საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-101(კ-20) 18 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 16 ოქტომბერს ზ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში 4 - წლიანი კონტრაქტის საფუძველზე იმყოფება 2010 წლის მარტიდან, მომდევნო კონტრაქტი სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ გაფორმდა 2012 წლის 8 ოქტომბერს, 2016 წლის 8 ოქტომბერს კვლავ გაფორმდა კონტრაქტი მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის. კონტრაქტებს შორის წყვეტა არ ყოფილა 2 წელზე მეტი ვადით.
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 7 მარტის №33464 კონტრაქტის პირველი მუხლის თანხმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებს ხელშეკრულების განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად იმსახუროს სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში, ხოლო სამინისტრო ვალდებულებას იღებდა აენაზღაურებინა სამხედრო მოსამსახურისთვის შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადად განისაზღვრა 4 წელი, ვადის ათვლა დაიწყო კონტრაქტის დადების თარიღიდან, რომელიც იმავდროულად ითვლება ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად. აღნიშნული პირობით გაფორმდა 2012 წლის 8 ოქტომბრის №50264 და 2016 წლის 8 ოქტომბრის №3796/16 კონტრაქტებიც. მოსარჩელის განმარტებით, მას შემდეგ რაც კონტრაქტის შესაბამისად, იმსახურა 4 წლის ვადით და კონტრაქტი შეწყდა ვადის გასვლის გამო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოეშვა უფლება მიეღო ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, რის გამოც მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ არანაირი მოქმედება თავდაცვის სამინისტროს არ განუხორციელებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების 7 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე - ზ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა- 7 000 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ა-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 07.03.2006წ. 4 წლის ვადით დაიდო კონტრაქტი, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ასევე დადგენილია, რომ ზ. ა-მა 07.03.2006წ. გაფორმებული კონტრაქტი N... დაასრულა 07.03.2010წ. ზ. ა-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 07.03.2010წ. კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) ოთხი წლის ვადით, ...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, თუმცა აღნიშნული პირი 2012 წლის 5 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) და მას ვადაზე ადრე შეუწყდა კონტრაქტი. 08.10.2012წ. ზ. ა-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 4 წლის ვადით კვლავ დაიდო ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი, რომლის ვადაც ამოიწურა 2016 წლის 8 ოქტომბერს. ამავე თარიღით, ზ. ა-სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი ...ის თანმდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ამდენად, უდავოა, რომ 2009 წლის 1 მარტის შემდგომ, მოსარჩელე ზ. ა-მა, კონტრაქტის საფუძველზე, 4 წლის ვადით კვლავ გააგრძელა სამხედრო სამსახური.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებიდან გამომდინარე, მართებულად მიიჩნია, საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ ზ. ა-ს 2016 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული კონტრაქტის შემდგომ წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.
სააპელაციო პალატის მითითებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.2017წ. №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში. ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 10 მარტიდან. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მოცემულ შემთხვევაში - ვალდებულებაზე, ვინაიდან „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს უკუძალა დადგენილი არ არის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, მოსარჩელე ზ. ა-ისათვის აენაზღაურებინა ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, წარმოიშვა 2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე, რამდენადაც მან 4 - წლიანი კონტრაქტის საფუძველზე (რომელიც გაფორმდა 2009 წლის 1 მარტის შემდგომ), 4 წლით გაიარა სამხედრო სამსახური და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების ფარგლებში და იგი არ შეიძლება გაუქმდეს, მისი წარმოშობის შემდგომ გამოცემული ნორმატიული აქტით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სამხედრო მოსამსახურეს მიეცეს ერთჯერადი დახმარება, სახეზე ერთდროულად უნდა გვქონდეს ორი პირობა: 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ მას უნდა ჰქონდეს გაგრძელებული და დასრულებული სამხედრო სამსახური ორი, ოთხი ან რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და ამავდროულად ამ კონტრაქტის გაფორმებამდე უნდა ჰქონდეს ნამსახურები 471 პუნქტის „ა" „ბ" ან „გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით. ზ. ა-მა 2010 წელს, 4 წლის ვადით გააფორმა კონტრაქტი, რომელიც არ დასრულებულა და შეწყდა 2012 წელს, ასევე 2012 წელს გააფორმა კონტრაქტი 4 წლის ვადით, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, ხოლო 2016 წელს გააფორმა კონტრაქტი 4 წლის ვადით, რომელიც არ არის დასრულებული.
სასამართლომ განმარტა, რომ ერთჯერადი გასაცემლის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური - 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული. ამის მიუხედავად, სასამართლომ მაინც დააკმაყოფილა სარჩელი და მიუთითა, რომ ზ. ა-ს ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2016 წლის 8 ოქტომბერს, რაც არ შეესაბამება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 პუნქტის მოთხოვნებს, რადგან ამ პუნქტიდან გამომდინარე, სავალდებულოა ორი 4 - წლიანი კონტრაქტი იყოს გაფორმებული და დასრულებული, ასევე კონტრაქტებს შორის წყვეტა არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი (ამავე დროს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდგომ უნდა ჰქონდეს ახალი კონტრაქტი არა მხოლოდ გაფორმებული, არამედ დასრულებული, სწორედ კონტრაქტის დასრულების ფაქტს უკავშირდება თავდაცვის მინისტრის N560 ბრძანების მიხედვით ერთჯერადი დახმარების გაცემა და მხოლოდ ახალი კონტრაქტის გაფორმება ერთჯერადი დახმარების გაცემის საფუძველი არ არის). კასატორის განმარტებით, ზ. ა-ს 2016 წელს გაფორმებული კონტრაქტი არ დაუსრულებია, შესაბამისად, მას არ წარმოშობია ერთჯერადი დახმარების მიღების საფუძველი. ზ. ა-ი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 პუნქტის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს ერთჯერადი დახმარების გაცემის როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების (ძალადაკარგულია - 15.01.2018წ.) 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ერთჯერადი გასაცემლის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.
საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, დადგენილია, რომ ზ. ა-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 07.03.2006წ. 4 წლის ვადით დაიდო კონტრაქტი, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ასევე დადგენილია, რომ ზ. ა-მა 07.03.2006წ. გაფორმებული კონტრაქტი N... დაასრულა 07.03.2010წ. რაც დასტურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 23 იანვრის №MOD 01900066455 წერილით. ზ. ა-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 07.03.2010წ. კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) ოთხი წლის ვადით, ...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, თუმცა აღნიშნული პირი 2012 წლის 5 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) და მას ვადაზე ადრე შეუწყდა კონტრაქტი. 08.10.2012წ. ზ. ა-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 4 წლის ვადით კვლავ დაიდო ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი, რომლის ვადაც ამოიწურა 2016 წლის 8 ოქტომბერს. ამავე თარიღით, ზ. ა-სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი ...ის თანმდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ამდენად, უდავოა, რომ ზ. ა-მა პირველი კონტრაქტი გააფორმა 2006 წლის 7 მარტს, შემდგომ 2010 წლის 7 მარტს, რომელიც შეწყდა ვადაზე ადრე 2012 წლის 5 სექტემბერს, მაგრამ იმავე წლის 8 ოქტომბერს კვლავ დაიდო ხელშეკრულება, რომლის 4 წლიანი ვადაც ამოიწურა 2016 წლის 8 ოქტომბერს და იმავე თარიღით კვლავ გაფორმდა ახალი კონტრაქტი, რომლის 4 წლიანი ვადის გაუსვლელობაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ იქონიებს გავლენას კონკრეტული დავის გადაწყვეტაზე, ვინაიდან, ზ. ა-ს 2016 წლის 8 ოქტომბრის კონტრაქტის გაფორმებამდე, სამხედრო სამსახური 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე გავლილი ჰქონდა ორჯერ და კონტრაქტებს შორის წყვეტა არ იყო 2 წელზე მეტი.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეტენზიას, რომ 08.10.2012წ. ზ. ა-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ კონტრაქტში ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულება არ იყო გათვალისწინებული, რის გამოც არ არსებობის მოსარჩელისათვის ერთჯერადი დახმარების მიცემის საფუძველი და განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტს #14 ბრძანებით შეტანილი ცვლილების შესაბამისად გახდა სავალდებულო კონტრაქტის პირობებში ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების გათვალისწინება. ცლილებამდე კანონმდებლობა ამგვარ დანაწესს არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, ვინაიდან, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ აქტით. მოცემულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის უკუძალა დადგენილი და განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7 000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე