საქმე Nბს- 1079(კს-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ ...“(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 19 ივლისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „ ...ის “ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის - 2015 წლის 02 თებერვლიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე - 8 360 (რვა ათას სამას სამოცი) ლარის, 2016 წლისათვის - 9 240 (ცხრა ათას ორას ორმოცი) ლარის; 2017 წლისათვის 9 840 (ცხრა ათას რვაას ორმოცი) ლარისა და 2018 წლის იანვრიდან ფართის გამოთავისუფლებამდე თვეში 800 (რვაასი) ლარის ანაზრაურების დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2015 წლის 02 თებერვლიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე - 8 360 (რვა ათას სამას სამოცი) ლარის, 2016 წლისათვის - 9 240 (ცხრა ათას ორას ორმოცი) ლარის; 2017 წლისათვის 9 840 (ცხრა ათას რვაას ორმოცი) ლარისა და 2018 წლის იანვრიდან ფართის გამოთავისუფლებამდე თვეში 800 (რვაასი) ლარის ოდენობით საფასურის გადახდა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 აგვისტოს განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 372-ე 373-ე და 374-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 05 აპრილის განჩინებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა თავდაპირველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის, ხოლო შემდგომ 2019 წლის 13 ივნისის განჩინებებით. სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებებით აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინების ასლი, რომლითაც აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა კიდევ 10 (ათი) დღით, განჩინების ასლის ჩაბარებიდან, კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა შპს „ ...ის “ წარმომადგენელს, ადვოკატ მ. გ-ეს, 2019 წლის 04 ივლისს. ამდენად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 04 ივლისის მომდევნო დღიდან (05 ივლისიდან) და ამოიწურა - 2019 წლის 15 ივლისს, 24:00 საათზე. 2019 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით, აპელანტს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ან აღმოუფხვრელობის მიზეზების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს, რაც პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ უნივერსიტეტში მიმდინარეობდა მილევადი პროცესი ანუ არ წარმოებდა ახალი სტუდენტების მიღება, რის გამოც უნივერსიტეტი იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო სასამართლო. სააპელაციო პალატას წარედგინა შპს „...ის“ საბანკო ამონაწერები, რომლებიც ადასტურებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 48-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მართლზომიერებას. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და ზღუდავს კერძო საჩივრის ავტორის კონსტიტუციურ უფლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მსალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2019 წლის 05 აპრილის განჩინებით, შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს - სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის - 1 097,6 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. 2019 წლის 22 აპრილს შპს „...მა“ იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის 20 დღით გაგრძელების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით. 2019 წლის 03 ივნისს აპელანტმა კვლავ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, იშუამდგომლა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამდასტურებლად, განცხადებას თან ერთვოდა შპს „...ის“ საბანკო ამონაწერი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შპს „...ს“ ხარვეზის შევსების საპროცესო გაუგრძელდა 10 დღით. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
აპელანტის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომლითაც იგი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა - ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. კონკრეტულ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ აპელატის მიერ არ იყო წარდგენილი გადახდისუუნარობის უტყუარი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს საკმარის საფუძველს მისცემდა ემსჯელა მხარის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. პალატის მოსაზრებით, აპელანტის მიერ წარდგენილი შპს „...ის“ საბანკო ამონაწერი არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 აგვისტოს განჩინება შპს „...ის“ წარმომადგენელს - მ. გ-ეს ჩაჰბარდა 2019 წლის 4 ივლისს, კანონით დადგენილი წესით, რაც დასტურდება გზავნილზე მითითებული პირის ხელმოწერით (ს.ფ. 272).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება შპს „...ის“ წარმომადგენელს - მ. გ-ეს ჩაჰბარდა 2019 წლის 4 ივლისს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 5 ივლისიდან და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 - დღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 14 ივლისს (კვირა) 24:00 საათზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.2 მუხლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 დღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 15 ივლისს (ორშაბათი)24:00 საათზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აპელანტმა - შპს „...მა“ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი და არც ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნულ გარემოებას სადავოდ არ ხდის თავად კერძო საჩივრის ავტორი.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უკანონობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლები ითვალისწინებს მხარეებისათვის შეღავათის გაწევას სახელმწიფო ბაჟის გადახდისას, თუმცა სავალდებულო პირობაა, რომ მხარემ უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტუროს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, შპს „...მა“ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერი, რაც უტყუარად არ ადასტურებს მის გადახდისუუნარობას. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს მხარის რეალური ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებას. მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა უნდა დადასტურდეს უტყუარი მტკიცებულებებით: შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან, ფინანასური ინსტიტუტებიდან გაცემული ოფიციალური ინფორმაციით და სხვა. აპელანტს ამგვარი მტკიცებულებები არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოსათვის. ამდენად, ადგილი არ აქვს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ შპს „...ს“ ხარვეზი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოუთხოვია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხლველად მართებულად იქნა დატოვებული. ამდენად შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 აგვისტოს განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე