Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 100-აპ 21 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. გვენეტაძე,

თ. ლალიაშვილი

განიხილა მარნეულის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ ს. ფ-სა და მსჯავრდებულ ზ. კ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 ნოემბრის განაჩენი მის მიმართ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 ნოემბრის განაჩენით ზ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

განაჩენით ზ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოიხატა შემდეგში:

ზ. კ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ძიებით დაუდგენელი პირისაგან პირადი მოხმარებისათვის, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით _ 0,332 გრამი, ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელიც მოთავსებული იყო სიგარეტის ვერცხლისფერ ფურცელში და გახვეული _ პოლიეთილენის პარკში. 2004წ. 12 მაისს, დაახლოებით 17 საათსა და 40 წუთზე, ქ. მარნეულში დააკავეს ზ. კ.. მას პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა შარვლის მარჯვენა, წინა ჯიბეში შენახული ნარკოტიკული საშუალება _ 0,332 გრამი “ჰეროინი”.

მარნეულის რაიონული პროკურორის თანაშემწე ს. ფცქიალაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას.

მსჯავრდებული ზ. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვა სასჯელის შემსუბუქებას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა პ. მ-მ მოხსნა პროკურორ ს. ფ-ს საკასაციო საჩივარი. მან დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

მსჯავრდებულმა ზ. კ-მა იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და სასჯელის შემსუბუქება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ ზ. კ-ს სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია ზ. კ-ს ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში, რასაც არც საკასაციო საჩივარი უარყოფს.

ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული ზ. კ. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს მოხუცი მშობლები, რომელთა ერთადერთი მარჩენალი თვითონაა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა (იგი არის ავად, ციხეში ჩაუტარდა ოპერაცია), სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ზ. კ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, სსკ-ის 55-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს:

მსჯავრდებულ ზ. კ-ს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.