Facebook Twitter

№ბს-1363(3კ-19) 18 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ხ-ის, ლ. პ-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 11 სექტემბერს ლ. ხ-ემ და ლ. პ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1413-14) აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №1 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის სამსახურში დაუყოვნებლივ ტოლფას პოზიციაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვეს.

მოსარჩელეთა მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის (საქმე №3ბ/1413-14) გადაწყვეტილებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ხ-ის და ლ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის ბრძანებები ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ამასთან, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის №3 სხდომის ოქმი ლ. ხ-ის და ლ. პ-ის ნაწილში და დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სარჩელში ასევე აღნიშული იყო, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1413-14) აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №1 სხდომის ოქმით დგინდებოდა, რომ კომისიამ დეტალურად განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 დეკემბრის №972 ბრძანებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტატო კომისიის სპეციალიზებული კომისიის შემადგენლობის უფლებამოსილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის №3 სხდომის ოქმი, რის შემდგომაც კომისიამ დაადგინა, რომ არ არსებობდა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მომსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტატო კომისიის სპეციალიზებული კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 დეკემბრის №972 ბრძანებით შექმნილი სპეციალიზებული კომისიის წევრების უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული ბრძანებით შეიქმნა სპეციალიზებული კომისია, რომლის შემადგენლობაშიც 2013 წლის 11 დეკემბრის №976 ბრძანებით შევიდა ცვლილება. კომისიამ ასევე იმსჯელა 2013 წლის 20 დეკემბრის სპეციალიზებული კომისიის №3 სხდომის ოქმზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ სპეციალიზებული კომისიის წევრებმა გაანალიზეს და შეაფასეს გასაუბრების ეტაპზე კანდიდატების მიერ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარი, მათი მიზანსწრაფულობა, მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი. კომისიამ დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონკურსის პრინციპები, პროცედურები და ფორმა, ხოლო სპეციალიზებული კომისიის წევრების მიერ ლ. ხ-ის და ლ. პ-ის შეფასება, კონკურსანტების მიერ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარის, მათი მიზანსწრაფულობის, მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ხარისხის მიხედვით, განეკუთვნება სპეციალიზებული კომისიის წევრების დისკრეციის სფეროს. შესაბამისად კომისიამ ღია კენჭისყრით, ერთხმად მხარი არ დაუჭირა ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის კანდიდატურებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ...ა ...ის ...ოს ...ი ...ის (ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობაზე დანიშვნას.

მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ მოცემული ოქმი არ იყო დასაბუთებული, არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდნენ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. კონკურსი ჩატარებული იყო სუბიექტური შეხედულებების საფუძველზე, არაობიექტურად, უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭებით. გადაწყვეტილება არ შეიცავდა მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ და რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა კანდიდატებისთვის უპირატესობის მინიჭება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის და ლ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №1 სხდომის ოქმი და მოპასუხეს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია და არ გაუთვალისწინებია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები. კერძოდ, მოპასუხე მხარემ სადავო აქტში მიუთითა, რომ არ დარღვეულა კონკურსის პრინციპები, პროცედურები და ფორმა, ხოლო სპეციალიზებული კომისიის წევრების მიერ ლ. ხ-ის და ლ. პ-ის შეფასება, კონკურსანტების მიერ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარის, მათი მიზანსწრაფულობის, მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ხარისხის მიხედვით, განეკუთვნება სპეციალიზებული კომისიის წევრების დისკრეციის სფეროს. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1413-14) აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №1 სხდომის ოქმი მიღებული იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალურად შესრულების მიზნით, რადგან სადავო აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები, კერძოდ სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებული მითითებები, რაც არ შესრულებულა და საკითხი კვლავ არ არის გადაწყვეტილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც ლ. ხ-ემ და ლ. პ-მა, ისე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეიცვალა უფლებამონაცვლით - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი, დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ლ. ხ-ემ და ლ. პ-მა, ისე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

კასატორები - ლ. ხ-ე და ლ. პ-ი მოითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას - სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას ახალი გადაწყვეტილების მიღებით. კერძოდ, კასატორებმა მიუთითეს „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მულის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. კასატორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, შესაბამისად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით (29/01/2015) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებები ლ. ხვედელიძისა და ლ. პაპუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივ თანამდებობებზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კასატორმა - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო აქტი, რომ არ გამოუკვლევია და არ გაუთვალისწინებია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მხრიდან სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკითხს. ამასთან, თვლის, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ დეტალურად განიხილა და გამოიკვლია მოსარჩელეების მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრისა და 2020 წლის 13 იანვრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ხ-ის, ლ. პ-ის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის, ლ. პ-ის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

კასატორი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თვლის, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ დეტალურად გაითვალისწინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დავალება. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო მიუთითებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, სადაც საუბარია, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-სატესტაციო კომისიის მხრიდან საკონკურსო პირობების დაუდგენლობაზე, გადაწყვეტილებისთვის საჭირო მოტივაციის არქონაზე - თუ რატომ და რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა, რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი თითოეული იმ კანდიდატისთვის, რომელმაც გადალახა კონკურსის ბოლო ეტაპი და ასევე, იმათთვის რომლებმაც ვერ გადალახეს. განსახილველ საქმეზე დავის დაწყება სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მოთხოვნათა შესრულებას უკავშირდება. ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა უზრუნველეყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელეების მიმართ, რაც გულისხმობდა ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის, როგორც კონკურსში მონაწილე კანდიდატების შეფასების დასაბუთებას ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე მითითებით. კანდიდატების აურჩევლობის შემთხვევაში კი, მათთვის გასაგები უნდა ყოფილიყო უარის და სხვა კანდიდატთა გამარჯვებულად გამოცხადების მოტივაცია.

ამასთან, რაც შეეხება ზემოაღნიშნული მოთხოვნათა შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, აღნიშნული განხორციელდა შემდეგნაირად: ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტში მიუთითა, რომ არ დარღვეულა კონკურსის პრინციპები, პროცედურები და ფორმა, ხოლო სპეციალიზებული კომისიის წევრების მიერ ლ. ხ-ის და ლ. პ-ის შეფასება, კონკურსანტების მიერ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარის, მათი მიზანსწრაფულობის, მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ხარისხის მიხედვით, განეკუთვნებოდა სპეციალიზებული კომისიის წევრების დისკრეციის სფეროს.

აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ ყოფილა გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები დეტალურად, კერძოდ, საამართლომ მიუთითა დასაბუთების ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე მსჯელობაზე, სანაცვლოდ კი, ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადად, სპეციალიზებული კომისიის წევრების დისკრეციის სფეროზე მიანიშნა, რაც ერთმნიშვნელოვნად არასაკმარისია სასამართლოს მიერ დასახელებულ მოთხოვნათა შესასრულებლად.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების - ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის მოსაზრებას სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე. მართალია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი ლ. ხ-ის და ლ. პ-ის დაკავებულ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად - საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას; როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება, ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება მას შემდეგ წარმოშობოს სამართლებრივ შედეგებს - სამსახურში აღდგენისა და შესაბამისი განაცდურის ანაზღაურების კუთხით („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი), როდესაც სადავო აქტები არსებითად გაბათილდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ხ-ის, ლ. პ-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე