საქმე Nბს- 1006(კს-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი - უფლებამონაცვლეობის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 02 ივლისი განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-მა 2017 წლის 07 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 09 მარტის N104-კ ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - 2017 წლის 09 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის თანამდებობრივი სარგოს - თვეში 1 600 ლარის ანაზღაურებს დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 09 მარტის N104-კ ბრძანება; მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ნ. მ-ის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და ნ. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 02 ივლისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმის წარმოების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განისაზღვრა საქართველოს სამინისტროები: ა) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის; ბ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის; გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; დ) თავდაცვის; ე) იუსტიციის; ვ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; ზ) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; თ) საგარეო საქმეთა; ი) ფინანსთა და კ) შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმის წარმოების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით) გადაეცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის N385 დადგენილების 2.1 მუხლის თანახმად, სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: რეგიონული განვითარებისა და მმარველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ან/და დეკონცენტრაციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა, ურბანული განვითარება და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით.
სააპელაციო პალატის მითითებით ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში ნ. მ-ის სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ უნდა დადგინდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 02 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, მხოლოდ, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით გადაეცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მხოლოდ აღნიშნული მიმართულებით ჩაითვალა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება აგრეთვე აისახა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულებაში, კერძოდ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ნოემბრის №529 დადგენილებით, სამინისტროს დებულების 2.2 მუხლში მითითებულ სამინისტროს საქმიანობის სფეროებს დაემატა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამასთან, დებულების 2.2 მუხლს დაემატა „ქ2“ ქვეპუნქტი, რომელის მიხედვითაც სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება იქნა შეტანილი სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებაშიც და დადგინდა, რომ ფონდის ერთ-ერთის ფუნქცია და საქმიანობის საგანი არის დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით.
მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნვს, რომ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფუნქციას სამინისტრო ახორციელებს არა უშუალოდ თვითონ, არამედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არ არსებობს ის დეპარტამენტი, სადაც მოსარჩელე მუშაობდა. ამასთან, არც სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდში შექმნილა ახალი სტრუქტურული ერთეული. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფუნქციას ფონდი ახორციელებს არსებული რესურსით.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, საქართველოს ინფრასტუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში არ არსებობს სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციაა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და კონკრეტულად ის ფუნქციები, რომელსაც ახორციელებდა მოსარჩელე - ნ. მ-ი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. შესაბამისად, სამინისტრო ვერ იმსჯელებს ნ. მ-ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების ჯეროვან შესრულებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 92-ე მუხლით. ზემოაღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია დაადგინოს საქმის საპროცესო უფლებამონაცვლეობა. კერძოდ, სადავო ან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, ასევე ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის კუთხით, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც. ამდეანდ, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, უნდა გაირკვეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დადგენის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 09 მარტის N104-კ ბრძანებით ნ. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან. სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების 6.4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვდანაყოფი იყო განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 03 თებერვლის N383 ბრძანებით დამტკიცებული იყო სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება, რომლის თანახმად, დეპარტამენტის ამოცანებსა და უფლებამოსილებებს წარმოადგენდა დევნილთა განსახლების ობიექტებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით. კომპეტენციის ფარგლებში, სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებში მიმდინარე სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლი და ანალიზი. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებლად წარმოების მიზნით, მათი მიმდინარეობისას წამოჭრილ, გაუთვალისწინებელ საკითხებზე ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის სამმართველოს დროული ინფორმირება შესაბამის პროექტში იმგვარი ცვლილებების განსახორციელებლად, რომელიც არ გამოიწვევს შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების ცვლილებას; სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას განხორციელებული ფარული სამუშაოების სრულფასოვანი კონტროლი. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესაბამისი შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დასრულების მიზნით, კალენდარული გრაფიკების პერიოდული კონტროლი და შესაბამისი წინადადებების წარდგენა შემდგომი რეაგირებისთვის. სარეაბილიტაციოდ გადმოცემული ან შესაძლო რეაბილიტაციას დაქვემდებარებული ობიექტების პირველადი მოკვლევის სამუშაოების ჩატარება, ტექნიკური თვალსაზრისით რეაბილიტაციის განხორციელების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით. დევნილთა განცხადებებზე რეაგირების მიზნით, მათი განსახლების ობიექტების არსებული ტექნიკური პირობებისა და მდგომარეობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მითითებით) განსახორციელებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ინფორმაციის წარდგენა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ისეთი სახის სამუშაოებზე, რომლებიც არ საჭიროებს პროექტის მუშა ნახაზების დამუშავებას და შესაძლებელია განხორციელდეს აზომვითი სამუშაოების საფუძველზე შედგენილი შესაბამისი აქტის მიხედვით. ცალკეულ ობიექტებზე მასალების მომზადება, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენაზე კონკურსების გამოცხადების მიზნით. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენაზე გამოცხადებულ კონკურსებზე წარმოდგენილი წინადადებების განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში გამარჯვებულის გამოსავლენად სატენდერო კომისიაზე წარდგენის მიზნით; წინადადებების წარდგენა სატენდერო კომისიისათვის საკვალიფიკაციო და ტექნიკური მოთხოვნების თაობაზე, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადების მიზნით და წერილების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის უფროსიც იყო მოსარჩელე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 03 თებერვლის N383 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების თანახმად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის სამმართველოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანებსა და უფლებამოსილებებს წარმოადგენდა: საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ისეთი სახის სამუშაოებზე, რომლებიც არ საჭიროებს პროექტის მუშა ნახაზების დამუშავებას და შესაძლებელია განხორციელდეს აზომვითი სამუშაოების საფუძველზე შედგენილი შესაბამისი აქტის მიხედვით; ცალკეულ ობიექტებზე მასალების მომზადება, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენაზე კონკურსების გამოცხადების მიზნით; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენაზე გამოცხადებულ კონკურსებზე წარმოდგენილი წინადადებების განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში გამარჯვებულის გამოსავლენად სატენდერო კომისიაზე წარდგენის მიზნით; წინადადებების წარდგენა სატენდერო კომისიისათვის საკვალიფიკაციო და ტექნიკური მოთხოვნების თაობაზე, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადების მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ნ. მ-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხები. აღნიშნული უფლებამოსილება, „„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 05 ივლისის კანონის 2.4 მუხლის თანახმად, გადაეცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით, ჩაითვალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თუმცა აღნიშნულ უფლებამოსილებას იგი ახორციელებს არა უშუალოდ თვითონ და საკუთარი რესურსებით, არამედ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით („საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილების 2.2 მუხლის „ქ2“ ქვეპუნქტი). „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ კანონის 2.1 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. ამასთან, მითითებული კანონის 3.1 მუხლის შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის N558 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულების“ 3.1 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, ფონდის საქმიანობის საგანი და ერთ-ერთი ფუნქცია სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაა. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს სსიპ საქართველოს მუნიციპალური ფონდის მეშვეობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 02 ივლისი განჩინება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნეს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 02 ივლისის განჩინება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნეს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე