საქმე №ბს-1386(კ-19) 25 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 13 თებერვალს მ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 08 ნოემბრის №2198 ბრძანების ბათილად ცნობის და მ. გ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის №2198 ბრძანების საფუძველზე, მას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელის განმარტებით, იგი არის უსახლკარო, და ოჯახთან ერთად ცხოვრობს დროებით ბინაში, რომელიც გასხვისებულია და ნებისმიერ დროს შესაძლებელია დარჩეს ღია ცის ქვეშ. მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოცილაური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 08 ნოემბრის №2198 ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მ. გ-ის საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისთვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. აღნიშნული კრიტერიუმები დამტკიცებულ იქნა ამავე ბრძანებით დანართი №4 და დანართი №5-ის სახით. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდებოდა, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მ. გ-მა შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, ზემოაღნიშნული წესის საფუძველზე, სამინისტრომ მ. გ-ის დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 9 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში - 2.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ - 3 ქულა, ომის ვეტერანი/ვეტერანები მარჩენალდაკარგული - 1.5 ქულა.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მ. გ-ს საკუთრებაში არ გააჩნდა უძრავი ქონება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მ. გ-ისთვის დევნილი ოჯახის გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ მ. გ-ი, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ძმის საკუთრებაში არსებულ ბინაში, რომელიც გასხვისებულ იქნა ნ. კ-ეზე გარიგების ნამდვილი არსის დაფარვის გამო, არ წარმოადგენდა მისთვის იმ მომენტისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე იყო თავშესაფარის არმქონე, რომელიც საჭიროებდა განსახლებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოცილაური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ მ. გ-ი, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ძმის საკუთრებაში არსებულ ბინაში, რომელიც გასხვისებულ იქნა ნ. კ-ეზე გარიგების ნამდვილი არსის დაფარვის გამო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე იყო თავშესაფრის არმქონე, ხოლო საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა თვალთმაქცურ გარიგების ფაქტის არსებობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომლემაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად და აღნიშნავს, რომ არ მომხდარა საქმეში არსებული გარემობებისა და მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევა, ასევე განჩინებაში სათანადოდ არ იქნა ნამსჯელი და შეფასებული სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულების 2.1.11 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილებს, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე, ასევე, ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსაწავლელი კომისიის მიერ მოსარჩელის განაცხადი შეფასდა 9 ქულით, თუმცა მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების თანამშრომლების მიერ (დაზუსტების ჯგუფი) მონიტორინგის შედეგად მოკვლეული მასალები. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, დევნილთა ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, შეისწავლა მ. გ-ის საკითხთან დაკავშირებით მოკვლეული ინფორმაცია (მასალები) და მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახი ამ ეტაპზე არ საჭიროებდა აუცილებელ განსახლებას. კასატორი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მ. გ-ის ოჯახის დროებითი საცხოვრებელი ფართის (ძმის საკუთრების) გასხვისება წარმოადგენდა მიზანმიმართულ, თვალთმაქცურ და მოჩვენებითი ხასიათის ქმედებას, რომელიც ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს, მოსარჩელეს საკუთარი ოჯახი წარმოეჩინა მძიმე პირობებში მცხოვრებ და საცხოვრებელი ფართის არმქონედ პირად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მ. გ-ისთ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოცემული აქტის კანონიერების შეფასება და მოპასუხისათვის მ. გ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, მ. გ-ი და მისი ოჯახი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და დევნილად რეგისტრირებული არიან მისამართზე: ქ. თბილისი, ...ი ... მ/რ კორ. ... დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული განაცხადის საფუძველზე, მ. გ-ის დევნილ ოჯახს სამინისტრომ მიანიჭა წინასწარი შეფასებით 9 ქულა. მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2017 წლის 11 ივლისს გამოცხადნენ ...ის რაიონის, სოფელ ...ში, სადაც ადგილზე დახვდათ მხოლოდ განმცხადებლის მამა ვ. გ-ი, რომელმაც განმარტა რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე მოსარჩელე (ოჯახთან ერთად) აღარ ცხოვრობდა დაახლოებით 2003 წლიდან. განმცხადებლის მამის განმარტებით, მ. გ-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ...ში, ...ის ...თან ..., მისივე ძმის - მ. გ-ის ბინაში. საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2017 წლის 18 ივლისს მ. გ-ის მონიტორინგის მიზნით გამოცხადდნენ ქ....ში, ...ზე (ქ...., ...ა, მე-...კვარტალი, ... კორპუსი ბ-...), სადაც არავინ დახვდათ. მ. გ-ის განმარტებით მეუღლე ლ. ლ-ე შვილებთან ერთად იმყოფებოდა სოფელში, ...ის რაიონში, ხოლო თავად იმყოფებოდა ...ში. 2017 წლის 24 ივლისს მონიტორინგის ჯგუფი ისევ გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე, სადაც განმცხადებელი არ იმყოფებოდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 08 ნოემბრის №2198 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების (ოქმი №73) საფუძველზე, ქ. ...ში, ახლადაშენებულ კორპუსში (...ის ქ. №..., ...ის ქ. №..., ი...ს ქ. №...) მ. გ-ის ოჯახს გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის საჭიროების არ არსებობის გამო ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა“ განიმარტება, როგორც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახამად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების კონტიგენტის განსაზღვრის შემდეგ, სამინისტრო, მისი ტერიტორიულ ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობით, ახდენს კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და კერძო სექტორში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დაგეგმილი ღონისძიებებისა და გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: შესაძლებლობისა და საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დევნილებისაგან; ასევე, მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მოსარჩელის ოჯახის განაცხადი შეფასდა 9 ქულით, თუმცა, მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მონიტორინგის შედეგად მოკვლეული სხვა გარემოებები, კერძოდ, განცხადებელი ოჯახის ახლო ნათესავის (მ. გ-ის ძმა) საკუთრებაში არსებულ კეთილმოწყობილ ბინაში ცხოვრებისა და შემდგომ აღნიშნული ბინის შესაძლოა თვალთმაქცურად/მოჩვენებითად გასხვისების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად, მოსარჩელის ან სხვა რომელიმე მასთან დაკავშირებული პირის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მონიტორინგის ჯგუფის შედეგებს და აღნიშნული შედეგების საფუძველზე კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი შეფასებების გაკეთება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს, არც წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში და არც ქვედა ინსტანციებში წარდგენილ შესაგებელსა თუ სააპელაციო საჩივარში, მ. გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზად არ განუხილავს განაცხადების შეფასების შედეგად სამინისტროს მიერ მინიჭებული ქულები, როგორც, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფისათვის პრიორიტეტულობის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. იგი სადავოდ ხდიდა, მ. გ-ის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის საჭიროების არ არსებობის ფაქტს, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად გამოირიცხა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე