Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-158(კ-20) 18 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 5 მარტს ი. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, 2009 წლის 31 მარტს მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №... ...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. 2013 წლის 31 მარტს მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კვლავ გაფორმდა კონტრაქტი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხდერო სამსახურის გავლის შესახებ 4 წლის ვადით.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 15 თებერვლის MOD 1 18 00154558 წერილით, უარი ეთქვა ერთჯერადი დახმარების გაცემაზე, რომელსაც ითვალისწინებდა მოქმედი კანონმდებლობა ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის მეორე კონტრაქტის ვადის დამთავრების შემდეგ, იმ საფუძვლით, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი არ ითვალისწინებს დახმარების გაცემას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების - 7 000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ი. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. ლ-ს შორის 2009 წლის 31 მარტს გაფორმდა N... ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, ი. ლ-მა იკისრა ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს თანხმობას, სპეციალიზაციის კურსის დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად, ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. ლ-ს შორის 2013 წლის 31 მარტს გაფორმდა N... ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, ი. ლ-მა იკისრა ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს კონტრაქტის ვადის განმავლობაში. მოსამსახურე უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს თანხმობას, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება სამსახურის გაგრძელების დღიდან (წინა კონტრაქტით დადგენილი ვადის ამოწურვიდან მე-2 დღე), რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. კონტრაქტის 3.2. პუნქტით, კონტრაქტის მოქმედებისა და სამსახურის გავლის ვადა, შეადგენს 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 15 თებერვლის MOD 1 18 00154558 წერილით, ი. ლ-ს მისი 2018 წლის 6 თებერვლის N119227 პატაკთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხს, ეცნობა, რომ მასთან 2013 წელს გაფორმებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2007 წლის 26 სექტემბერს მიღებულ იქნა №560 ბრძანება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”. აღნიშნული ბრძანების 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 - წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, აღნიშნული ბრძანების 472 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7 000 ლარი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე სწორად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ ი. ლ-თან დადებული კონტრაქტები არ შეესაბამება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და არ ითვალისწინებს ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის ვალდებულებას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სამხედრო სამსახური განახორციელა ორი კონტრაქტის საფუძველზე, მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 4-4 წლით და კონტრაქტებს შორის წყვეტას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე აკმაყოფილებდა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასზე გაცემულ უნდა იქნეს ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს პირთა უფლებების რეალიზაციასა და ხელშეწყობას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესის შეზღუდვა შეიძლება გამართლებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მიზანი აღემატება კონკრეტული პირის ინდივიდუალურ ინტერესს. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არამართლზომიერად განხორციელდა მოსარჩელის ინტერესების შეზღუდვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორის მითითებით, როგორც საქალაქო სასამართლომ ასევე სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 მუხლი, რომლის თანახმად იმისათვის, რომ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი გასაცემლის გაცემის ვალდებულება დადგეს აუცილებელია სახეზე იყოს შემდეგი წინაპირობები: კერძოდ, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე კონტრაქტის დასრულების შემდომ მასთან კვლავ უნდა იყოს გაფორმებული კონტრაქტი 4 - წლის ვადით (2009 წლის 1 მარტის ან მის შემდგომ) და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული, გარდა ამისა მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი უნდა ითვალისიწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამგვარი დახმარების ვალდებულებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული არც ერთი კონტრაქტი არ ითვალისწინებდა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. კასატორის განმარტებით, სწორედ აღნიშნული უნდა შეფასებულიყო სასამართლოების მიერ, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების (ძალადაკარგულია - 15.01.2018წ.) 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ერთჯერადი გასაცემლის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.

საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. ლ-ს შორის 2009 წლის 31 მარტს გაფორმდა N... ხელშეკრულება (კონტრაქტი),...ის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლის თანახმად სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 4 წელს, შემდგომი N... ხელშეკრულება (კონტრაქტი), „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 4 წლის ვადით გაფორმდა 2013 წლის 31 მარტს.

აღნიშნული გარემოებებით კი, დასტურდება, რომ მოსარჩელეს - ი. ლ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები შეესაბამება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 პუნქტით დადგენილ პირობას, რაც მართებულად გახდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო პრეტენზიას, ერთჯერადი დახმარების გაცემის კონტრაქტის პირობებით გათვალისწინების სავალდებულოობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანებაში და მას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემა იმ შემთხვევაში თუ ამგვარ ვალდებულებას კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რამეთუ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის უკუძალა დადგენილი არ არის, ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მოსაზრება ან დასაბუთება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #14 ბრძანებით განსაზღვრული ცვლილების გამოყენების აუცილებლობაზე. შესაბამისად მოსარჩელეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების მხოლოდ 471 და 472 პუნქტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ადასტურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7 000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრების მართებულობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე