროა მისი ოჯახი გადაყვანილ იქნეს გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე. აღნიშნულ ოჯახს არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი. სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ 21.01.2018წ. შედგენილ გადამოწმების ოქმში მითითებულია, რომ ს. თ-ის სახლს აღენიშნება ბზარები, განვითარებული მეწყერით. მეწყერული პროცესები დაწყებულია 1970 წლებიდან და დღემდე აქტიურია. ს. თ-ე უარს აცხადებს 25 000 ლარით დაკმაყოფილებაზე და ითხოვს სრულ კომპენსაციას. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,...ის“ 26.03.2018წ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ს. თ-ის საკუთრებაში არსებული, სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთებით და მრავალწლიანი ნარგავებით, შეფასებულია 125 580 ლარად.

18.09.2018წ. ს. თ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. განმცხადებელმა, წარდგენილი შპს ,,...ის“ 26.03.2018წ. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოითხოვა სარეიტინგო ქულის განსაზღვრა მის საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების ფარგლებში და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირება. სამინისტროს 21.09.2018წ. N01/5075-ს წერილით არ დაკმაყოფილდა ს. თ-ის 18.09.2018წ. N93786 განცხადება. განმცხადებელს განემარტა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის კანონით განსაზღვრული პროცედურები და მათი დაცვით განცხადების წარდგენის აუცილებლობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე“ (დანართი №1). აღნიშნული „პროცედურის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 2.1 მუხლის თანახმად, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებას სამინისტრო ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის სამინისტროს მიერ შესყიდვის გზით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ყოველწლიურად სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე გადაწყვეტილებას იღებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია.

მითითებული „პროცედურის“ 2.8. მუხლის თანახმად, სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის შესაბამისად, ხოლო 2.10 მუხლის თანახმად, დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას, განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამავე „პროცედურის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 4.1 მუხლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია განიხილავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის საკითხს, ამ პროცედურის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 4.3 მუხლის თანახმად კი, კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას (ერთ საცხოვრებელ სახლზე არაუმეტეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი) და შესაბამისად, შესასყიდი სახლების მაქსიმალურ რაოდენობას.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საცხოვრებელი სახლის შესყიდვის საკითხის განხილვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სათანადო ორგანოში განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა. სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ ეკომიგრანტის განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის უფლება უკავშირდება შესაბამისი განცხადებით მიმართვის ფაქტს. უფლების განხორციელება დამოკიდებულია მისი მფლობელის ნებაზე. პირის უფლება სახელმწიფო დახმარებაზე, წარმოიშობა მის მიერ შესაბამისი განცხადებით და საჭირო დოკუმენტებით, კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის დღიდან. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით და თავად მოსარჩელე მხარის განმარტებით დადასტურებულია, რომ ს. თ-ეს დადგენილი წესის დაცვით არ შეუვსია შესაბამისი განცხადება, ამდენად, იგი არ არის შეყვანილი ეკომიგრანტთა ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა. ამასთანავე, მოსარჩელე უარს აცხადებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის მიზნით შეთავაზებული თანხით - 25 000 ლარით დაკმაყოფილებაზე, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესათავაზებელი თანხის ოდენობის მაქსიმუმს. მის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა (შპს ,,...ის“ 26.03.2018წ. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული 125 580 ლარი) აღემატება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესათავაზებელი თანხის ოდენობის მაქსიმუმს, რაც გამორიცხავს მითითებულზე მეტი ოდენობით კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობას. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, ს. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე