Facebook Twitter

#ბს-644(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინება

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 21 მაისს ვ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხისთვის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტების) განსახლების მიზნით, მის სასარგებლოდ 20 000 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, მას მეუღლესთან ერთად ...ის რაიონის სოფ. ...ში საკუთრებაში ჰქონდა 2 195 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 47.20 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, სადაც ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ სამეურნეო საქმიანობას. მოსარჩელის მითითებით, 2014 წელს ...ის მუნიციპალიტეტში დაიწყო …ის მშენებლობა. აღნიშნული მშენებლობის საჭიროებიდან გამომდინარე კი, ამავე რაიონის სოფ. ...ოს ტერიტორიაზე განხორციელდა გვირაბის მშენებლობა, რამაც გამოიწვია მეწყერის წარმოშობა. მოსარჩელის მითითებით, მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მოჰყვა მეწყერულ ზონაში.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით …ის მშენებლობიდან გამომდინარე სოფ. ...ში გამოწვეული მეწყერის გამო შექმნილი გეოლოგიური პროცესების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის დასკვნაში აღნიშნულია ბ. შ-ის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ასევე პირდაპირ არის მითითებული, რომ ბ. შ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე აღინიშნება როგორც ძველი, ასევე ახალი, თანამედროვე მეწყერული სხეულები, რომლის მოწყვეტის საფეხური 1-1,5 მეტრამდეა, რამდენიმე ნაპრალია, ნაპრალის სიგრძე კი 50-60 მეტრია.

მოსარჩელის განმარტებით, მისმა მეუღლემ რამდენჯერმე მიმართა სამინისტროს და აცნობა, რომ საჭიროებდა დახმარებას, რის გამოც მოითხოვა მიეცათ მისთვის კომპენსაცია ან შეესყიდათ საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ასე გაგრძელდა 2 წელი, ბოლოს კი, 2016 წლის იანვარში სამინისტრომ შეატყობინა, რომ კომისიამ განიხილა ეკომიგრანტთა ოჯახების განსახლების საკითხი და 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნების გათვალისწინებით, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო იმ ოჯახებთან მიმართებით, რომელთა განცხადებასაც, კრიტერიუმების შესაბამისად, მინიჭებული ჰქონდა 18 და მეტი სარეიტინგო ქულა. მოსარჩელის მითითებით, ამავე წერილში აღნიშნული იყო, რომ მომავალში, როდესაც მიღებული იქნებოდა 14-ქულიანი ოჯახების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება, მაშინ დაკმაყოფილდებოდა მისი მეუღლის მოთხოვნაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე მოპასუხედ მიეთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა, ასევე გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების თაობაზე. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, რომ განსახლებას დაქვემდებარებული პირები არ დარჩნენ თავშესაფრით უზრუნველყოფის გარეშე.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, ხოლო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უნდა უზრუნველეყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას.

სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტი არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს, რომლის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის საფუძველზე, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს, ამ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სამინისტროს მიერ შესყიდვის გზით, ხოლო კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამასთან, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. დეპარტამენტი/სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) წარმოების წესის შესაბამისად. ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე განაცხადს ავსებს სამინისტროს/სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი მოხელე. დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების (შემდგომში – კრიტერიუმები) შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით.

ამავე წესის მე-3 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვ. შ-ის მეუღლემ - ბ. შ-ემ 2015 წლის 1 აპრილს დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხოლო 2017 წლის 29 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ აღნიშნული განაცხადი შეფასდა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და მიენიჭა წინასწარი 14 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიაში - 7 ქულა, პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო - 1 ქულა და იმ გარემოების გამო, რომ სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა საკუთრებაში - 6 ქულა, რის საფუძველზეც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მოსარჩელე ვ. შ-ის მეუღლეს 2016 წლის 13 იანვრის წერილობითი მიმართვით განუმარტა, რომ მოცემულ ეტაპზე, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდა ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 18-ს აღემატებოდა, ხოლო მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 14-ს. შესაბამისად, მისი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება განხორციელდებოდა მას შემდეგ, რაც 14 ქულის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების თაობაზე იქნებოდა გადაწყვეტილება.

საქმეში წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 ივნისის ცნობის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. შ-ის ოჯახი არ იყო სოფელ ...ს მუდმივი მაცხოვრებელი. იგი მუდმივად ცხოვრობდა ქ. ...ში. ამასთან, მოსარჩელე ვ. შ-ეს საკუთრებაში ჰქონდა 19 კვ.მ საცხოვრებელი ბინა ქ. ...ში, ...ის ქ. #...-ში. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ვ. შ-ე ბ. შ-ის მეუღლე და მისი პირველი რიგის მემკვიდრეა. ბ. შ-ე გარდაიცვალა 2017 წლის 3 აპრილს.

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ეკომიგრანტი ოჯახების განსახლებას და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ, არ არის ამოუწურავი, რის გამოც ყველა ეკომიგრანტის დაკმაყოფილება ერთდროულად ვერ იქნება განხორციელებული და კანონმდებელმა პრიორიტეტი მიანიჭა იმ ოჯახებს, რომლებიც მეტად საჭიროებენ განსახლებას დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ხოლო იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, განხილულ უნდა იქნეს ბოლო ეტაპზე.

სასამართლოს განმარტებით, ერთი მხრივ, ვინაიდან ვ. შ-ისა და ბ. შ-ის ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობდა სოფელ ...ში, მათ საკუთრებაში არსებულ, სტიქიური მოვლენების (მეწყრის) შედეგად დაზიანებულ სახლში, არ ჩაითვლება ეკომიგრანტ ოჯახად და ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, არ ექვემდებარება შესაბამის კომპენსირებას, ხოლო მეორე მხრივ, ვინაიდან მოსარჩელე ვ. შ-ეს საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ფართი, სადაც იგი ცხოვრობს, საფუძვლიანი იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, მოცემული საკითხის შემდგომ ეტაპზე განხილვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნულ ეტაპზე, მოსარჩელის ოჯახისათვის კომპენსაციის გაცემაზე უარი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ხოლო მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამასთან, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი, ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად, ვ. შ-ის სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის გამო, ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, იგი შეესაბამებოდა მის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სარჩელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით ვ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მეუღლესთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა ...ის რაიონის სოფ. ...ში, ისინი ამუშავებდნენ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, მოჰყავდათ ოჯახისთვის საჭირო სოფლის მეურნეობის პროდუქტები. კასატორის მითითებით, მოსავლის აღების შემდგომ, დიდთოვლობისა და მეუღლის ხშირი ავადმყოფობის გამო ისინი გამოსაზამთრებლად მიდიოდნენ ...ში.

კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ მართალია, იგი არის ბ. შ-ის მეუღლე და მისი პირველი რიგის მემკვიდრე, თუმცა როგორც ეკომიგრანტი ასეთად ითვლებოდა მხოლოდ ბ. შ-ე და თავად (ვ. შ-ე) კი ვერ ჩაითვლება ეკომიგრანტად, ვინაიდან მის სახელზე ირიცხება 19 კვ.მ საცხოვრებელი ბინა. კასატორი მიუთითებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანებაზე და აღნიშნავს, რომ მათი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ზვავებისა და მიწის დაცობების შედეგად გამოუსადეგარი გახდა, რასთან მიმართებითაც საქმეში წარმოდგენილია გეოლოგიური დასკვნაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. შ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით ვ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ. შ-ის მეუღლემ - ბ. შ-ემ 2015 წლის 1 აპრილს დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, 2016 წლის 13 იანვრის წერილობითი მიმართვით ბ. შ-ეს აცნობა, რომ მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმებისა და პროცედურების შესაბამისად მოახდინა „დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე“ ბ. შ-ის განაცხადის შეფასება და მის ოჯახს მიენიჭა 14 ქულა. ამავე წერილით ბ. შ-ეს განემარტა, რომ დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ოჯახების დაკმაყოფილებაზე, რომელთა განაცხადებსაც კრიტერიუმების შესაბამისად მიენიჭათ 18 და მაღალი სარეიტინგო ქულა. ამასთან, ბ. შ-ეს ეცნობა, რომ მომავალში, როდესაც კომისიის მიერ მოხდებოდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა (მათ შორის მისი ოჯახის) და მიღებული იქნებოდა 14-ქულიანი ოჯახების დაკმაყფილების შესახებ გადაწყვეტილება, მიეცემოდა შესაძლებლობა, მისთვის სასურველ მუნიციპალიტეტში მოეძიებინა ექსპლუატაციისთვის ვარგისი საცხოვრებელი სახლი, რომლის შესყიდვასაც უზრუნველყოფდა სამინისტრო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2016 წლის 13 მაისს მიმართა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს და გაუგზავნა აჭარის ა/რ ტერიტორიაზე რეგისტრირებული იმ მაღალქულიანი 70 ოჯახის სია, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში“.

საქმის მასალებში წარმოდგენილია ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 ივნისის სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, „როგორც ეკომიგრანტთა მონაცემთა ბაზაში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ატვირთული მასალით ირკვევა, აღნიშნულმა უწყებამ 2016 წლის 7 ნოემბერს მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მიაწოდა გარკვეული ოჯახების სია, რომლებზეც ითხოვდა შუამდგომლობის აღძვრას ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მიზნით. შუახევის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 15 ნოემბრის წერილით ირკვევა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ოჯახს, მათ შორის, ბ. შ-ის ოჯახს მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ გაუწია შუამდგომლობა პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა ბ. შ-ის ოჯახისთვის დახმარების გაწევა.“

აჭარის ა/რ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 15 ნოემბრის #07/14891 წერილით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მისივე 07.11.2016წ. წერილის პასუხად გაეგზავნა იმ ეკომიგრანტთა სია, რომლებსაც უარი ეთქვათ შუამდგომლობის აღძვრაზე ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის თაობაზე. მათ შორისაა ბ. შ-ე, რომლის გასწვრივაც მითითებულია - „გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი“. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ მათ ვერ წარმოადგინეს გამგეობაში სრულყოფილი დოკუმენტაცია, რის გამოც შუამდგომლობა ვერ აღიძრა.

დადგენილია, რომ ბ. შ-ე გარდაიცვალა 2017 წლის 3 აპრილს. მოსარჩელე ვ. შ-ე არის ბ. შ-ის მეუღლე და მისი პირველი რიგის მემკვიდრე. ვ. შ-ის განმარტებით, მან წარმომადგენლის მეშვეობით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა ოჯახის კომპენსაციით დაკმაყოფილება ან იმ გარემოების განმარტება, რატომ არ უნაზღაურებდნენ ზარალს, რაზეც სამინისტროს პასუხი არ გაუცია.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსთვის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტების) განსახლების მიზნით, ვ. შ-ის სასარგებლოდ 20 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანების დანართი #1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი იძლევა ეკომიგრანტი ოჯახის განმარტებას, რომლის თანახმად, ეს არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის დანართი #1-ის მე-3 მუხლი ითვალისწინებს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

ამავე ბრძანების დანართი #1-ის 2.2 მუხლის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი/სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის შესაბამისად. ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე განაცხადს ავსებს დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომელი. 2.11 მუხლის თანახმად, დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის დანართი #1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე ვ. შ-ეს საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ბინა ქ. ...ში, ... ქ.#...-ში, სადაც იგი ცხოვრობს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული გარემოება აღნიშნულ ეტაპზე, მოსარჩელის ოჯახისათვის კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი