Facebook Twitter

№ბს-5(კს-20) 8 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 3 აპრილს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №02/90 დადგენილების და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 მარტის №04/272 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა". აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების ასლი შპს „...ს“ სარჩელში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი,... გამზ. N...) გაეგზავნა და ჩაბარდა - 2019 წლის 26 სექტემბერს. გზავნილი ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თ. ფ-მა (პ/ნ ...). ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა შპს „...ს“ ამოეწურა - 2019 წლის 10 ოქტომბერს 24:00 საათზე, ხოლო საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი შედგენილი იყო 2019 წლის 11 ოქტომბერს (სწორედ აღნიშნული თარიღი იყო მითითებული დოკუმენტზე) და სააპელაციო საჩივარი თანდართული დოკუმენტებით ფოსტას - შპს „...ს“ იმავე დღეს - 2019 წლის 11 ოქტომბერს ჩაბარდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...ის“ მხრიდან ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევით - 2019 წლის 11 ოქტომბერს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“.

კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელეს ჩაბარდა 2019 წლის 26 ივნისს და ჩაიბარა მოსარჩელის წარმომადგენელმა თ. ფ-მა, ვინაიდან, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს გზავნილის ჩაბარების ფაქტს მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა, მისი განმარტებით ვინაიდან აღნიშნულ მისამართზე ოპერირებს რამდენიმე ორგანიზაცია, აღნიშნული გზავნილი ჩაბარებულ იქნა მათთვის გადასაცემად, რაც გადაეცათ 2019 წლის 27 სექტემბერს, შესაბამისად, მათი მხრიდან ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 27 სექტემბრიდან და სააპელაციო საჩივრის გაგზავნაც მოხდა მე-14 დღეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, გაეგზავნათ და ჩაბარდათ გადაწყვეტილება, ხოლო შპს ,,...ის“ მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა გადაწყვეტილების გასაჩივრების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი ერთის მხრივ სადავოდ ხდის წარმომადგენლობის უფლებამოსილების საკითხს იმ პირისა, ვინც ჩაიბარა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ხოლო მეორეს მხრივ, არ უარყოფს გადაწყვეტილების ჩაბარების (მათთვის გადაცემის) ფაქტს - 2019 წლის 27 სექტემბერს, ნაცვლად გზავნილის უკუგზავნილზე მითითებული 2019 წლის 26 სექტემბრისა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (განჩინებით) ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (განჩინება) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს „...ს" ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი ... გამზ. ..., ... სართული და ჩაბარდა თ. ფ-ს, როგორც უკუგზავნილის კომენტარშია მითითებული ორგანიზაციის წარმომადგენელს - კომენტარი (მიმღებში), ამასთან, ამავე უკუგზავნილზე დაფიქსირებულია მიმღები პირის ხელმოწერა, რაც ადასტურებს მის მიერ გზავნილის ჩაბარების და ჩაბარებაზე უფლებამოსილების დადასტურების ფაქტს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თ. ფ-ის მიერ გზავნილის ჩაბარებისა და მათთვის გადაცემის ფაქტს არც კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს, თუმცა გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყებას გზავნილის უშუალოდ (მათთვის) გადაცემის ფაქტს უკავშირებს და მიუთითებს თ. ფ-ის არაუფლებამოსილებაზე (გზავნილის ჩაბარების კუთხით).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის №ბს-1122(კს-18) განჩინებით განიმარტა, რომ „იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონისა და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის; ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება". ამავე საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი 14 დღიანი ვადა კანონით იმპერატიულად არის განსაზღვრული, იგი წარმოადგენს კანონისმიერ განსაზღვრულ შეუქცევად ვადას, შესაბამისად, იგი არ ექვემდებარება გაგრძელებასა და აღდგენას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაწესი დამოუკიდებელია ვადის დარღვევის მიზეზებისაგან, რაც გულისხმობს იმას, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით იმპერატიულად დადგენილი ვადის აღდგენა და გაგრძელება დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის, ვადის საპატიო მიზეზებით გაშვების დროსაც."

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გაშვების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს თ. ფ-ის (გზავნილის მიმღების) არაუფლებამოსილებაზე (გზავნილის ჩაბარების კუთხით), თუმცა აღსანიშნავია, რომ ფოსტის უკუგზავნილზე მითითებული კომენტარის თანახმად, აღნიშნული პიროვნება საქმიანობას ახორციელებს შესაბამისი შენობის (ქ. თბილისი, ... გამზ. ..., ... სართული) მიმღებში, რაც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ გზავნილის მიმღები ერთის მხრივ, უშუალოდ ადრესატი ორგანიზაციის გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს ან მეორეს მხრივ, შესაბამის შენობაში არსებული ორგანიზაციების დოკუმენტაციის/გზავნილების მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს წარმოადგენდა, ხოლო ამ გარემოების გამომრიცხველი/საწინააღმდეგო მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ წარმოდგენილა (შესაბამისი ორგანიზაციის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა, აღნიშნული მისაღების სხვა ორგანიზაციებზე მომსახურების და ადრესატ ორგანიზაციაზე მომსახურების გამორიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.). ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გზავნილის ჩამბარებელი პირის უფლებამოსილების საკითხი შპს „...ს" სააპელაციო საჩივარში სადავო არ გაუხდია.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ გზავნილი ჩაბარდა მისამართზე სწორად, მაგრამ გზავნილი მათ ორგანიზაციას გადაეცა გვიან, არ ცვლის გასაჩივრების ვადის დაწყებისა და დასრულების ათვლის დროს, ვინაიდან, საპროცესო კანონმდებლობა გასაჩივრების ვადის ათვლას ერთმნიშვნელოვნად უკავშირებს გზავნილის ჩაბარების და არა გზავნილის შემდგომ უშუალოდ ადრესატზე გადაცემის დროს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 61-ე, 63-ე, 70-78-ე, 369-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინება ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე